საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე ავადმყოფის მოვლის 4 განზომილებასთან დაკავშირებით, გერმანელი სტუმრის მონათხრობის შესახებ წერს და ამავე დროს, დედის გარდაცვალების ისტორიასაც ისხენებს.
"გერმანელი სტუმარი მიხსნის გერმანულ სისტემაში ავადმყოფის მოვლის (nursing) ოთხი განზომილების შესახებ.1. ფიზიკური განზომილება - უნდა უმკურნალო, ნემსი გაუკეთო, წამალი დაალევინო, შეუხვიო....2. ფსიქოლოგიური განზომილება - უნდა გესმოდეს, რომ ეს ადაიანი ბოსტნეული არ არის და აქვს გრძნობები და უნდა აუხსნა, დაამშვიდო, დააცადო...3. სოციალური განზომილება - პაციენტს ჰყავს ოჯახის წევრები, მეგობრები.... ის ადამიანები ჩართულები არიან ავადმყოფობის პროცესში. მათი ახლოს ყოფნა, მათი ინფორმირებულობა (მახსენდება გრეის ანატომიის ის მომენტები, როცა ქირურგი დამხმარეს გზავნის ხოლმე ოპერაციიდან გარეთ, რომ ოჯახის წევრებს გზადაგზა შეატყობინონ მდგომარეობა)..4. სულიერი განზომილება - სიმართლე რომ გითხრათ, ამ ყველაფერს ამ მეოთხე განზომილების გამო მიხსნიდა, რომელიც სულ ახლახან დაემატა პაციენტის მოვლის საქმეს. მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის რელიგიურ მრწამსს თუ სამყაროს აღქმას, თეისტია თუ ათეისტია, როც ავად ხდება, ყველას უჩნდება ეგზისტენციალური კითხვები. ზოგი ღმერთის სამართლიანობაზე სვამს კითხვებს და ზოგიც სამყაროს კანონზომიერებაზე.... და ეს არის ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება და ამაზეც უნდა ზრუნავდეს სამედიცინო სისტემაო...
ამ მეოთხე განზომილებით, ძალიან მოვიხიბლე. გამახსენდა იერუსალიმის ერთი საავადმყოფო, რომელიც კათოლიკური ეკლესიის მიერაა აშენებული, თუმცა იქ მუშაობენ მუსლიმი და იუდეველი დებიც. და ყველაზე შთამბეჭდავი იყო პალიატიური განყოფილების ექთნებთან საუბარი. ისინი გვიყვებოდნენ, რომ ხშირად მომხდარა, რომ სიკვდილის წინ მუსლიმ დას ჩაუბარებია იუდეველი მომაკვდავის ბოლო აღსარება... ან იუდეველს ქრისტიანისა... გვითხრეს, რომ ამ დროს ყველა ბარიერი მოშლილია და ვართ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანები უფლის წინაშეო...
ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ... სხვა შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად აღვფრთოვანდებოდი ამ მეოთხე განზომილებით, მაგრამ, ვუსმენდი და მახსენდებოდა დედაჩემი და ჩვენი სამედიცინო სისტემა, სადაც პირველი განზომილებაც კი საშინელ დღეში გვაქვს. სადაც არავინ არაფერს გიხსნის, რადგან მიაჩნიათ, რომ მედიცინა რიგითი მოკვდავებისათვის არ არის, ან რომ დააშავე, რაკი ცუდად ხარ და ექიმი გჭირდება... აღარაფერს ვამბობ სოციალურ განზომილებაზე. ერთერთ რეანიმაციულ განყოფილებაში ექვსი დღე ვიკვლიე ვინ იყო ექიმი. ყველა მეუბნებოდა, რომ იყო მორიგე... სანამ განგაში არ ავტეხე არ გამოაჩინეს ვიღაც ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელმაც შეგვიყვანა მე და ჩემი ძმა და შუშის თვალებით გამოგვჭრა ყელები - მოგვახალა დიაგნოზი, რომელიც კი ვიცოდით, მაგრამ არ ვიცოდით ვადები... და მერე გავიგეთ, რომ ვიღაც არაადამიანი შესულა და დედასთვის უთქვამს - ,,შენ უნდა იცოდე შენი დიაგნოზი, ჩვენ ვალდებულები ვართ გითხრათ რომ კვდებიო"... ძლივას გამოვიყვანეთ იმ განყოფილებიდან. ფაქტობრივად, ციხეში იყო. არც გვატანდნენ და არც გვაჩვენებდნენ. სახატავები შევუგზავნეთ და გამოწერისას ვკითხე, აბა რა დახატე-თქო და არ მოუციათო. მერე გავარკვიეთ, რომ ეს სახატავები მიუტანიათ კომაში მყოფი პაციენტისათვის და იცინოდა სანიტარი - მეც არ გამიკვირდა ამას რათ უნდოდაო.... დედამ ჩვენ არ გვითხრა, რომ იცოდა მდგომარეობის სიმძმე (დიაგნოზი თავიდანვე იცოდა)... რომ გარდაიცვალა, მისმა მეგობარმა გვითხრა, რომ სანახავად რომ მოვედი ჩუმად მითხრა და თქვენ არ გეუბნებოდათო...
რომელი ოთხი განზომილება???? მორწმუნეებს ვუმალავდი დედაჩემს, იმიტომ, რომ მოდიოდნენ და ეუბნებოდნენ, მოინანიე და გამოჯანმრთელდებიო...
ბოდიში ასეთი მძიმე კვირა დილის პოსტისათვის. მთელი ღამე სისხლები მესიზმრებოდა. . ."
წყარო: დაიჯესტი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე