ელზა პაპოშვილი
13.09.2019

 საგუშაგოები საგუშაგოს წინააღმდეგ - ერგნეთში  ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მორიგი შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების, რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის კვლავ უშედეგოდ დასრულდა. 

ევროკავშირის და ეუთოს შუამავლობით ბოლო ორ კვირაში გამართულ მეოთხე ტექნიკურ შეხვედრაზეც მხარეები მხოლოდ დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. 

მოლაპარაკების მთავარი თემა კი ჩორჩანას ტყეში განთავსებული საგუშაგოები იყო. აქ  სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქართულმა მხარემ სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო ააგო, რასაც საოკუპაციო ძალების მიერ რიგი ქმედებები მოჰყვა და ისინი საქართველოს აღნიშნული ბლოკპოსტის დაშლას სთხოვდნენ.

6 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით კი „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ.მესაზღვრეებმა სოფელ წნელისიდან დასავლეთით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან სიმაღლეზე სასაზღვრო პოსტის მშენებლობა დაიწყეს. შედეგად კი ასეთი სიტუაცია მივიღეთ, რომ  ჩორჩანადან წნელისის საგუშაგომდე თითქმის 3 კმ-ია. ერთი ხაშურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მეორე - ზნაურის რაიონს, რომელსაც რუსი სამხედროები აკონტროლებენ.  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 4 სექტემბრიდან ახალგორთან ე.წ. საზღვრის დაკეტვა დაუკავშირეს ჩორჩანის მახლობლად მიმდინარე პროცესებს, რასაც ქართულმა მხარემ უპასუხა, რომ ეს მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხია, ახალგორთან ე.წ. გადასასვლელებით ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს და მათი დაკეტვა კიდევ უფრო გაუუარესებს ცხოვრების პირობებს. 

„ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ პოლიციის სტანდარტული საგუშაგო [ჩორჩანასთან] გააგრძელებს ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში და მისი დანიშნულებაა ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფა. ამასთანავე, კატეგორიულად მოვითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნებისმიერი უკანონო აქტივობის შეწყვეტა“, - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი ანთაძემ. 

მისი თქმით, ამავე საკითხზე მეორე მხრიდან გაჟღერდა დიამეტრულად განსხვავებული მოსაზრებები და, შესაბამისად, კონსენსუსი მიღწეული არ არის. ამ ეტაპზე ახალგორში ჰუმანიტარული კატასტროფა არ არის, თუმცა გადასასვლელების დაკეტვა გარკვეული პერიოდის შემდეგ სერიოზულ კონკრეტულ პრობლემებს გააჩენს. ამიტომ, ანთაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, რათა შეძლებისდაგვარად მოკლე დროში მიაღწიონ ამ გადასასვლელების გახსნას.

13 სექტემბრის შეხვედრაზე შეთანხმება მიღწეულია მხოლოდ იმაზე, რომ პოზიციების დაახლოების მიზნით დიალოგი უნდა გაგრძელდეს. მომდევნო შეხვედრის თარიღი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზის“ მეშვეობით განისაზღვრება.

ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, ამჟამად ჩორჩანასა და წნელისს შორის არსებულ ტერიტორიაზე აღმართულია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ორი დროშა და ერთი უკანონო საგუშაგო. 

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი კი აცხადებს, რომ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენები ახალი გარემოებები შეიცავს რისკებს და სტაბილურობისთვის მოაქვს არასასურველი შედეგები. 

"ძალიან შეწუხებული ვარ მე პირადად და ევროკავშირის ყველა სტრუქტურა. ეს ახალი გარემოებები შეიცავს რისკებს და სტაბილურობისთვის მოაქვს არასასურველი შედეგები. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სერიოზულად უნდა იყოს აღქმული", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.  

ერგნეთის უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებების პარალელურად კი  ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანის და წაღვლის მიმართულებით ვითარება სულ უფრო მძიმდება. დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვნები ამ სოფლებთან, ტყის მასივში ორ ე.წ. სასაზღვრო საგუშაგოს აწყობენ. კიდევ ერთი კი ოკუპირებულ წნელისთან აქვთ განთავსებული.

ქართული სოფლების სიახლოვეს სამი საგუშაგოს განთავსებით, ფაქტობრივად, ალყაში ექცევა ჩორჩანის ტყეში, აგვისტოს ბოლოს მოწყობილი ქართული საპოლიციო საგუშაგო. ადგილობრივი მოსახლეობა კი უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს. ჩორჩანაში ამჟამად ოცამდე კომლია, ერთ დროს სოფელში 45 ოჯახი ცხოვრობდა, მაგრამ ახლა სახლების ნახევარი ცარიელია. სოფლის მცხოვრებლები ამ ტყეს მხოლოდ შეშის მოსაპოვებლად არ იყნებდნენ, ისინი ტყეში ჯონჯოლის მოსაკრეფად მიდიოდნენ, რომელსაც შემდეგ ბაზარში ყიდნენ და გარკვეული შემოსავალი ჰქონდათ. მცხოვრებლები ამბობენ, რომ ახლა ტყეში სიარული სახიფათოა და ხელისუფლებისგან სიტუაციის გაკონტროლებას ითხოვენ. მათ პარალელურად გზის და წყლის პრობლემაც აქვთ.

„რეზონანსთან“ ადგილობრივები ამბობენ, რომ ხშირი ყოფილი შემთხვევა, როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების  ავტომობილი ვერ მისულა. ასევე პენსიის დასარიგებლად ვერც ბანკის მანქანა მიდის. ადგილობრივები ქართული პოლიციის აქტიურ მოძრაობას სოფელში მიესალმებიან, თუმცა სიტუაციის გართულების ეშინიათ, რადგანაც ბოლო დროს ოკუპანტების გადაადგილება უფრო აქტიურია.  

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო  ყოფილი მინისტრი  პაატა ზაქარეიშვილი ჯერ კიდევ აგვისტოში „რეზონანსთან“ საუბარისას აცხადებდა, რომ ჩორჩანას ტყეში ქართული საგუშაგოს აშენებას ოკუპირებული ძალები საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებდნენ და საგუშაგოების მშენებლობას  დაიწყებდნენ. სიტუაცია მართლაც ამდაგვარად წარიმართა. რა „მოვიგეთ“ ჩორჩანაში შექმნილი სიტუაციით და იყო თუ არა ეს რისკები გაანალიზებული?!- ყოფილი მინისტრი ახლა „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ქართული საგუშაგოს ამ ტერიტორიაზე მშენებლობის ორი ვერსია არსებობს. 

ერთი, რომ ეს „ოცნებას“ შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის  სჭირდებოდა და მეორე, გამოიწვიოს რუსეთი, რათა საერთაშორისო ასპარეზზე მეტი ყურადღება მიიქციოს. სხვაგვარად ხელისუფლების ქმედებბა გაუგებარია. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ახალი მთავრობა ძირითადად ძალოვანი მინისტრებით არის დაკომფლექტებული, ამიტომაც ეს არის რუსული მმართველობის სტილი, სადაც მთავარი აქცენტი მხოლოდ ძალის დემონსტრირებაზე ხდება. 

„აგვისტოში ვისაუბრე ზუსტად თქვენთან, რომ ამ საგუშაგოს აშენებით, რომელიც ერგნეთის მოლაპარაკებაზე შეთანხმებული არ ყოფილა, ორ და სამ  მსგავს საგუშაგოს  ოკუპანტების მხრიდან მივიღებდით. ასე აუხდეს ჩვენს მტერს ყველაფერი, როგორც ჩემი ნაქთვამი გამართლდა. ვიცი და ვცნობ რუსების  პოლიტიკას. ამიტომაც ჩემთვის სრულიად გაუგებარია ვინც ეს გადაწყვიტა, რატომ არ შეაფასა ეს რისკები. ვინმეს სჯერა, რომ რუსეთი შეიცვლება და უფრო კეთილი გახდება? ეს არის „ნაციონალების“ სტილი. ზუსტად ასე სპეციალურად ახდენდნენ ოკუპანტების პროვოცირებას, რომ შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება მიექცია და ეჩვენებინა რუსეთი როგორ გვჩაგრავს. თუმცა ამ პოლიტიკამ სადამდეც მიგვიყვანა 2008 წლის ომით გამოჩნდა. ახლა ჩვენი საგუშაგო ალყაში მოაქციეს. ჯობია იგივე ერგნეთის ან კიდევ ჟენევის მოლაპარაკებაზე ჩუმად შინაურულად ვთქვათ, რომ რაღაც შეგვეშალა, ვერ გავთვალეთ და სიტუაცია გავანეიტრალოთ. ახლა ხელისუფლებაში სულ ძალოვანი მინისტრები მოვიდნენ და კაციშვილი პოლიტიკოსი არავინაა, რომ ყური აუწიოთ და უთხრათ, რომ ასე არ შეიძლება. მოლაპარაკებას ძალოვნები უძღვებიან. ასე კონფლიქტი ვერ მოგვარდება. პარლამენტიც კი ვერაფერს აკეთებს, რომ სიტუაცია დარეგულირდეს“,-აცხადებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“. 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×