ელექტროენერგიის და გაზის სუბსიდიაზე სახელმწიფო ყოველწლიურად 200 მლნ ლარზე მეტს ხარჯავს. მომავალში, თუკი სემეკი გადაწყვეტს დენისა და ბუნებრივი აირის საფასურის გაზრდას, მოსახლეობის ზოგიერთი კატეგორიისთვის სუბსიდირებაც გათვალისწინებული იქნება და შესაბამისად, ხარჯი ამ მიმართულებით კიდევ მომატებს.
დენისა და ბუნებრივი აირის სუბსიდია ამ ეტაპზე შეეხება სოციალურად დაუცველ ფენას, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს, აფხაზეთის მოსახლეობას და ა.შ. რაც საკმაოდ დიდი ტვირთია ბიუჯეტისთვის. ეს ქვეყნის ენერგოდამოკიდებულებაზეც დიდ გავლენას ახდენს.
სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ სუბსიდიის ხარჯი მომავალშიც გაიზრდება, როგორც კი ქვეყანაში გადასახადების გაძვირების საკითხი დადგება.
,,სუბსიდიების გაცემა სოციალური ჯგუფისთვის წმინდა ქართული მიდგომა არ არის, პირიქით, ეს მექანიზმი ჩვენ განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისგან გადმოვიღეთ. საკმაოდ სოლიდური თანხები გაიცემა ამერიკაში სიღარიბის პროგრამის ფარგლებში. იქ 42 მლნ-ზე მეტი ადამიანი იღებს ყოველთვიურად 190 დოლარზე მეტი ღირებულების სასურსათო ბარათებს. განვითარებულ ქყველყებში მრავალმილიარდიანი ფინანსური დახმარებებია და რიგი სხვა შეღავათები, ამიტომ კრიტიკულად ამ საკითხს არ უნდა შევხედოთ.
საქართველოს საბიუჯეტო რესურსი შეზღუდული და მწირია, რის გამოც სუბსიდირება საკმაოდ მოკრძალებულია. რამდენიც შეუძლია, სახელმწიფო იმდენს ახერხებს. კონსტიტუციური მოთხოვნაა, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის ე.წ. სოციალური ქოლგა გაშალოს და ამით შეღავათი მისცეს მათი ცხოვრების წესს. ათი წლის წინ 150 მლნ ლარი იხარჯებოდა გაზისა და ელექტროენერგიის სუბსიდირებისთვის, დღეს ეს ხარჯი 200 მლნ ლარს აჭარბებს. მით უმეტეს მაღალმთიან რეგიონებში შეღავათი მოქმედებს და ამის დამსახურებაა, რომ ზამთარში მთაში მცხოვრები მოსახლეობა სიცივისგან არ იყინება”, - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" არჩვაძე და დასძენს, რომ ყოველწლიურად ბიუჯეტი იზრდება 1 მლრდ ლარით, ამიტომ სუბსიდირების გაზრდა შესაბამისი პროპორციით პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.
,,მომავალში, თუ სემეკი გადაწყვეტს დენისა და ბუნებრივი აირის საფასურის გაზრდას, მოსახლეობის ზოგიერთი კატეგორიისთვის სუბსიდირებაც უნდა იყოს გათვალისწინებული, შესაბამსიად, ამ მხრივ ხარჯიც მომატებს. ბიუჯეტი დგინდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივ ინტერესებს მოემსახუროს. ამაში შედის როგორც ჯანდაცვა, განათლება, ეკოლოგია და სხვა, ასევე სოციალური ვალდებულებები. რაც მეტია ბიუჯეტი, სოციალური ხარჯიც მეტი გვექნება.
2012 წელთან შედარებით, სოციალური ხარჯის წილი ბიუჯეტში დაახლოებით 16 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი, 31% იყო და 47%-მდე გაიზარდა. 2012 წლის დროინდელი სტრუქტურა რომ გვქონდეს, სოციალურ ხარჯებზე ამჟამინდელთან შედარებით, ჩვენ 1,6 მლრდ ლარით ნაკლებს დავხარჯავდით. ბიუჯეტი მატლობს და ვახდენთ ასევე სოციალური ხარჯის წინმსწრებ ზრდას და სუბსიდირებაც ამ კატეგორიაში უნდა მიმოვიხილოთ. აქედან გამომდინარე, სუბსიდირებას, როგორც ტვირთს ისე ვერ შევაფასებთ”, - განუცხადა სოსო არჩვაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს”.
გადასახადების სუბსიდირებასთან დაკავშირებით მსგავსი მოსაზრებისაა ენერგეტიკოსი გია არაბიძე, რომელიც აღნიშნავს, რომ გარკვეული სოციალური ფენის სუბსიდირება სახელმწიფოს ვალდებულებაა, რაზეც ქვეყანა უარს ვერ იტყუვის, მით უმეტეს, როცა ირგვლივ ამდენი გაჭირვებულია.
,,სახელმწიფო სუბსიდიის გზით შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება. ამ თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ ეს აუცილებლად გასაწევი ხარჯია. ქვეყანაში ბევრი გაჭირვებულია და მთავრობის ერთ-ერთი ვალდებულება მათი შენახვაა. ყაზბეგში გაზის სუბსიდია ხდება ზამთრის პერიოდში, რადგან იქ შეშის პრობლემაა და გასათბობად ხალხს სხვა ალტერნარტივა, ფაქტობრივად, არ აქვს. მესტიაშიც ანალოგიური მიდგომაა, როგორც ვიცით, მოსახლეობას დენის გადასახადს სახელმწიფო უფარავს. რაც შეეხება აფხაზეთს, 2018 წელს 1,9 მლრდ კვტ/სთ მოიხმარა და ამაში სახელმწიფოს 1 თეთრიც არ აუღია. გაჭირვებული, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის - თბილისში, ყაზბეგში თუ მესტიაში, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. ეს არის ჩემი პოზიცია”, - აცხადებს ენერგეტიკოსი.
ექსპერტები კი სუბსიდირების საკითხს სკეპტიკურად უყურებენ. საქმე ისაა, როცა სუბსიდირებას გაჭირვებული ადამიანებისთვის ახდენ, მოსახლეობის დიდ ნაწილს გაძვირებული ტარიფით რჩება.
`ეს ის ხალხია, რომელიც ასევე არ არის სოციალურად მთლად დაცული, მაგრამ ამ სტატუსს ოფიციალურად არ ფლობს. ასეთი ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრია. გამოდის, რომ კომუნალური გადასახადის დამძიმებით უამრავი ადამიანი დაჩაგრული რჩება. მომავალში, თუკი დენის ტარიფის გაზრდის საკითხი დადგება, მთავრობა უნდა შეეცადოს, რომ სოციალური თემა და ტარიფი ერთმანეთისგან გამიჯნოთს", - აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას ეკონომისტმა ზვიად გუბერიძემ.