სიგარეტი 2 ლარად პირდაპირ ქუჩებში იყიდება - კონტრაბანდული თამბაქოთი ვაჭრობამ, რეგიონების შემდეგ, დედაქალაქში გადმოინაცვლა. ახლა უკვე თბილისის ბაზრებსა და ავტოსადგურებზეც ხშირად შეხვდებით, ჩანთაგადაკიდებულ ადამიანებს, რომლებიც უაქციზო თამბაქოს, შეღავათიან ფასად სთავაზობენ მომხმარებელს. არალეგალური სიგარეტის ოდენობა კი ქვეყანაში კი წლიდან წლამდე იზრდება.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, წელს განსაკუთრებულად რთული სიტუაციაა. საბაჟო გამშვებ პუნქტებზე თამბაქოს კონტრაბანდის კონტროლისას განხორციელებული მონიტორინგის შედეგი აჩვენებს, რომ გასულ წელს სულ დაფიქსირებულია 441 შემთხვევა, მიმდინარე წლის არასრულ სამ თვეში კი - 425. თამბაქოს მწარმოებლები კონტრაბანდის ზრდას სიგარეტზე ფასის მკვეთრ მატებას უკავშირებენ, რაც, თავის მხრივ, განაპირობა ხელისუფლების გადაწყვეტილებამ - გაეზარდათ თამბაქოზე აქციზისა და ადვალული გადასახადი.
ბოლო წლებში თამბაქოზე გადასახადების მატება რამდენჯერმე მოხდა. 2018 წლის ბოლოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ერთ კოლოფ სიგარეტზე აქციზის განაკვეთი 1,70 ლარი გახდა, ადვალული გადასახადი კი, 10%-დან 30%-მდე გაიზარდა. სწორედ ამის გამო თამბაქოს კონტრაბანდამ საზღვრისპირა რეგიონებიდან დედაქალაქამდეც მოაღწია და დიდი თავშეყრის ადგილებში, ავტოსადგურებსა და ბაზრებში ხშირად ისმის ფრაზა - სიგარეტი 2 ლარად. ეს კონტრაბანდული ფილტრიანი სიგარეტის მინიმალური ფასია და დაახლეობით 1.50-2.50 ლარით ნაკლებია აქციზურ, იგივე ტიპის თამბაქოზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღრე რეგიონებისათვის კი ეს პრობლემა უკვე დიდი ხანია ნაცნობია. ზუგდიდში მოსახლეობა თითქმის მასობრივად კონტრაბანდული სიგარეტის მომხმარებელია. ამას ხელს უწყობს ფაქტი, რომ აფხაზური აქციზით სიგარეტის ყიდვა ადგილობრივ ბაზრობაზე თავისუფლად შეიძლება. რაც შეეხება ფასში სხვაობას, 1 კოლოფ სიგარეტზე დაახლოებით 2 ლარის ფარგლებშია და ეს ნებისმიერი დასახელების სიგარეტს შეეხება.
მაგალითისთვის, ზუგდიდში "კენტი", რომელიც მაღაზიის დახლებზე 5,50 ლარი ღირს, არალეგალურად 3,50 ლარად იყიდება, ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე მისი ფასი 2,50 ლარს არ აჭარბებს. პირად საუბარში არც მოვაჭრეები მალავენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტრაბანდული გზით შემოტანილი სიგარეტი მათთვის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რადგან მომხმარებელი ე.წ. აფხაზურ სიგარეტს სულ უფრო მეტად ეტანება.
ქვეყანაში კონტრაბანდის ზრდა რომ აქციზის ზრდის პროპორციული იქნებოდა, ამაზე ხელიუსუფლება მედიისა და ექსპერტების მხრიდან არაერთხელ იყო გაფრთხილებული. მით უფრო მაშინ, როცა მოსაზღვრე ქვეყენებსა და ორივე ოკუპირებულ რეგიონში რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა და თამბაქო გაცილებით იაფი ღირს.
,,ბიზნეს-რეზონანსის” რესპონდენტი ამჯერად ახმეტელის ბაზრის ერთ-ერთი მოვაჭრე ნაირა ჯღარკავაა, რომელსაც პროდუქტი სამეგრელოდან ჩამოაქვს და თბილისში ყიდის. მისი თქმით, კონტრაბანდული სიგარეტი რეგიონში უკვე ჩვეულებრივი ამბავია, ხოლო თბილისში მხოლოდ ბოლო დროს შენიშნა მსგავსი ტენდენცია.
,,სამეგრელოდან ყველი და იშვიათად სუნელები მომაქვს აქ, ძირითადად, ახმეტელის ბაზარში ვყიდი. რაც სიგარეტმა ასეთი გაძვირება დაიწყო, ზუგდიდში კონტრაბანდა ჩვეულებრივი ამბავია და არც არავის უკვირს, არც არავინ რეაგირებს. ბოლო დროს მისი გასაღება თბილისშიც დაწყო. უკვე ბაზრობებზე ხშირად ისმის ჩანთაგადაკიდებული მამაკაცების შეძახილი - `სიგარეტი იაფად, სიგარეტი 2 ლარად...~
თავიდან ძალიან გამიკვირდა, ახლა უკვე აქაც შეეჩვია ყური. ქალები ამბობდნენ, რომ მარნეულშიც იყიდება კონტრაბანდული სიგარეტი, კახეთშიც, ოღონდ აზერბაიჯანიდან გადმოტანილი. როგორც ჩანს, დიდ ქალაქებში უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა”, - ამბობს მოვაჭრე.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ თამბაქოს კონტრაბანდის შეჩერება შეუძლებელია და მსგავსი ფაქტები მომავალში კიდევ მოიმატებს.
კონტრაბანდის მასშტაბის ზრდის მიზეზად აფბა-ს ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი აქციზის გაძვირებას მიიჩნევს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მოსალოდნელი რისკი თავიდანვე სწორად ვერ გათვალა.
"როდესაც აქციზს რაიმე მიმართულებით ვზრდით, შესაბამისად, იზრდება შავი ბაზრის და კონტრაბანდის რისკიც. რაიმე პროდუქტზე თუ რამდენიმეჯერ გავზრდით აქციზს და ფასი რამდენიმეჯერ გადააჭარბებს მეზობელ ქვეყნებში არსებულს, უნდა ვიცოდეთ, რომ სერიოზული კონტრაბანდული რისკი დაგვიდგება. ამის გაუთვალისწინებლობა არაფრით არ შეიძლება.
ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის აქციზის გათანაბრებამ კონტარბანდის მასშტაბური ზრდა გამოიწვია და ამ პროცესს ველოდებით კიდეც. სიაგრეტის გაძვირება ყველაზე მტკივნეულად მომხმარებელმა იგრძნო, რადგან ხელმისაწვდომობა შეეზღუდა.
ასეთ შემთხვევაში კი ყოველთვის აქტიურდება შავი ბაზარი, რითაც მოსახლეობა სარგებლობას შეეცდება. შავი ბაზრის კონტროლი არათუ მარტივი არ არის, პრაქტიკულად, შეუძლებელია. საბოლოო ჯამში, მომხმარებელიც ზარალდება და ბიუჯეტიც დანაკარგს განიცდის", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" ბაირახტარი.
სულ მალე კი ფილტრიან და უფილტრო სიგარეტ შორის ფასთა სხვაობა აღარ იარსებებს და ფაქტრობრივად, ერთმანეთს გაუთანაბრდება. იანვრიდან გაძვირდება თუთუნიც. მიზეზი პარლამენტში შეტანილი კანონპროეტ ის ცვლილებებია, რომლითაც ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმი უქმდება. ეს კიდევ მეტად გაზრდის კონტრაბანდის რისკს და მომავალი წლიდან არალეგალური საქონელი ალბათ უკვე სავაჭრო ობიექტებშიც დაიდებს ბინას.