უკვე ორი თვეა, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამომოსვალა შეჩერებულია და შესაძლო აღდგენის შესახებ კრემლს განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 20 ივნისის „გავრილოვის ღამის" მოვლენებით გაღიზიანებული მოსკოვი დღემდე დუმილს ამჯობინებს. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთი ელოდება შემთხვევას თქვას, რომ ქართველების მიმართ ლოიალურ პოლიტიკას ატარებს და სწორედ ამის გამოხატულება იქნება ის „კეთილი ნება," რომელსაც ავიამიმოსვლის აღდგენით გამოიჩენს.
8 ივლისიდან ორ ქვეყანას შორის შეწყვეტილმა ავიამომისვლამ გარკვეული უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე იქონია, თუმცა ეს არ არის „დიდი ეკონომიკური ზიანი."
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ავიაფრენა მოსკოვის ინიციატივით შეწყდა და თბილისმა კრემლს აღდგენის თხოვნით არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიმართოს. მოსკოვმა კი ბოლოს ამ საკითხის შესახებ რამდენიმე კვირის წინ ისაუბრა, როდესაც თქვა, რომ საჰაერო ნავიგაციის მომსახურებისთვის ქართული ავია კომპანიების დავალიანება 1 მილიონი დოლარს შეადგენს.
„ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა რუსეთის ინიციატივით შეწყდა. ამ შემთხვევაში მოსკოვმა უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება და აღადგინოს საჰაერო ფრენა.
"პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთმა საკუთარი საჰაერო სივრცე ჩაკეტა ქართული კომპანიებისთვის და ნებას არ რთავს რუსულ კომპანიებს პირდაპირი საჰაერო ფრენა აწარმოონ საქართველოში. მსგავსი შემთხვევა პირველად 2006 წელს მოხდა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები რუსეთიდან გამოაძევეს და დაახლოებით ორი წლის განმავლობაში საჰაერო მიმოსვლა არ არსებობდა.
„რუსეთი უბრალოდ ცდილობს საქართველოსთან პოლიტიკური ვაჭრობა აწარმოოს, რომ დათმობების სანაცვლოდ, რუსეთი გადახედავს ინიციატივას საჰაერო ფრენებთან დაკავშირებით.
"დიდი ხანია რუსეთის მხრიდან არსებობს განცხადებები, რომ მოსკოვს შეუძლია გადახედოს და შეარბილოს საქართველოსთან მიმართებაში სავიზო რეჟიმი და ა.შ. ეს არის რუსეთის მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციის კიდევ ერთი მცდელობა. საქართველომ არანაირი თხოვნით არ უნდა მიმართოს რუსეთს, პირიქით, ვისაც ბოდიში აქვს მოსახდელი, ეს რუსეთია," - განაცხადა ჩიტაძემ.
რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ორ ქვეყანას შორის საჰაერო მომისვლა აღდგეს და ამ შემთხვევაში როდის არის შესაძლებელი ავიამიმოსვლის აღდგენა?
ანალიტიკოსი იმედოვნებს, რომ ეს შესაძლოა მომავალი ტურისტული სეზონის წინ მოხდეს, რითაც მოსკოვი ერთდროულად „ორ კურდღელს დაიჭერს."
„არ არის გამორიცხული, რუსეთმა მომავალი ტურისტული სეზონის წინ აღადგინოს ფრენები და განაცხადოს, რომ ეს მოსკოვის მხრიდან კეთილი ჟესტია. გვახსოვს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კრემლმა თითქოს კეთილი ნება გამოავლინა, თუმცა, რეალურად რბილ ძალას იყენებდა.
"მაგალითად, 2010 წელს რუსეთის ინიციატივით აღდგა ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის ფუნქციონირება, რომელიც 2006 წლიდან არ ფუნქციონირებდა. ასევე 2008 წლის ომამდე საჰაერო ფრენები აღდგა, ომის შემდეგ კი ისევ განახლდა. აქედან გამომდინარე, რუსეთი შეეცდება პოლიტიკური ვაჭრობა აწარმოოს საქართველოსთან.
„რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველო, როგორც ტურისტული ქვეყანა, პირველ ათეულში კვლავ შედის. ამიტომაც, კრემლმა შეიძლება ორი კურდღელი დაიჭიროს; განაცხადოს, რომ ეს ქართველი ხალხის მიმართ კეთილი ნებაა და ვხსნით რეისებს, ასევე საკუთარი მოქალაქეების ინტერესებიც გაითვალისწინოს," - აღნიშნა მან.
ნიკა ჩიტაძე ასევე აცხადებს, რომ ეკონომიკური კუთხით, ავიამომისვლის შეჩერებით საქართველოს დიდი ზარალი არ განუცდია.
„არამგონია ამით საქართველოს დიდი ეკონომიკური ზიანი მიადგეს; სხვადასხვა ტვირთების გაადადგილება საავტომობილო ტრანსპორტის მეშვეობით ხდება. ამ შემთხვევაში საქართველოს ზარალი უფრო მოსკოვის განცხადებებმა მიაყენა, რომ „ტურისტები არ ჩამოვლენ" და გარკვეულწილად ამან ლარის კურსზეც დოლართან მიმართებაში იმოქმედა.
„ეს შეამცირებს ტურისტების რაოდენობას, მაგრამ ვაჭრობის მოცულობაზე მნიშვნელოვნად არ აისახება. ეკონომიკას დიდ დარტყმას ვერ მიაყენებს. თუ რუსეთმა ჩაკეტა ბაზარი, ეს რადიკალურ ცვლილებას გამოიწვევს. საჰაერო ფრენა მგზავრების რაოდენობას შეამცირებს, თუმცა დიდ დარტყმას ქართულ ეკონომიკას არ მიაყენებს," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ცნობისათვის, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, რუსეთის პრეზიდეტნმა ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები აუკრძალა. ხოლო, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენები ეკრძალება. ორივე შეზღუდვა 8 ივლისიდან დღემდე მოქმედებს.