თემქაზე 62 წლის ქალის სიმა მირზოევას მკვლელობის ბრალდებით მისი მაზლი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 57 წლის მამაკაცი რძალს სახლში ესტუმრა, მასთან ერთად სავარაუდოდ, ყავა დალია, თუმცა შელაპარაკების შემდეგ მას თავის არეში ბლაგვი საგანი ჩაარტა. სახლიდან ძვრიფსაეულობა წაიღო და კვალის დაფარვის მიზნით ბინაში ხანძარი გააჩინა.
გარდაცვლილი ქალის ნათესავებისთვის მისი მაზლის დაკავება მოულოდნელი და წარმოუდგენელი ფაქტი აღმოჩნდა. გარდაცვლილი ქალის ნათესავები და მეზობლები „რეზონანსთან" ყვებიან, რომ ქალს მაზლთან არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია და ისინი ოჯახებით ერთმანეთთან კარგად იყვნენ. მაზლი სხვაგან ცოლ-შვილთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობდა, სადაც მისი დაკავებაც მოხდა.
თუმცა, მეზობლები მკვლელობის დღესვე აცხადებდნენ, რომ დანაშაული, სავარაუდოდ, ახლობელის ჩადენილი უნდა ყოფილიყო, რადგანაც, გარდაცვლილი საღამურით იყო და დამნაშავე სახლში ჰყავდა შეპატიჟებული. მაშინვეე გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა ანგარების მიზნით იყო ჩადენელი, რადგანაც სახლში ერთი თვის წინ ლომბარდიდან გამოტანილი ძვირფასეულობა ინახებოდა. მეზობლები ეჭვობენ, რომ მოკლულმა ქალმა ამის შესახებ რძალს უამბო და უთხრა, რომ დალომბარდებული ოქროული გამოიტანა.
გარდაცვლილის ბიძაშვილი ზაირა მირზოევა მკვლელობის დღეს იხსნებებს და ამბობს, რომ სიმას დილის 10 საათზე ურეკავდა და მან ტელეფონზე არ უპასუხა. ის ეჭვობს, რომ მკვლელობა სწორედ ამ დროს მოხდა. ერთი საათის შემდეგ კი გაიგო, რომ მისი ბიძაშვილი სახლში მოკლული იპოვეს.
მირზოევის განცხადებით, მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა ახლობელის ჩადენილი იყო, რადგანაც გარდაცვლილი ღამის პერანგით იპოვეს. თუ ახლობელი არ იყო, ის ასეთ ფორმაში კარს არავის გაუღებდა. თუმცა, ნათესავი ამბობს, რომ თუ ამის ჩამდენი მართლა სიმას მაზლია, ამის დაჯერება უჭირს. ამაზე გაფიქრებითაც ვერავინ წარმოიდგენდა. ბიძაშვილი ამბობს, რომ მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და არასდროს არანაირი კონფლიქტი არ ჰქონიათ.
მეზობლები „რეზონანსთან" საუბარში ყვებიან, რომ გარდაცვლილმა მაზლს კარი სავარაუდოდ, დილით გაუღო. სახლში შეიპატიჟა, ყავა მოუდუღა და სუფრაც გაუშალა. სწორედ ამ დროს როგორც ისინი ფიქრობენ, რძალ-მაზლს შორის შელაპარაკება მოხდა. მაზლმა მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, რის შედეგადაც ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.
„ძალიან ტკბილი და თბილი ქალი იყო. ერთი შვილი საზღვარგარეთ ჰყავს და მეორე ცალკე ცხოვრობს, როგორც ვიცით. ქმართან ერთად ცხოვრობდა. მისი მეუღლე მაკლერია. კარგი, წყნარი ოჯახია. დილით მეზობელმა კვამლი შენიშნა მისი სახლის ფანჯარაში. გამოვიძახეთ მაშველები და კარის შემტვრევის შემდეგ სახლში სიმა მოკლული ვნახეთ. მაშინვე ეჭვები გაჩნდა, რომ ვიღაც ახლობლის ჩადენილი უნდა ყოფილიყო. ღამის პერანგის ამარა იყო.
"ის ასეთ ფორმაში უცხოს კარს არ გაუღებდა. სახლში მაგიდაზე ყავა იყო დაალეული და სუფრა გაშლილი. მის მაზლზე არ ვიცი ახლაც გვიჭირს დაჯერება. ამას საერთოდ ვინ წარმოიდგენდა. კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ის კაცი ცალკე ოჯახთან ერთად ცხოვრობს. სავარუდოდ, რძალს უთხრა, რომ ოქროული ლომბარდიდან დაიხსნა და აი ამის შემდეგ ეს უბედურება დატრიალდა", - აცხადებს გარდაცვლილი ქალის მეზობელი „რეზონანსთან".
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ 57 წლის მკვლელობაში ბრალდებულმა მამაკაცმა ქალს ანგარების მოტივით, ურთიერთშელაპარაკების დროს, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს თბილისში, თემქაზე, თავის ძმის ცოლს - 1957 წელს დაბადებულ გ.პ.-ს, ანგარების მოტივით, ურთიერთშელაპარაკების დროს, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბინიდან წაღებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ასევე, მიმდინარეობს აღნიშნულ დანაშაულის სხვა შესაძლო დანაშაულებრივი გარემოებების დადგენა და ბრალის დაზუსტება.
ამ დროისთვის გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.