თამთა ჩაჩანიძე
12.09.2019

 „ვინ იღებს ელჩის დაბლოკვის გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა ამ კითხვაზე პასუხი აბსურდულია, რადგან თავად დაბლოკვის ფაქტს არ ვადასტურებ", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" საუბრისას „ქართული ოცნებისა"და საპარლამენტო უმსავლესობის წევრი ნინო წილოსანი ქართული მხარის მიერ საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის დაბლოკვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დენიელ ფრიდმა „ინტერპრესნიუსთან" ამ დრომდე საქართველოში აშშ-ს ელჩის არ ყოფნის მიზეზებზე ისაუბრა.

„ქართულ ოცნებაში" ბევრს ჰქონია, რომ ამერიკელები მხოლოდ სააკაშვილს უჭერენ მხარს. ამიტომაც მათ დაბლოკეს ბრიჯიტ ბრინკი საქართველოში, რომ აშშ-ს ელჩად ჩამოსულიყო. ეს იყო შეცდომა. ამერიკა არც „პროსააკაშვილურია" და არც „პროივანიშვილური", ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვინდა დავინახოთ საქართველოში მოქმედი ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და დემოკრატია", - თქვა დენიელ ფრიდმა.

წილოსანი თვლის, რომ აღნიშნული განცხადება არ არის რეალობასთან ახლოს, რადგან პიროვნება, რომელმაც ეს განცხადება გააკეთა, არ წარმოადგენს აშშ-ს ოფიციალურ პირს.

„როგორც ვხვდები, აღნიშნული განცხადება გაკეთებული აქვს ადამიანს, რომელიც ამ შემთხვევაში არ წარმოადგენს აშშ-ს ოფიციალურ მხარეს. მესმის მისი ვარაუდების, მაგრამ ჩვენთვის პრინციპულად მისაღებია ნებისმიერი კადრი და ნებისმიერი პიროვნება, ვისაც ჩვენი პარტნიორი მხარე გადაწყვეტს და საჭიროდ მიიჩნევს, რომ იყოს საქართველოში მისი წარმომადგენელი.

„არ ვადასტურებ იმას, რომ ქართულმა მხარემ დაბლოკა ბრინკი. კონსპირაციებში ვერ შევალ. რა თქმა უნდა, არანაირ დეტალებში წვდომა არ მაქვს, რომ უფრო მეტი არგუმენტი მოგაწოდოთ, რატომ არ იქნება ეს მართალი. ასევე ვფიქრობ, რომ რადგან ეს განცხადება არ ეკუთვნის აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენელს, ვთვლი, რომ არ არის რეალობასთან ახლოს.

„ვინ იღებს ელჩის დაბლოკვის გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა ამ კითხვაზე პასუხი აბსურდულია, რადგან თავად დაბლოკვის ფაქტს არ ვადასტურებ. ვარ პარლამენტის წევრი და არანაირი შეხება არ მაქვს ელჩებთან", - აცხადებს წილოსანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×