
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მორიგ სკანდალში გაეხვა. მან 15 წლის წინ მოკლული დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ოთხმეზურებმა ეს სკანდალური ინფორმაცია მედიისგან შეიტყვეს და ისინი აღფოთებულები არიან. მოკლული დათო ოთხმეზურის მამიდაშვილი ანდრო მაისურაძე ამბობს, რომ ოჯახის რამდენიმეწლიანი ბრძოლა მკვლელის დასასჯელად, პრეზიდენტმა ერთი ხელმოწერით ჩაყარა წყალში:
"ტელევიზიით შევიტყვეთ, რომ დათუნას მკვლელი გარეთ არის. ვერ ვხვდებით რა ხდება ამ ქვეყანაში? პრეზიდენტმა უკვე მერამდენე მკვლელი გამოუშვა გარეთ? მე ვსაუბრობ იმ ფაქტზე, რაც ჩემს მამიდაშვილს შეეხება. ყველასთვის ნათელია, რომ ბეჟანიძემ მოკლა დათუნა ოთხმეზური, თქვენ არ იცით, რამდენწლიანი ბრძოლა იყო იმისთვის, რომ მკვლელი დასჯილიყო.
2004 წლიდან მოყოლებული ველოდით დათუნას მკვლელის დასჯას, წარმოიდგინეთ, 12 წელი ბეჟანიძე მიმალვაში იყო, ისმის კითხვა, თუ არ ხარ დამნაშავე, 12 წელი რატომ იმალები? ყველამ ისიც იცის, რომ მას მფარველები ჰყავდა და ამის წყალობით იყო გარეთ და ამდენი წელი ხელშეუხებელი. როგორც იქნა დააკავეს, როგორც იქნა უზენაესში აღსდგა სამართლიანობა, მკვლელი დაისაჯა. დღეს ვიგებთ, რომ თურმე 3 კვირაა გარეთ არის! პრეზიდენტი როცა ასეთ რამეს აკეთებს, ის უნდა ეცნობოდეს საქმის მასალებს", - აცხადებს "კვირის პალიტრასთან" ანდრო მაისურაძე.