ეუთო უზენაესი სასამართლოს მოსამათლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს აკრიტიკებს და უარყოფით შეფასებას აკეთებს. ეუთოს ანგარიშში წერია, რომ საკანონმდებლო მიმოხილვის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების მხოლოდ მცირე ნაწილი იქნა გათვალისწინებული და კვლავ რჩება მრავალი ხარვეზი, რაზეც უმრავლესობის დეპუტატი ზაზა ხუციშვილი აცხადებს, რომ შერჩევის წინა პროცესთან შედარებით, დღეს არსებული ვითარება გაუმჯობესებულია.
„ყველამ აღნიშნა, რომ იმ პროცესთან შედარებით, რაც ადრე იყო, წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ ის ბოლომდე იყოს გამჭირვალე. თანაც უმრავლესობაში არანაირი გუნდური შეთანხმება კანდიდატებზე არ იქნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ კომიტეტებზე და პარლამენტში მოსმენისას ღირსეული ადამიანები მიიღებენ მხარდაჭერას.
„საბოლოო ჯამში პარლამენტში იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ პარლამენტი არ ჩარეულიყო და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აერჩია მოსამართლეები. ჩვენ ის რეკომენდაცია რომ მიგვეღო, დეკემბერში რა სიაც მოვიდა, პრაქტიკულად, დამტკიცებული იქნებოდა," - აღნიშნა ხუციშვილმა.
ეუთოს ანგარიშში ნათქვამია, რომ კანდიდატთა საჯარო გასაუბრების პროცესი ძირითადად გამჭვირვალედ წარიმართა. თუმცა წინასწარი შეტყობინება საჯარო მოსმენასთან დაკავშირებით მოკლე ვადაში ხორციელდებოდა და საზოგადოების მაღალი ინტერესის ფონზე, გასაუბრების ადგილმდებარეობა პროცესზე დაკვირვებისა და ანგარიშის წარმოდგენის შესაძლებლობას არ იძლეობდა.
ასევე საუბარია, რომ იუსტიციის საბჭომ არ დაამტკიცა გასაუბრების ჩატარების წესი ან პროცედურა, რათა პროცესის სამართლიანობა და წესრიგი უზრუნველყოფილიყო. ეს მიდგომა წარმოშობს კანდიდატთა მიმართ მოპყრობის არათანაბარ გარემოს და პროცესის გამჭვირვალობას ზღუდავს.
„ამ საკითხთან დაკავშირებით არის აზრთა სხვადასხვაობა. ვფიქრობ, რომ იდეალური არ არის, მაგრამ შერჩევის წესი ასე თუ ისე დაიხვეწა, ვიდრე ადრე იყო და პარლამენტშიც იქნება საკმაოდ სერიოზული მსჯელობა თითოეულ კანდიდატურაზე. თუკი აღმოჩნდება მათ ბიოგრაფიაში ისეთი რამ, რაც მიუღებელი იქნება, კანდიდატები ვერ მიიღებენ მხარდაჭერას," - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.