იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია 4 სექტემბერს დაამტკიცა. ამ სიაში 5 ის მოსამართლეა, რომელიც პარლამენტში აქამდე წარდგენილ 10-კაციან სიაში იყო: გიორგი მიქაუტაძე; ნინო ქადაგიძე; პაატა სილაგაძე; მერაბ გაბინაშვილი; თამარ ალანია. წინა სია მმართველ პარტიაში შიდა დაპირისპირების საგანი გახდა და სწორედ ამ მიზეზით დატოვეს „ქართული ოცნება“ ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ეკა ბესელიამ.
ახალი სია უკვე კრიტიკის და ახალი პოლიტიკური სკანდალების მიზეზი შეიძლება გახდეს. არ არის გამორიცხული, რომ „ოცნება“ პროტესტის ნიშნათ კიდევ სხვა დეპუტატებმაც დატოვონ. არასამთავროების კრიტიკა კი ასევე იმ სამუშაო ჯგუფის შექმნამაც გამოიწვია, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების, ასევე, კონსტიტუციისა და სხვა შესაბამისობის დადგენის ხელშესაწყობად შექმნა. ამ სამუშაო ჯგუფში გარკვეული ობიექტური მიზეზების აგმო არ მოხვდა სახალხო დამცველი. ასევე არ არიან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე.
სამუშაო ჯგუფი 10 დღეს იმუშავებს და 23 სექტემბერს დაიწყება თითოეული კანდიდატის ინდივიდუალური მოსმენა. პარლამენტიუს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფში „ქართულ ოცნება“ წარმოდგენილი იქნება შვიდი წევრით (ანრი ოხანაშვილი, ზაზა გაბუნია, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ზოიძე, სოფო ქაცარავა და ნინო გოგუაძე), „ევროპული საქართველო“ სამი წევრით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ კი თითო წევრით. ასევე ამ სამუშაო ჯგუფში, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილიც იქნება.
თუმცა, „ევროპულმა საქართველომ“ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რადგან, მათი თქმით, ჯგუფში არ იქნება წარმოდგენილი არასამთავრობო სექტორი.
ოთარ კახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა, „ევროპული საქართველო“ მიიღებს მის მუშაობაში მონაწილეობას.
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, რომელიც 9 ორგანიზაციას აერთიანებს, აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში ხელისუფლებამ არ აჩვენა პოლიტიკური ნება, რომ უზენაესი სასამართლოს ღირსეული და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება სურდა.
კოალიციის განცხადებით, წარდგენილი სიის საბოლოოდ დამტკიცებით იზრდება ხელისუფლებისა და გავლენიანი მოსამართლეების უზენაეს სასამართლოში გაძლიერების რისკი, რაც საბოლოოდ ჩიხში შეიყვანს ქვეყანაში ღირსეული მართლმსაჯულების შექმნის პერსპექტივას.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ამოცანაა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის შედეგად კომპეტენტური და კეთილსინდისიერი მოსამართლეები აირჩიოს, რომლებიც მოსამართლის მაღალ სტატუსს შეესაბამებიან.
დეპუტატის ცნობით, სამუშაო ჯგუფში ჩართვის შეთავაზება მიიღო ყველა საპარლამენტო ფრაქციამ როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციიდან. ასევე, სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩაერთვებიან აკადემიური წრისა და პროფესიული გაერთიანებების წარმომადგენლები, რომელთა შორის არიან ჯონი ხეცურინი და თამარ ზარანდია.
ამასთან, ანრი ოხანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეგლამენტიდან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვის არანაირი ვალდებულება არ არსებობს.
„ამერიკული მოდელით მივდივართ, რაც სამუშაო ჯგუფში არასამთავრობოების ჩართულობას არ ითვალისწინებს. ამერიკული მოდელით ამ პროცესს მხოლოდ სენატორები წარმართავენ, ჩვენ კი კიდევ უფრო წინ წავედით, ამ პროცესში აკადემიური წრის წარმომადგენლები და პროფესიული გაერთიანებები ჩავრთეთ. ეს პროცესი გახსნილი იქნება. არასამთავრობო ორგანიზაციებს შევთავაზე, რომ კანდიდატებს კითხვები კომიტეტის ფორმატში დაუსვან“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი და დეპუტატი გედევან ფოფხაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფში მისი და მის მეგობრების არშეყვანა არც გაკვირვებია. ფოფხაძე ამბობს, რომ მათ თავისი სათქმელი რეალურად თქვეს და საზოგადოებამ იცის, რომ მოსამართლეების თემა მმართველ გუნდთან წყალგამყოფი აღმოჩნდა.
დეპუტატი ამბობს, რომ „ოცნებისთვის“ მთავარია ოპონირება „ნაციონალებისგან“ მიიღონ, რადგანაც ყველაზე კომფორტულად თავს მათთან გრძნობენ. ფოფხაძე აცხადებს, რომ მორალურად მათთან „ოცნება“ აგებს, ამიტომაც სამუშაო ჯგუფში მათ შეყვანას არ დაუშვებდნენ.
„მოსამართლეების სიაში იგივე კანდიდატები შეიყვანეს, ოღონდ უფრო შეფუთული ვარიანტით ამ პროცედურების დაცვით უკვე ისედაც ნათელი იყო, რომ იგივე სიას მაინც შემოიტანდნენ. ამ ფორმით გაპატიოსნება შეძლეს.
„მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვეულებრივი საკონსტიტუციო გადატრიალება, როდესაც სასამართლოს ერთი კაცი ჯიბეში იდებს და ფაქტობრივად შპს სასამართლოს ქმნიან. ეს მოსამართლეები სახელისუფლებო გუნდის ინტერესებს და კერძოდ ბიძინა ივანიშვილს მოემსახურებიან.
„უმრავლესობა ბოლომდე ამ დაკვეთას ასრულებს და საკონსტიტუციო გადატრიალების მომწმენი ვართ. ყველა, ვინც ამაში მონაწილეობს, არ აქვს მნიშვნელობა ეს თამარ ჩუგოშვილი იქნება თუ ვანო ზარდიაშვილი, ეს ადამიანები ელემენტარულად ანტიკოსტიტუციურ გადატრიალებას აფორმებენ, რათა ერთი ადამიანის გული მოიგონ.
„ეს მოსამართლეების კანდიდატები ამ ყველაფერში უბრალოდ მონაწილეობას იღებენ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ცუდია და ვინ კარგი. ფაქტი ერთია, რომ ყველა ამ კაცის დაკვეთის შემსრულებელია. სიმართლე გითხრათ, რომც შეეთავაზებინათ, რომ მოდი და იყავი ამ სამუშაო ჯგუფშიო, უარს ვიტყოდი. მე არავის გამპრავებელი და ხელის მომწერი არ ვარ. მაშინ ამდენს კი არ ვინერვიულებდი“, - აცახდებს გედევან ფოფხაძე „რეზონანსთან“.
„ოცნების“ ყოფილი წევრი და ახლა უკვე დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგოჩაიშვილი გედევან ფოფხაძის და ეკა ბესელიასგან განსხვავებით სამუშაო ჯგუუფში აღმოჩნდა. გოგოჩაიშვილი „რეზონანსთან“ აცახდებს, რომ ამ ჯუფში მუშაობის მთავარი მიზანი ის იქნება, რომ პროცესები პოლიტიკური გახადოს და საზოგადოებას მაქსიმალურად აჩვენოს, რა ხდება მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით.
მისი აზრით, „ოცნება“ ვერ შეძლებს, რომ ეს პროცესები მიჩქმალოს და ის იქნება ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ყველაფერზე ხმამაღლა ისაუბრებს.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტს, გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ მთავარი და ყველაზე საინტერესო იქნება არა სამუშაო ჯგუფის ქმედებები, არამედ პარალმენტი საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ამიტომაც მთელი ყურადღება ამ მიმართულებით უნად გადავიტანოთ.
„ამ სამუშაო ჯგფში დამოუკიდებელი დეპუატტების კვოტით მოვხვდი. კომისიას მკვეთრად განსაზღვრული ფუნქცია არ აქვს. ჯერ კიდევ მიდის იმაზე ფიქრი, ეს ჯუფი რა სახის ფუნქციებით უნდა აღიჭურვოს. უმრავლესობა ეცდება, რომ სიტუაცია მინიმალურ ფუნქციებამდე დაიყვანოს.
„სამუშაო ჯგუფის მთავარი ამოცანა იქნება, რომ პროცესი შეაფასოს. თუ უმრავლესობა ეცდება, რომ ჯგუფის ფუნქცია ფორმალობამდე დაიყვანოს, მე ვეცდები, რომ პროცესის პოლიტიკური შეფასება გავაკეთო. იქ ყოფნის ჩემი მთავარი ფუნქციაც ეს იქნება.
„რაც შეეხება არასამთავრობოების პორტესტს, მათი ჯგუფში მიწვევა-არმიწვევა კომიტეტზე იყო დამოკიდებული. ვინც უნდოდათ მიიწვევდნენ და ვინც არ უნდოდათ - არა. ამიტომ ამის შეფასება ჩემი საქმე არ არის და ეს პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე კომიტეტმა აიღოს. ჩვენ გვაინტერესებს შედეგი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი დააყენებს. თავისი სათქმელი არასამთავროებმა თავად თქვან“, - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი „რეზონანსთან“.
რაც შეეხება იმ მოსამართლეობის იმ 5 კანდიდატს, რომლებიც წინა 10-კაციან სიაშიც იყვნენ, გოგოიჩაიშვილი ამბობს, რომ, ბუნებრივია, ამასაც გააპროტესტებს და ამომრჩეველს მოუყვება მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით რა ხდება.