ელზა პაპოშვილი
15.09.2019

 ერგნეთის 13 სექტემბერს ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ, სადაც რუსულ და ოსურ მხარესთან შეთანხმება ვერაფერზე მოხეხდა, ჩორჩანას მიმდებარედ რუსები გზის გაყვანის სამუშაოებს აგრძელებენ. „ძალა ერთობაშიას“ წევრი დავით ქაცარავა შიშობს, რომ სიტუაცია თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე დღეში ქართული საგუშაგო საოკუპაციო ხაზის იქით აღმოჩნდება და მას დე ფაქტო ხელისუფლება მიისაკუთრებს. 

როგორც ჩანს, ამ იდეას საოკუპაციო ძალები მედიის საშუალებითაც უკვე ამზადებს. სექტემბრის დასაწყისში ცხინვალის ტელევიზიის სპეციალურ რეპორტაჟში ჟურნალისტმა ალან თიბილოვმა განაცხადა, რომ „ადრე თუ გვიან საგუშაგო ოსური გახდება“. რეპორტაჟი მას შემდეგ გავიდა, რაც დეფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის საგანგებო პრეს-ტური მოაწყო.

რეპორტაჟის ავტორი აცხადებს, რომ ქართულ ბლოკ საგუშაგო უკანონოა და ის ოსეთს ეკუთვნის. 

ადგილობრივები კი „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ აქამდე მათ ოსი და რუსი სამხედროები არ უნახავთ. სიტუაცია მათ სოფლებში 2008 წლის ომის დროსაც არ დაძაბულა. თუმცა ახლა, ამ საგუშაგოს განთავსების შემდეგ, მათ რუსების გადაადგილება და ტექნიკით გამოჩენა დააფიქსირეს. 

ადგილობრივი მცხოვრები რუსუდან მინდიევი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ წლების განმავლობაში სოფელი საკუთარი პრობლემების ამარა ცხოვრობს. ამ ახალი საგუშაგოს მშენებლობის შემდეგ კი მათი პრობლემები უფრო გაიზარდა. უგზოობასა და უწყლოობას უსაფრთხოების პრობლემაც დაემატა, რომელიც ტყეში შესვლის შემტხვევაში საოკუპაციო ძალების მხრიდან ადგილობრივებს ემუქრებათ. ისინი თავის სარჩენად ტყეში ჯონჯოლის და ყვავილების მოსაკრეფად შედიოდნენ, რადგანაც ფინანსურად სოფელში ყველას ძალიან უჭირს. ახლა კი რუსების შიშით, რომლებიც  სოფლებისკენ იწევენ, ვეღარ შედიან. 

„ძალა ერთობაშიას“ წევრი დავით ქცარავა „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ერგნეთის ჩაშლილი მოლაპარაკების პარალელურად, სადაც არანაირი შედეგი არ დაფიქსირებულა, ჩორჩანაში ვითარება კიდევ უფრო მწვავდება. მისი ცნობით, უკვე ორი დღეა ქართული პოლიცია მოძრაობის  წევრებს ჩორჩანას ტყეში არ უშვებს და ერთადერთ ამბის გამომტან ადამიანებს იქ გადაადგილების საშუალებას უზღუდავს. ქაცარავა ამბობს, რომ ოკუპანტები საქართველოს პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით გზას ჭრიან, რათა ქართული ბლოკპოსტი საოკუპაციო ხაზს მიღმა გადაიტანონ. 

ქაცარავა ამბობს, რომ თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა, ქართული საგუშაგოს ოკუპირება რამდენიმე დღეში მოხდება და ქართველ პოლიციელებს საგუშაგოზე მისვლის საშუალებას აღარ მისცემენ. მისივე თქმით, რუსები ახალი ტერიტორიის ოკუპაციას ახორციელებენ, რომელიც სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში არასდროს შედიოდა. 

„ერთი უსიამოვნება დაგვემართა ჩორჩანას ტყესთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერჯერობით საუბარი არ მინდა. უფრო გავარკვევთ რაღაცეებს და შემდეგ გავამხელთ. რაც შეეხება ჩორჩანაში შექმნილ სიტუაციას, არაფერი შეცვლილა. ბოლო ორი დღეა პოლიცია მაქსიმალურად გვბლოკავს და ატოცის გარეთ, ფაქტობრივად, არცერთ სოფელში აღარ გვიშვებენ. არანაირი საშუალებას აღარ გვაძლევენ, რომ ოკუპანტების ქმედებების შესახებ რაიმე ინფორმაცია გამოვიტანოთ, იქნება ეს ფოტო თუ ვიდეო მასალა. 

„ოკუპანტების მხრიდან სამუშაოები შეჩერებული არ არის. ძალიან დიდი ალბათობით,  ჩვენი საგუშაგოს საოკუპაციო ხაზის შიგნით მოქცევას აპირებენ. ყველა მოცემულობა ამას გვეუბნება. ის მასალები, რაც ჩვენ გაგვაჩნია ჩორჩანას ტყიდან, ამაზე მიუთითებს, რომ ჩვენს მიწას თავის საგუშაგოიანად შემოღობავენ. 

ცდილობენ, რომ გზა გაჭრან და საოკუპაციო ხაზი ჩორჩანაში მდებარე ქართულ საგუშაგოს ზემოდან მიიყვანონ. ამით კი ჩვენს საგუშაგოს გარედან გზას გადაუჭრიან და პოლიცია იქ მისვლას ვეღარ შეძლებს. თუ ასე გაგრძელდა, მაშინ ამას რამდენიმე დღეში იზამენ“, - აცახდებს ქაცარავა „რეზონანსთან“.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო  ყოფილი მინისტრი  პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ქართული საგუშაგოს ამ ტერიტორიაზე მშენებლობის ორი ვერსია არსებობს. ერთი ვერსიით, ეს ყველაფერი „ოცნებას“ შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის სჭირდებოდა, მეორე ვერსიით კი საქართველოს ხელისუფლება ცდილობს გამოიწვიოს რუსეთი, რათა საერთაშორისო ასპარეზზე მეტი ყურადღება მიიქციოს. 

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ სხვაგვარად ხელისუფლების ქმედების გამართლება გაუგებარია. ყოფილი მინისტრი ხელისუფლებას ურჩევს, რომ ერგნეთის და ჟენევის მოლაპარაკებებზე ჩუმად, არაფორმალურად შეცდომა აღიარებული იქნას, სხვაგვარად ამ კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია. 

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ამას რუსეთი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს და ამის ნათელი მაგალითი უკვე ის ორი საგუშაგოა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შენდება. 

„აგვისტოში ვისაუბრე ზუსტად თქვენთან, რომ ამ საგუშაგოს აშენებით, რომელიც ერგნეთის მოლაპარაკებაზე შეთანხმებული არ ყოფილა, ოკუპანტების მხრიდან ორ და სამ  მსგავს საგუშაგოს  მივიღებდით. ასე აუხდეს ჩვენს მტერს ყველაფერი, როგორც ჩემი ნაქთვამი გამართლდა. 

„ვიცი და ვცნობ რუსების  პოლიტიკას. ამიტომაც ჩემთვის სრულიად გაუგებარია ვინც ეს გადაწყვიტა, რატომ არ შეაფასა ეს რისკები. 

„ვინმეს სჯერა, რომ რუსეთი შეიცვლება და უფრო კეთილი გახდება? ეს არის „ნაციონალების“ სტილი. ზუსტად ასე სპეციალურად ახდენდნენ ოკუპანტების პროვოცირებას, რომ შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება მიექციათ და ეჩვენებინათ რუსეთი როგორ გვჩაგრავს. თუმცა, ამ პოლიტიკამ სადამდეც მიგვიყვანა, 2008 წლის ომით გამოჩნდა. ახლა ჩვენი საგუშაგო ალყაში მოაქციეს. 

ახლა ხელისუფლებაში სულ ძალოვანი მინისტრები მოვიდნენ და კაციშვილი პოლიტიკოსი არავინაა, რომ ყური ავუწიოთ და ვუთხრათ, რომ ასე არ შეიძლება. მოლაპარაკებას ძალოვნები უძღვებიან. ასე კი კონფლიქტი ვერ მოგვარდება. პარლამენტიც კი ვერაფერს აკეთებს, რომ სიტუაცია დარეგულირდეს“, - აცხადებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×