„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ „ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან“. მათი აზრით, უნდა გაფორმდეს მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც ყველა ოპოზიციური პარტია შეთანხმდება, რომ „ოცნებასთან“ 2020 წელს კოალიციაში არ შევა. მათი აზრით, ამით ქვეყანას ეძლევა შანსი, რომ ივანიშვილი ხელისუფლებას მშვიდად, ქაოსის გარეშე ჩამოაშოროს.
თუმცა ამ ინიციატივას ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილში კრიტიკული გამოხმაურება უკვე მოჰყვა. სავარაუდოდ, ბოკერიას და უგულავას ინიციატივას ბევრი არ გაიზიარებს, რადგანაც მათი აზრით, თუ ივანიშვილს არ შეუქმნიან კოალიციურ მთავრობას, მაშინ მიხეილ სააკაშვილს უკან ხელისუფლებაში დაბრუნების შანს აძლევენ. მათი აზრით, ივანიშვილსი ხელისუფლება შესაცვლელია, მაგრამ არა სააკაშვილით. მითუმეტეს ეს ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს და ქვეყანა ქაოსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
კონსტიტუციონალისტები კი „რეზონანსთან“ განმარტავენ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს და ვერც ოპოზიციური ძალები მოახერხებენ კოალიციის ფორმირებას. კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.
ამასთან, პრეზიდენტი იმ შემთხვევაში არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან ორი კვირის ვადაში ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.
"მთავარი შეკითხვა, მთავარი მოწოდება და მთავარი მოთხოვნა ჩვენი საზოგადოების არის ცვლილებები. ივანიშვილი უნდა წავიდეს ისე, რომ არ დატოვოს ქაოსი. ამ მიზნით ჩვენ გვინდა ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს შევთავაზოთ და წინასაარჩევნოდ მკაფიოდ განვაცხადოთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილის „ოცნებას“ არ შევუქმნით მთავრობას, დავამსხვრევთ ივანიშვილის ძალაუფლების მონოპოლიას - ძალაუფლების მონოპოლიას სასამართლოში, პროკურატურაში, მედიაში. მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილის „ოცნებასთან“ არ შევალთ კოალიციაში. ცალკე აღებული ივანიშვილის მთავრობა 50%-ს ვერ აიღებს და ეს შესაძლებელს გახდის არეულობის და ქაოსის გარეშე ჩამოვაშოროთ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას,"- განაცხადა გიგი უგულავამ.
მისივე თქმით, მზად არიან ამ საკითხზე პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებისთვის და საჭიროების შემთხვევაში ამავე საკითხზე მემორანდუმის ტექსტზე მუშაობის დაწყებისთვის.
„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას აფასებს და ამბობს, რომ მათი განცხადება ახალი არ არის და ისინი არც მანამდე აპირებდნენ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიცია შეექმნათ. მისი აზრით ახლა ჯერ კოალიციის კონტურებზე საუბარი უსაგნოა. თუ ახალი მთავრობა ვერ შეიქმნა, მაშინ ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები. ესაა საქართველოს კონსტიტუციური მოდელი.
„ჯერ კონსტიტუციაში უნდა ჩავწეროთ პროპორციული არჩევნები, მერე ამ 1 წლის განმავლობაში პოლიტიკურ ძალთა კონფიგურაცია იმდენად შეიცვლება, რომ დღეს მომავალი კოალიციის კონტურებზე საუბარი საკმაოდ ზედაპირული და უსაგნო მსჯელობაა. ჩვენს პოზიციას ვიმეორებ - „შენების მოძრაობა“ თვლის, რომ ივანიშვილის მთავრობა შესაცვლელია, მაგრამ არა სააკაშვილით. ასე ვმოქმედებდით და ასე ვიმოქმედებთ არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ გასაგებია „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა და მათი მცდელობა ვის შეუქმნან კოალიცია. ხვიჩია აცხადებს, რომ „გირჩი“ 2020 წელს არ მოიქცევა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და არ აპირებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შექმნას. ამიტომაც ისინი მხარს იმ პარტიას დაუჭერენ და იმასთან შექმნიან კოალიციას, ვინც მეტ თავისუფლებას შესთავაზებს, იქნება თუ არა მისაღები „გირჩისთვის“ და მისი ამომრჩევლისთვის მათი ხედვები და მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში ქვეყნის განვითარების გეგმა.
„ის, რომ ავდგეთ და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შევქმნათ, ამას არ ვიზამთ. ასეთი უაპსუხისმგებლო ხალხი არ ვართ. გასაგებია „ევროპელების“ მცდელობა, რომ კოალიცია „ნაციონალებს“ შეუქმნან და ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ჩვენთვის ორივე ძალა ერთიდაიგივე დონეზეა. ამიტომაც ქვეყანაში, რომ კრიზისი არ შეიქმნას, მხარს იმას დავუჭერთ, ვინც უფრო მეტ თავისუფლებას შემოგვთავაზებს და ზუსტად აგვიხსნის, რა ხედვა და გეგმა აქვს ქვეყნის განვითარების. გაუგებარია რა მემორანდუმს ქმნიან და კოალიცია ვის წინააღმდეგ იქმნება. იქნება და მამუკა ხაზარაძე იღებს უფრო მეტ ხმას?! ასე დარწმუნებულები უკვე რატომ არიან. ამიტომაც ჩვენ იმის მხარეს დავდგებით, ვინც ჩვენს ამომრჩეველს მეტ თავისუფლებას შესთავაზებს და ზუსტად აგვიხსნის, რას და როგორ აპირებს“, - აცახდებს იაგო ხვიჩია „რეზონანსთან“.
დეპუტატი და „ოცნების“ ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მისთვის სააკაშვილიც და ივანიშვილიც ერთიდაიგივეა, ამიტომაც „ნაციონალები“ „ოცნებაზე“ მეტ მორალურ უპირატესობას მაინც ვერასდროს მიიღებენ. ფოფხაძე აცხადებს, რომ „ევროპული საქართველო“ მისთვის ფაშისტური გერმანიაა, რომლებიც ციხეში ხალხს აუპატიურებდა. ხოლო მათთან ვინც კოალიციაში შევა ან რაიმე სახის მემორანდუმს გააფორმებს, ყველა მათნაირია. დეპუტატი ამბობს, რომ „ევროპელებს“ და „ნაციონალებს“ ის როგორც შავ ჭირს და უბედურებას ისე უყურებს. ამიტომ მათგან არცერთ ინიცაიტივას მიიღებენ.
„ეგენი ისეთივე „ევროპული საქართველო“ არიან, როგორიც მე ჩინეთის იმპერატორი. ჩვეულებრივი ფაშისტები და ხალხის მწამებლები არიან. თუ გვინდა, რომ ქვეყანაში ეს ორივე ძალა ერთხელ და სამუდამოდ მოვიშოროთ, ხალხი სახალხო ლიდერების მხარდასაჭერად უნდა დაირაზმოს. ოღონდ მამუკა ხაზარაძის მსგავსის გამო კი არა, რომელსაც სანამ არ შეეხნენ პირადად, ხმა არ ამოიღო.
ხალხის პოლიტიკური ინტერესების დღის წესრიგი უნდა შეიქმნას. „ნაცები“ ,„ოცნება“, ხაზარაძე, ყველა ესენი მჩაგვრელები არიან. ესენი ფულს შოულობდნენ მაშინ, როცა ხალხი იჩაგრებოდა. პირიდან და ჯიბიდან ართმევდნენ ქონებას და ხაზარაძეს სააკაშვილის დროს ხმა ერთხელაც არ ამოუღია. რატომ? იმიტომ, რომ მაშინ მაგას არავინ ეხებოდა და ფულს აკეთებდა. ბოკერია, ივანიშვილი, ხაზარაძე, ვინმეზე უკეთესები რით არიან? მათ დღის წესრიგში რატომ უნდა ჩავდგე.
მთავარია შევკრათ პირი და ამ ხალხთან საქმე არ დავიჭიროთ. არ გავიყიდოთ და არც კოალიცია იქნება ბოკერიასთან და სააკაშვილთან საჭირო და არც ივანიშვილთან. ჩადით აბა ბორჯომში და ხაზარაძეზე იკითხეთ, რა ნახა ხალხმა მაგის იქ მისვლის შემდეგ კარგი? ან მაგასთან რა კოალიცია უნდა შევქმნათ. რომ იძახის არცერთი პოლიტიკოსი არ მინდაო, ვისზე რა მეტი მორალური უპირატესობა აქვს“, - აცხადებს ფოფხაძე „რეზონანსთან“.