„რამდენად მოხერხდება ცნობილი პოლიტიკოსების გარეშე საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება, აქ მე ვგულისხმობ ისეთ პოლიტიკოსებს, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში მეტ-ნაკლები ნდობაა, ამათ გარეშე მხარდაჭერის მოპოვება საკმაოდ რთული იქნება. ამიტომ ასეთი მიდგომა საკმაოდ რისკიანია", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან"კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „თი-ბი-სი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაარსებას და მის განცხადებას, რომ მოძრაობაში ცნობილი პოლიტიკოსები არ იქნებიან.
ხმალაძის შეფასებით, პოლიტიკური პარტიისა თუ მოძრაობის შექმნას სათანადო ცოდნა და გამოცდილება სჭირდება.
„პოლიტიკური პარტიის შექმნას, მის ორგანიზებას, შემდგომ ამ ყველაფრის საზოგადოებამდე მიტანას, მათთვის გაცნობას - ამ ყველაფერს სჭირდება სათანადო ცოდნაც, გამოცდილებაც და დროც, რომ აღარაფერი ვთქვათ ფინანსურ სახსრებზე. ხაზარაძე რამდენად შესძლებს ამის გაკეთებას, ჯერჯერობით თქმა გამიჭირდება.
„უფრო მეტის თქმა იქნება შესაძლებელი მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება ჩვენთვის, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც მოძრაობაში ეყოლება. ჩვენ ჯერჯერობით ვიცით მხოლოდ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ეს ორი პიროვნება საზოგადოებისთვის საკმაოდ კარგადაა ცნობილი, ცნობილნი არიან როგორც საბანკო სფეროში მომუშავეები.
„ის, თუ როგორი რეიტინგი ექნება ამ ახალ მოძრაობას და შემდგომშიუკვე პარტიად ჩამოყალიბებულს, ეს ძალიან ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული და თანდათანობით გამოჩნდება. დღეს თუ ვინმე სოციოლოგიურ კვლევას ჩაატარებს, შეიძლება ამ კვლევამ რაიმეზე მიგვითითოს. მე ნამდვილად არ შემიძლია შევაფასო როგორი იქნება ამ მოძრაობის პერსპექტივა, რადგან ჯერჯერობით ეს ამოცანა მრავალუცნობიანია", - ამბობს ხმალაძე.
მისივე აზრით, პოლიტიკოსების გარეშე პოლიტიკის კეთება საკმაოდ რთული და რისკიანი პროცესია.
„საზოგადოებაში უმეტესი პოლიტიკოსების მიმართ ნდობის ხარისხი დაბალია და ცოტაა ისეთი პოლიტიკოსი, რომლის მიმართაც ნდობა შედარებით მაღალია. ამ კუთხით თუ შევხედავთ, მამუკა ხაზარაძის მოძრაობაში ცნობილი პოლიტიკოსების არყოფნა შესაძლოა დადებით ფაქტორად მივიჩნიოთ; თუმცა, მეორეს მხრივ, პოლიტიკის კეთება პოლიტიკოსების გარეშე - ეს თავისთავად პრობლემური,
„მოძრაობისთვის პოპულარობის მოპოვება, საზოგადოებისთვის გაცნობა, რომელიც საკმაოდ რთული პროცესია და საკმაო დროც სჭირდება ხოლმე. ისეთი პოლიტიკოსების გარეშე, რომელთა მიმართაც საზოგადოებსში მეტ-ნაკლები ნდობაა, მხარდაჭერის მოპოვება საკმაოდ რთული იქნება. ამიტომ ასეთი მიდგომა საკმაოდ რისკიანია, და წინასწარ თქმა იმისა, ეს მოიტანს უფრო მეტად დადებითს თუ უფრო მეტად უარყოფით შედეგს, ნამდვილად რთულია", - აცხადებს ხმალაძე.
მან „რეზონანსთან" საუბრისას უარყო მედიაში რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ცნობა, რომ მამუკა ხაზარაძე მის მოძრაობაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მასთან მართავდა კონსულტაციას.
„არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა, არც შევხვედრივარ, არც მისაუბრია. ჩვენს შორის არანაირი რაიმე კონტაქტი არ ყოფილა", - თქვა ხმალაძემ.
შეგახსენებთ, დღეს „თი-ბი-სი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ახალი მოძრაობა „ლელოს" პრეზენტაცია ანაკლიაში გამართა. მისი თქმით, „ლელო" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში იბრძოლებს და იგი არცერთ პარტიასთან და პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობას არ აპირებს.