რამდენად ეყოფა მერიას და პატრულს ოქტომბრიდან ტაქსისტების გასაკონტროლებლად რესურსი?
თეო გუდავაძე
12.09.2019

1-ლი ოქტომბრიდან თბილისში მხოლოდ თეთრი ტაქსები უნდა მოძრაობდნენ, თუმცა დედაქალაქს ასეთი ცვლილებისა არაფერი ეტყობა.  მძღოლების ძალიან მცირე ნაწილმა გადაღება საკუთარი მანქანა, ხოლო კიდევ უფრო მცირე ნაწილმა შეცვალა თავისი `ფერადი ტაქსი~ - თეთრით. ისინი ფიქრობენ, რომ რეგულაცია არ იმუშავებს და ამდენი ტაქსის გაკონტროლება გაუჭირდება, როგორც საპატრულო პოლიციას ასევე მონიტორინგის ჯგუფს. 

დედაქალაქში გაურკვევლობაა, რადგან ტაქსის მძღოლების უმეტესობას არ მოსწონს ახალი კანონი, რადგან მათთვის ფინანსურად წამგებიანი გადაწყვეტილებაა და მიაჩნიათ, რომ დღის წესიგში ეს პრობლემა საერთოდ არ უნდა იდგეს. ოქტომბრიდან, ვინც ახალ რეგულაციას არ დაემორჩილება საპატრულო პოლიცია და მერიის სამსახური 200 ლარით დააჯარიმებს.

მერაბ შონია ერთ-ერთი ტაქსისტია, რომელიც ახალი რეფორმით უკმაყოფილოა: 

"ვერ წარმომიდგენია რა მნიშვნელობა აქვს ტაქსის ფერს, მთავარია მომსახურება იყოს მაღალ დონზე. ქვეყანაში იმდენი პრობლემაა და ყველაზე მსუბუქით დაიწყეს მოგვარება. არადა, სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები აზარალებს მოსახლეობას. დღეს ყოველი მეორე ტაქსის მძღოლია, ზოგს მარჯვენასაჭიანი მანქანა ჰყავს და ეს კიდევ დამატებითი პრობლემაა მათთვის. ყველა ვერ შეძლებს მანქანების ვერც გადაღებვას და ვერც შეცვლას. 

რატომ უნდა დაგვაწვეს ფინანსური ხარჯი ჩვენ, მართლა ვერ ვხვდები. კალაძემ მილანში დაინახა თეთრი ტაქსები და ვიზუალური მხარე მოეწონა. მხოლოდ ეს ხომ არ არის ამ ყველაფრისთვის საკმარისი? ხომ უნდა გაითვალისწინოს მერიამ საქართველოში არსებული სოციალური ფონი", - აღნიშნა მერაბ შონიამ "რეზონანსთან" საუბრისას.

თბილისის სატრანსპორტო სამსახურში აცხადებენ, რომ მონიტორინგი აუცილებლად ჩატარდება ქუჩებში და თბილისის მერიას ამ საქმეში დაეხმარება საპატრულო პოლიციაც. მძღოლები დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდებიან. 

"მერიის სამსახური გაუწევს ამ ყველაფერს ორგანიზებას და საპატრულო პოლიციასთან ერთად დავიწყებთ გაკონტროლებას, რომ "ბ" კატეგორიის ტაქსმა არ შეასრულოს "ა" კატეგორიის უფლებამოსილება. პირველ ჯერზე 200 ლარით დაჯარიმდებიან ის ადამიანები, ვინც არ დაემორჩილებიან კანონს", - განუცხადეს "რეზონანსს" მერიის სატრანსპორტო სამსახურში.

ამ ეტაპზე არ არის ახალი მონაცემი თუ რამდენი ვაუჩერი გაიცა ამ ეტაპზე ტაქსების გადაღებვისთისთვის, თუმცა ბოლო მონაცემებით ძალიან მცირე რაოდენობით ტაქსი იყო გადაღებილი. 

ტაქსის ლიცენზიის მქონე მძღოლებზე, 10 აგვისტოს მდგომარეობით, თეთრად გადაღებვის და ფირის გადაკვრის 2610 ვაუჩერი იყო გაცემული, - ტენდერში გამარჯვებული კომპანიის, შპს `ალმას“ დირექტორის გიორგი ტრაპაიძის ინფორმაციით, 7 აგვისტოს მონაცემებით, განაღდებულია იყო 994 ვაუჩერი.

სულ რაღაც 2 კვირაში თბილისში მოძრავი ლიცენზირებული ტაქსები თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი და ხუთკარიანი უნდა იყოს, გავლილი ჰქონდეს ტექდათვალიერება, ასევე ფლობდეს ლიცენზიას, რომელიც ამჟამად თბილისში 31 784 მძღოლს აქვს აღებული.

ტაქსისტების დიდი ნაწილი ახალი კანონის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი და მათი აზრით, როგორც ძალიან ბევრი სხვა ახალი რეგულაცია, ესეც ვერ იმუშავებს, რადგან ამდენი მანქანის გაკონტროლება გაუჭირდება, როგორც საპატრულო პოლიციას ასევე მერიის მონიტორინგის ჯგუფსაც. 

ივა ლორთქიფანიძე ერთ-ერთი ტაქსისტია, რომელმაც უკვე თეთრად გადაღება საკუთარი ავტომობილი, თუმცა ახლა უკვე ამ ნაბიჯს ნანობს: 

"როგორც კი ეს აკრძალვა დაადგინეს, მალევე შევცვალე ავტომობილის ფერი, რადგან ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო და შესაბამისად ვემორჩილები წესებს, რათა რაიმე სახის პრობლემა არ შემემქნას. ახლა დავდივარ ქალაქში და არ შემიმჩნევია განსაკუთრებული ოდენობის თეთრი ავტომობილი. როგორც ჩანს ხალხს სულ არ აინტერესებს და მე უკვე ვნანობ რატომ მივიღე ნაჩქარევი გადაწყვეტილება. 

ზუსტად ვიცი ვერ გაკონტროლდება ეს ყველაფერი, თბილისში იმდენი ტაქსია, რომ შეუძლებელიც კია ყველაფერი კონტროლს დაექვემდებაროს. მე ვაუჩერი არ მიმიღია, საკუთარი ფინანსებით გადავღებე და ამ გადმოსახედიდან სულაც არ იყო აუცილებელი. პირველი თვე შეიძლება იყოს მკაცრი კონტოლი, მერე ყველას მიავიწყდება და ეს იქნება საბოლოო შედეგი", - აღნიშნა ივა ლორთქიფანიძემ. 

"რეზონანსი" შეეცადა დაკავშირებოდა სხვადასხვა ტაქსების კომპანიებს, თუმცა მათ არ მოისურვეს პოზიციის ღიად გამოხატვა, თუმცა ირკვევა, რომ არც მათ დაუწყიათ მზადება ახალი რეგულაციისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×