(რეზონანსი)რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ლიდერს, რაულ ხაჯიმბას დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
პუტინის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ ხაჯიმბას "მოღვაწეობა პრეზიდენტის პოსტზე ისევ ხელს შეუწყობს რუსულ-აფხაზური ურთიერთობების გამტკიცებას, რომელიც მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებზეა დაფუძნებული".
"რუსეთი განაგრძობს აფხაზეთის დახმარებას სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში", - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური აფხაზეთში 8 სექტემბერს ჩატარდა. რაულ ხაჯიმბამ ამომრჩეველთა ხმების 47,39 პროცენტი მიიღო, მის კონკურენტს, ალხას კვიცინიას კი ხმა 46,19 პროცენტმა მისცა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მეორე ტურის განმეორებით ჩატარებას მოითხოვს.