ფრაქცია „ქართული ოცნების „წევრი შოთა შალელაშვილი სადეპუტატო მანდატს ტოვებს. დეპუტატმა შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს დღეს დილით მიმართა.
დეპუტატის გადაწყვეტილების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შალელაშვილს ოფიციალური განმარტება ჯერ არ გაუკეთებია. იგი ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება.
შალელაშვილი ფრაქცია „მრეწველების“ წევრი იყო, რომელიც მან მიმდინარე წლის მარტში დატოვა და ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ გადავიდა.
მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრს შოთა შალელაშვილს არაერთი ხმაურიანი განცხადება აქვს გაკეთებული, მათ შორის პარლამენტში დაჯგუფებების არსებობის შესახებ. დეპუტატი აცხადებდა, რომ საკანონმდებლო ორგანოში გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად დაჯგუფება იღებდა და ამ დაჯგუფების წევრებად პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გუნდს ასახელებდა.
შოთა შალელაშვილი არც აღმასრულებელი ხელისუფლების კრიტიკას მორიდებია, მათ შორის იყო განცხადება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან დაკავშირებით, როდესაც მან სახალხო დამცველი გააკრიტიკა.
შოთა შალელაშვილი პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა. 60 წლის შალელაშვილს, რომელსაც ხშირად ოლიგარქად მოიხსენიებენ, განათლება მოსკოვში აქვს მიღებული. სხვადასხვა დროს იყო მრავალდარგობრივი კომპანია „სოფას“ გენერალური დირექტორი; „ინტერის“, „დაგრეგოს“, „ოპალლის“, „ტრანსსერვისის“, „სანტრეას“ და „სავინიონის“ დირექტორი.
შალელაშვილი საქართველოს პარლამენტის პირველი დეპუტატია, რომელიც საქართველოსთან ერთად ისრაელის მოქალაქეობასაც ფლობს.
პრაიმტაიმი