თამარ შუკვანი
14.09.2019

 „კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ევროპული საქართველოს" ინიციატივას აკრიტიკებს, რომელიც საჯარო პირობის დადებას გულისხმობს იმასთან დაკავშირებით, რომ პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ივანიშვილის გუნდთან 2020 არჩევნების შემდეგ კოალიციაში არ შევლენ. ჩარკვიანის განცხადებით, ამ პირობას იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და შემოწმებაც შეუძლებელია, თავად „ევროპული საქართველო" რას იზამს არჩევების შემდეგ. მისი თქმით, ამ ინციციატივას „თაღითობის სუნი ასდის."

ჩარკვიანის ამ განცხადებას „ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე გამოეხმაურა, რომელიც „ძალა ერთობაშიასაგან" და „ნაციონალური მოძრაობისაგან" მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს, ემიჯნებიან თუ არა ჩარკვიანის ამ განცხადებას.

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" ერთერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე „რეზონანსთან" საუბრიას აცხადებს, რომ მათი პარტიის მთავარი ამოცანა ყოველთვის ის იყო, რომ ოპოზიციური პარტიების ერთიანი ძალით მმართველი გუნდი დაემარცხებინათ.

„თაკოს გულისტკივილი აბსოლუტურად მესმის, რადგან ბევრი პროცესი გავაირეთ, რომელმაც ასე მარტივად არ ჩაიარა. ბევრი რამ იყო, რამაც გულისწყვეტა გამოიწვია.

„ვეთანხმები თუ არა („ევროპულ საქართველოს") რას ნიშნავს? წინა არჩევნებზეც ზუსტად ამას ვამბობდით, რომ ოპოზიციური ძალების მაქსიმალური კონსოლიდაცია ყოფილიყო და გაერთიანებული ოპოზიციის იდეაც ეს არის, რომ ერთიანი ძალებით ვიმუშაოთ მათ წინააღმდეგ.

„მახსოვს წინა არჩევნებზეც კი, საპრეზიდენტო კამპანიის წინ, პრაიმერიზი შევთავაზეთ ყველა ოპოზიციურ ძალას, რომ ერთიანი ძალებით გამოვსულიყავით არჩევნებზე. ამ შემთხვევაში მეორე სიცოცხლე აღარ ექნებოდა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას" სალომე ზურაბიშვილის კანდიდატთან ერთად. სამწუხაროდ, მაშინ ეს ვერ შედგა. ახლა ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი კონსოლიდაციისკენ წავალთ, მით უკეთესი იქნება.

„ჩვენ შემთხვევაში ცხადზე ცხადია ყველაფერი. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს, მათ საკუთარი არჩევანი უნდა გააკეთონ. გამოჩნდება ვინ მზად არის თანამშრომლობისთვის „ქართულ ოცნებასთან" და ვინ ნამდვილად ფიქრობს, რომ ქვეყანა ძალიან დიდ გაჭირვებაშია," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×