„პრეზენტაციაზე ხაზარაძის მხრიდან რაც გაცხადდა, რომ არავისთან აპირებს შეერთებას და მარტო იბრძოლებს, ეს საკვანძო და საინტერესო მონაკვეთი იყო. ჩვენთან პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ ის პოპულარობა, რომ რომელიმესთან გაერთიანებამ წარმატება მოუტანოს ახალ პარტიას. ამიტომაც, მარტო მოქმედება შეიძლება უფრო მომგებიანი იყოს," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციის შესახებ საუბრისას.
12 სექტემბერს მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის, „ლელოს" პრეზენტაცია გაიმართა, სადაც მისი ერთერთი მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოში „ერთი კაცის მართველობა უნდა დასრულდეს". პრეზენტაციის შემდეგ, ბიზნესმენის მისამართით „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა საკმაოდ კრიტიკული განცხადებები გააკეთეს. ხაზარაძე გააკრიტიკა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც.
რამაზ საყვარელიძე: საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების იერი უფრო ჰქონდა, ვიდრე პოლიტიკურის, რაც ბუნებრივია, რადგან საზოგადოებრივ მოძრაობაზე იყო იმ დღეს აქცენტი გაკეთებული და არა პოლიტიკურზე.
„რეზონანსი": რას ნიშნავს ის კრიტიკა, რაც მამუკა ხაზარაძის პრეზენტაციას მოჰყვა, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის მხრიდან?
რ.ს.: ასეთი შეტევა იმის ნიშანი, რომ მეტოქედ მიგიღეს; ყველა მეტოქედ უყურებს და ამ შეტევებმა ხაზარაძის მოძრაობის პრეზენტაცია უფრო სერიოზულ მოვლენას აქცია, ვიდრე თუნდაც თვითონ ხაზარაძე ჰქონდა ჩაფიქრებული.
„რ": „ევროპული საქართველო" და „თავისუფალი დემოკრატები" პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან" კოალიციაში არ შევიდნენ. რას ნიშნავს ეს მოწოდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რა შანსები რჩება მმართველ გუნდს?
რ.ს.: 2020 წლისთვის „ქართულ ოცნებას" საკმაოდ დიდი შანსები რჩება სწორედ ამ მოწოდების წყალობით. ეს განცხადება ამ ორი ოპოზიციური გუნდის, „ნაციონალურის" ხაზის დამტარებელი გუნდის, წამგებიანი ნაბიჯი იყო, რადგან მოსახლეობისთვის ცხადი გახდა, რომ ახლაც იყოფა პოლიტიკური სიტუაცია - „ნაციონალები" და მათი პარტნიორი პარტიები ერთ მხარეს იქნებიან.
მოსახლეობას ხელისუფლებაში „ნაციონალების" მოყვანა არ სურს. შესაბამისად, განმეორდება ის, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში მეორდება, 2012 წლის მერე; ვერცერთ არჩევნებში „ნაციონალები" ვერ იმარჯვებენ სწორედ იმიტომ, რომ „ნაციონალები" არიან მიუღებლები. ეს პარტია და მათი პარტნიორი პარტიები მიმართავენ პროპაგანდას, რომ ივანიშვილი გააკრიტიკონ. თუ ისევ ასე დაგდება საკითხი, რა თქმა უნდა, „ოცნებისკენ" წავა ხმები.
„რ":ხაზარაძის მოძრაობას რა შანსები აქვს 2020 წლისათვის?
რ.ს.: საკმაოდ ბევრი პარტია გროვდება, რომელმაც „ევროპული საქართველოს" ეს მოწოდება არ გაიზიარა. უსუფაშვილს საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა და მათ შორის არის ალბათ ხაზარაძეც. „ნაციონალური" შტო ხაზარაძის მიმართ სწორედ ამიტომ არის კრიტიკულად განწყობილი.
დაგროვდება ასეთი პარტიები, რომელთაც თითოეულს შეიძლება დიდი რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ასეთი შუალედური პოზიციის გამტარებლები იქნებიან.
ცალკე მისმა პარტიამ მეეჭვება შეძლოს ბევრი ხმის მობილიზაცია. ახალბედა პარტიაა, თანაც ბიზნესმენები მოსახლეობის ამ ფენებში არ არიან ხოლმე დიდად პოპულარული.
„რ": პარლამენტმა უნდა იმსჯელოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიაზე. ამ სიასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოდგენილი არ არის, რასაც მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა. როგორ ფიქრობთ, რატომ არ მოხვდნენ არასამთავრობოები და რამდენად გამართლებულია მათი არმოხვედრა ჯგუფში?
რ.ს.: ალბათ რაღაც საკრიტიკოს აპირებენ. მოსამართლეების თემა ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა, რადგან პარლამენტი, ფაქტობრივად, იმ შეცდომების თანაზიარი გამოვა, რასაც იუსტიციის საბჭო აქამდე უშვებდა. სამწუხარო სურათი იქნება, რომ ხელისუფლება, რომელმაც ძალიან ბევრ საკითხში ზომიერი პოზიციების გატარება მოახერხა, ამ მოსამართლეთა საკითხში ადვილად გასაკრიტიკებელი პოზიცია დაიკავა და უკავია დღემდე.
მოსამართლეთა ამ თემასთან დაკავშირებული არასწორი ხაზია ისიც, რომ არასამთავრობოები არ შეიყვანეს ამ ჯგუფში.
„რ": პირველი სიის განხილვა გვახსოვს, რომ სკანდალითა და „ოცნებიდან" დეპუტატთა ერთი ჯგუფის გასვლით დასრულდა. როგორ ფიქრობთ, ამჯერად რა მოხდება?
რ.ს.: მგონია, რომ ეს სია ღიად მიუღებელი არ იქნება. სიცხადე არ იქნება იდიოზური სახელების, როგორიც იმ ათკაციან სიაში იყო და მსგავსი პროცესის წარმართვის საბაბი ნაკლებად გახდება. მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ახალი სახელებით იგივე დატვირთვის და ფუნქციის სია შეიქმნას, რომელიც „კლანის" ინტერესების დამცველი გახდება.
საზოაგდოებამ არც იცის კონკრეტულად ვინ არიან „კლანის" დამცველები. იმ ათკაციან სიას ის შეფასება მოჰყვა იმის გამო, რომ ფიგურირებდნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც სააკაშვილის გადაწყვეტილებებს სასამართლოში ატარებდა. აქ შეიძლება იყვნენ ისეთი ადამიანები, ვინც ასეთი წარსულით არ არიან დამძიმებული, მაგრამ იმავე ინტერესების გამტარებლები არიან, როგორიც ის მოსამართლეები. ეს შესაძლოა რაღაც დროის გასვლის შემდეგ გამოჩნდეს და ამ დამტკიცებულ სიაში არც ჩანდეს.