რეზონანსი
10.09.2019

 (რეზონანსი)საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი სოფო კილაძე mshoblebi.ge-თან ინტერვიუში გერმანიაში ცხოვრების დეტალებს იხსენებს.

„ბავშვობიდანვე ძალიან მიზანდასახული ვიყავი. ამაში ალბათ ზოდიაქოც მიწყობს ხელს, თხის რქა ვარ. ყოველთვის ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი მესწავლა, მეტი წიგნი წამეკითხა. სკოლაში ყველა საგანს კარგად ვსწავლობდი. ტექნიკური საგნებიც ძალიან მიყვარდა. ბევრს ვკითხულობდი. ნამდვილად მინდოდა და მომწონდა კარგად სწავლა, ცოდნის მიღება.

გერმანიაში პირველ რიგში სწორედ კარგი განათლების მისაღებად წავედი, მაგრამ ასევე მინდოდა საკუთარი ძალები მომესინჯა. ჩვეულებრივი ქუთაისური ოჯახიდან გახლავართ და აქ გამიჭირდებოდა დამოუკიდებლობის მიღწევა. დედა ჩემი წასვლის წინააღმდეგი იყო, ეშინოდა, რადგან 2002 წელს კომუნიკაციის საშუალებები ასე განვითარებული არ იყო, მამამ მხარი დამიჭირა. მე კი სერიოზული პრინციპულობა გამოვიჩინე და სკოლის დამთავრების შემდეგ მალევე წავედი გერმანიაში", - ამბობს სოფო კილაძე.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე გერმანიაში მუშაობა მომვლელად დაიწყო.

„ნამდვილად არ იყო ია-ვარდით მოფენილი გზა. თავიდან ძიძად წავედი, რადგან გერმანული არ ვიცოდი. მხოლოდ ინგლისურად და რუსულად ვსაუბრობდი. ერთი წელიწადი ოჯახში ვიმუშავე. 4 წლის ბავშვს ვუვლიდი და ამ ოჯახთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს. ბავშვები თავიდანვე მიყვარდა და ეს საქმე არც გამჭირვებია. ერთადერთი გამიჭირდა ის, რომ კომუნიკაციის ბევრი საშუალება არ იყო და ხშირად ვერ ვეკონტაქტებოდი ოჯახს. ერთ წელში იმდენი მოვახერხე, რომ ენაც საფუძვლიანად შევისწავლე. სხვათა შორის, თავად ვისწავლე, დამოუკიდებლად ისევე, როგორც მანამდე ინგლისური და რუსული. დღე ვმუშაობდი და ღამე ვსწავლობდი, შაბათ-კვირასაც სწავლისთვის ვიყენებდი. ერთ წელიწადში ჩავაბარე უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. - ყვება დეპუტატი სოფო კილაძე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×