„კატეგორიულად შემიძლია გამოვრიცხო „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ევროპულ საქართველოსთან" კოალიციაში შესვლა. ეს არის ფაშისტური ორგანიზაციები, რომლებიც უნდა ისხდნენ ციხეში და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას," მათთან შეიძლება გვქონდეს თემატური თანამშრომლობა, ეს მათ პოზიციაზეა დამოკიდებული, მაგრამ მათთან ერთად სამთავრობო კოალიციის შექმნას არ ვგეგმავთ," - აცხადებს „რეზონანსთან" „თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საუბრისას.
კახა კუკავა: ვიცით, რომ ამ პარლამენტში ვიქნებით ჩვენ. არ გვექნება იმის საშუალება, რომ დამოუკიდებლად ჩამოვაყალიბოთ მთავრობა, თუმცა მე ბურჯანაძესთან და უსუფაშვილთან ჩამოვაყალიბებ თუ არა მთავრობას, ამის თქმა 2019 წლის სექტემბერში არასერიოზული იქნება.
„რეზონანსი": 2020 წლის კოალიციურ მთავრობაში რამდენად რეალურია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" კვლავ ერთად ვიხილოთ?
კ.კ: ერთად არ არიან? ეს არის ერთი კრიმინალური ორგანიზაციის ორი ბანდა. ის, რომ მათ შორის რაღაც დაპირისპირება არის, არაფერს ნიშნავს. ასე „ნაცების" შიგნითაც არის რაღაც განხეთქილებები, ეს შიდა კრიმინალური გარჩევებია. სახელმწიფოსთვის ორივე არის კრიმინალური ორგანიზაცია, მაფია. მათი ადგილი ციხეშია და ძალიან კარგია, რომ ნელ-ნელა ამ მიმართულებით გადაბარგება დაიწყეს.
„რ": „ქართული ოცნება" შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას?
კ.კ: უმრავლესობის მოპოვება გამორიცხულია, მგონი ამ შანსი ნულის ტოლია, თუმცა აიღებს თუ არა პირველ ადგილს, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თვითონ „ოცნება" ითვლის 30%-დან 40%-მდე, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს მათი მხრიდან ძალიან ოპტიმისტური გათვლაა.
„რ": როგორ ფიქრობთ, მმართველი გუნდი ვისთან შევა კოალიციაში?
კ.კ: „პატრიოტთა ალიანსი" ხშირად აფიქსირებს პოზიციებს და „ოცნების" მიმართ გამოხატავს მხარდაჭერას. კოალიცია არის ის, ვინც მეორე ტურში მხარი დაუჭირა. როგორც ვიცი, მეორე ტურში მათ მხარი მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსმა" დაუჭირა.
„რ": რას იტყვით ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ შექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობაზე? რა შანსები აქვს 2020 წლისათვის?
კ.კ: ხაზარაძეს არანაირი შანსი არ აქვს. პროგნოზს ვაკეთებ, რომ ის ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს; ეს არის აფიორა პარტია, რომელიც მან შექმნა, ისეთივე როგორიც არის ანაკლიის პორტი. ეს არის როგორც ეკონომიკაში, ისე პოლიტიკაში, თაღლითური საქმიანობის ნაირსახეობა, როდესაც რაღაცას კი არ ქმნი, არამედ ვითომ ქმნი სხვების დასანახად;
ხაზარაძის პარტია არ შეიქმნება და არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ვითომ ვიღაცეები მოიზიდოს, ვითომ ივანიშვილი შეაშინოს, ვითომ ანაკლიის პორტის ირგვლივ ხმაური ატეხოს... გუშინდელ პრეზენტაციასაც ეტყობოდა, ისეთი წუწკია, რომ სკაიპის დადგმა დაენანა და დარბაზის ქირაობა. რაც ჩაატარა ანაკლიაში, იმას ეტყობოდა, რომ ის არანაირ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.
ეს მისმა მომხრე ექსპერტებმაც კი აღნიშნეს. მაგალითად წავიკითხე ხუხაშვილის კომენტარი, რომელიც დიდი ენთუზიაზმით იყო აღსავსე მისი მოძრაობის მიმართ, მაგრამ ობიექტურად თქვა, რომ გუშინდელ პრეზიდენტაციაზე არ ჩანდა ის ენერგეტიკა, რასაც მისგან მოელოდნენ.
„რ": გამოდის, რომ ე.წ. ძალა 2020 წლისთვის ხაზარაძის პარტია არ იქნება, როგორც ბევრი მიიჩნევს...
კ.კ: რატომ უნდა იყოს მესამე ძალა მევახშე? მესამე ძალა არის ის, ვინც არც „ქოცია" და არც „ნაცი." ხაზარაძე ისიც არის და ესეც. ადამიანი ამბობს, რომ მაყაჩაღებდნენ ივანიშვილი და ჩხარტიშვილი, თუმცა ამ დაყაჩაღების შემდეგ ივანიშვილს მისცა ხმა. რომ ეთქვა, მივეცი ხმა და შევცდი, შემდეგ ვნახე რა ყაჩაღები ყოფილან, - ეს გასაგები იქნებოდა. ის ვიდეომიმართვა, რომელიც გამოაქვეყნა, რომ „ქოცებს" მივცეთ ხმაო, ეს მოხდა იმის შემდეგ, როდესაც კრიმინალურ „რაზბორკაზე" დაუძახეს.
ბორჯომი ნახევარი საქართველოს ეკონომიკა იყო და 100 ლარად ჩაიდო ჯიბეში. რომ დავუთვალოთ, ქართველ ხალხს მეტი მართებს მისი თუ მას მართებს ქართველი ხალხის, არ დარჩება მოგებული და ვურჩევდი, რომ ტონალობას დაუწიოს. არც ბიზნესში და არც პოლიტიკაში ხაზარაძის რეპუტაცია არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მას მესამე ძალა ვუწოდოთ. მხედრიონის დროინდელი კრიმინალი და კორუფციაში გამდიდრებული ბიზნესმენია.