
სამ თვეში დიზელი 10-15 თეთრით გაძვირდება. ეს იმ შემთხვევაში, თუ ხელისფულება არ გაითვალისწინებს ბიზნესის და სტრატეგიული პარტნიორის თხოვნას, 1 წლით მორატორიუმი გამოაცხადოს ,,ევრო5”-ის სტანდარტის დაწესებასთან დაკავშირებით. ოფიციალური მიზეზი, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებაა, თუმცა არავითარი კველევა ამის შესახებ არ არსებობს, რა პოზიტიური როლი ექნება ცვლილებას.
17 სექტემბერს მეორედ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მთავარი თემა 2020 წლის პირველი იანვრიდან დიზელის საწვავზე ახალი ხარისხობრივი ნორმების ამოქმედების საკითხი იყო. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დარგის სპეციალისტები, ექსპერტები, ეკონომისტები, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები და "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" ხელმძღვანელობა და ბიზნეს ომბუდსმენი. საუბარია იმაზე, რომ მთავრობის დადგენილებით, მომავალი წლიდან საქართველოში იმპორტირებული და რეალიზებული დიზელის ტიპის საწვავის ხარისხობრივი ნორმები "ევრო-5"-ის სტანდარტის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. მიმდინარე ეტაპზე კი, ქვეყანაში მოქმედი ხარისხობრივი ნორმები "ევრო-4"-ის შესაბამისია.
შეხვედრის ორგანიზატორი, ნავთობიმპორტიორთა კავშირია ხელისუფლებისაგან მორატორიუმს ითხოვს, ანუ ამოქმედდეს "ევრო-5"-ის სტანდარტი, თუმცა 1 წლის განმავლობაში დარჩეს "ევრო 4"-იც.
,,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევების თანახმად, მიმდინარე ეტაპზე ქვეყანაში პრობლემას არ წარმოადგენს გოგირდის დიოქსიდის (შO2) ჭარბი ოდენობა, ის მკვეთრად ჩამოუვარდება ზღვრულ ნიშნულს. "ევრო 4"-სა და "ევრო 5"-ს შორის განსხვავება სწორედაც გოგირდის შემცველობაში მდგომარეობს. შესაბამისად, ჩვენი ინიციატივა გახლავთ, რომ ძალაში დარჩეს მთავრობის გადაწყვეტილება "ევრო 5"-ის სტანდარტზე გადასვლის შესახებ და იმავდროულად გამოცხადდეს ერთწლიანი მორატორიუმი "ევრო 4"-ის სტანდარტის დიზელის საწვავის შემდგომი გამოყენების თაობაზე.
ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ერთის მხრივ იმას, რომ ქვეყანაში შემოვა აზერბაიჯანული საწვავი, რომელიც 15-20 თეთრით იაფია სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქტთან შედარებით. ასეთი ტიპის დიზელი გამოიყენება იმ პირთა მიერ, რომლებიც მონაწილეობენ ეკონომიკურ საქმიანობაში - გადაზიდვები, დისტრიბუცია, მშენებლობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ წვდომა შედარებით იაფ პროდუქტზე”, - ამბობენ ნავთობიმპორტიორთა კავშირში.
აზერბაიჯანული მხარე ითხოვს 1-წლიან პერიოდს და მზად არის, 2021 წლიდან გამოუშვას "ევრო 5"-ის შესაბამისი სტანდარტის საწვავი. "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" გენერალური დირექტორი, ლევან გიორგაძე ,,რეზონანსთან” ამბობს, რომ ხელშესახები პოზიტიური როლი არ აქვს ახალ სტანდარტს ეკოლოგიაში, მაგრამ ქმნის ბევრ პრობლემას არაერთ სექტორში და აძვირებს საწვავს.
"ევრო-5"-ის სტანდარტი გულისხმობს, მხოლოდ ერთი კომპონენტის, გოგირდის შემცველობის შემცირებას დიზელში, შესაბამისად, ჰაერშიც. 1 წელში კი არავითარი რეალური სხვაობა არ იქნება პოზიტიური კუთხით, თუკი ქვეყანა მაინც მიიღებს ამ სტანდარტს და არ აამოქმედებს მორატორიუმს. ცვლილება იქნება ერთადერთი - 10-15 თეთრით გაძვირებული საწვავი. ,,სოკარს” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი გაუქრება პორტფელიდან ერთი წლით, რაც, რა თქმა უნდა, არასასაიამოვნოა, მაგრამ ეს არ არის ამ ამბის მთავარი პრიზმა. საქმე ისაა, რომ ამ ეტაპზე არავითარი მნიშვნელობა და პოზიტიური როლი არ ექნება ახალ სტანდარტს ეკოლოგიაში, თუმცა შექმნის ბევრ პრობლემას არაერთ სექტორში და ეს არის მთავარი”, - აღნიშნა ლევან გიორგაძემ.
ეკოლოგიური მდგომარეობისათვის მნიშვნელოვანი ცვლილება რომ ,,ევრო-5“ დიზელზე გადასვლით ვერ მოხდება ადასტურებს, შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე, საავტომობილო სფეროს სპეციალისტი დავით მესხიშვილიც. მისი თქმით, ცვლილებას ექნება მხოლოდ ორი შედეგი რუსეთზე დამოკიდებულების და დიზელის ფასის ზრდა.
,,რა თქმა უნდა, უმჯობესია რაც შეიძლება მაღალი სტანდარტის იყოს საწვავი, მაგრამ კიდევ მთავარი მომენტი ისაა, რა საწვავს რა ტრანსპორტში ვიყენებთ. ამას თან ერთვის ისიც, რომ დიზელის მომხმარებელი დიდწილად არის სოფლის მეურნეობის ტექნიკა, სპეც სატრანსპორტო საშუალებები და თუ მოხდება დაუყოვნებლივ გადასვლა "ევრო 5"-ზე, ეს გამოიწვევს ორ ცვლილებას: პირველი - აზერბაიჯანს ჩაანაცვლებს რუსეთი ძირითად იმპორტიორად და მეორე - საწვავის გაძვირებას, რაც ავტომატურად გააძვირებს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, დისტრიბუციას და შესაბამისად სურსათს. ერთი სიტყვით, ძალიან ბევრ უარყოფით რამეს შეცვლის ქვეყანაში რისი საპირწონეც ნამდვილად ვერ იქნება, ის მცირედი ცვლილება რაც შესაძლოა ეკოლოგიის მხრივ მოიტანოს.
მარტივი რამ უნდა გაკეთდეს, ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ ახალ სტანდარტზე და ისე, რომ საზოგადოებაც იყოს ინფორმირებული და თუ ამას არ ვაკეთებთ, მაშინ პირდაპირ უნდა ვითხრათ ხალხს, რომ საწვავს აძვირებს ხელისუფლება.
სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, ეკონოგიაზე საუბარი დამაჯერებელი რომ იყოს, პირველ რიგში ეს უნდა შეეხოს სწორად ჩატარებულ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას და არა იმ ფორმით როგორითაც დღესაა. ელემენტარულად 2017 წლის დადგენილება არსებობს დედაქალაქის მერიის მიერ დამტკიცებული, რომლითაც ავტოპარკის განახლება უნდა მომხდარიყო. ეს არათუ არ აღსრულდა, ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგმულა. ამ და უმარავი სხვა არათანმიმდევრული ნაბიჯისა და მიდგომის გამო და იმიტომაც, რომ ევრო 5-ზე გადასხვა რეალურად არაფერს ცვლის გარდა რუსეთზე, ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდისა, გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ ამ ყველაფრის უკან, არაფერია, გარდა ბაზრის ხელახალი და სხვაგვარი გადანაწილებისა”, - აღნიშნა,,რეზონანსთან” მესხიშვილი.
საკითხს სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსურობა და ერთიან პრიზმაში განხილვა აკლია - ასეთია პროფესორ რატი აბულაძის შეფასება. მისი აზრით, არსებულ ვითარებაში, მორატორიუმი საუკეთესო გამოსავალია.
,,ერთი მხრივ, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებაზე. სატრანსპორტო სფერო კი ვალდებულია, შექმნას მოცემულობა, სადაც სატრანსპორტო საშუალებების ძრავები შესაბამისობაში იყოს სტანდარტებთან და მესამე, ნავთობპროდუქტების ბაზრის წარმომადგენლები, ასევე ვალდებულნი არიან ამ მაღალი მოთხოვნის საწვავი შემოიტანონ. დღეს ზემოთ ჩამოთვლილი სამი კომპონენტი ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის, ამიტომ მიმაჩნია, რომ მორატორიუმი ოპტიმალური გამოსავალია.
საკითხს სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსურობა და ერთიან პრიზმაში განხილვა აკლია. ეს დახლოებით იგივეა, ახალთახალ კარგი ლითონისგან დამზადებულ ტაფაზე რომ ცუდი ზეთი დაასხა. ამით საკვები უკეთესი, რა თქმა უნდა, ვერ გახდება”, - განაცხადა ეკონომისტმა ,,რეზონანსთან” საუბრისას.
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნვთობკომპანიის წარმომადგენლები ოფიციალურ განცხადებებში ადასტურებენ, რომ 2021 წლისთვის მათი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სრულ მზადყოფნაში იქნება "ევრო-5"-ის ტიპის დიზელის წარმოებისათვის.