(რეზონანსი) ბათუმის საკრებულოს წევრმა, რომელიც კვლევის მიხედვით „მდუმარე დეპუტატების" სიაში მოხვდა, დღეს განცხადება გააკეთა. დიმიტრი ჭეიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის აქტიურია, კომისიის სხდომებზე ინიციატივებით გამოდის, პოლიტიკურ ოპონენტებს პასუხობს და თავს პასიურ დეპუტატად არ მიიჩნევს. ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
ჭეიშვილის თქმით, რომან დოლაბერიძე კვლევებს ან არასწორად აკეთებს, ან ასე მიზანმიმართულად იქცევა. საკრებულოს წევრს ეჭვი აქვს, რომ „საზოგადოებრივი განვითარების აკადემია" „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ლმობიერია.
„საკრებულოს სხდომაზე საკმაოდ აქტიური ვარ. მქონდა ინიციატივა ჯანდაცვის კომისიაში, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ 7 სულიან ოჯახებს, სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესებაში. სამი თვის განმავლობაში, საკრებულოს სამი თუ ოთხი სხდომა ჩატარდა, მათ შორის ერთი ტექნიკური იყო. სხდომებს ვესწრებოდი. კვლევაში არ მოხვდნენ ის დეპუტატები, რომლებიც კომისიის სხდომებს საერთოდ არ ესწრებიან. ოპოზიციონერ კოლეგებზე მაქვს საუბარი. ისინი 2 წლის განმავლობაში შეიძლება ჯამში, სხდომაზე მხოლოდ ორჯერ არიან ნამყოფები. კვლევაში მოხდა ნაცების მხოლოდ ერთი წარმომადგენელი, რომელიც უკვე საკრებულოს წევრი აღარაა.
ყველა ადამიანს თანაბარ აქტიურობას ვერ მოსთხოვ. მე მაქვს პრეტენზია იმის, რომ თითქმის ყველა სხდომაზე ვარ აქტიური, რაც კვლევაში რატომღაც არ ჩანს. ჩართულობა გამოიხატება შეკითხვებში, ჩაკითხვებში, პოლიტიკურ განცხადებებში და ოპონენტებზე პასუხის გაცემაში" - თქვა დიმიტრი ჭეიშვილმა.
საკრებულოს 25 წევრიდან თორმეტი პასიურ დეპუტატებს შორის მოხვდა. სტატისტიკა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა.