მარიამ ბოლქვაძე
17.09.2019

 პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში, ცხოვრების დონე დღითიდღე უარესდება და ეს აშშ-ის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებშიც ჩანს. მისივე შეფასებით, ის ფაქტი, რომ „ენდიაის" ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 41% საბჭოთა კავშირის ნგრევას უარყოფით მოვლენად აფასებს, საგანგაშო მაჩვენებელია.

რაც შეეხება, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებულ ბოლო სკანდალს, რაც დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებამ გამოიწვია, ვახტან ძაბირაძე ამას აფასებს, როგორც პრეზიდენტის უფლებრივ ქმედებას, რომლის შეცვლაც მხოლოდ და მხოლოდ საკანონმდებლო გზითაა შესაძლებელი.

„რეზონანსი" მას ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა.

„რეზონანსი": უკვე მეორე შემთხვევაა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა, მკვლელობისთვის მსჯავრდებული შეიწყალა. როგორ შეაფასებდით მის ამ გადაწყვეტილებას, რომელმაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია?

ვახტან ძაბირაძე: ჩვენ ან უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტს აქვს დისკრეციული უფლება შეიწყალოს ნებისმიერი, ჩვენთვის მისაღები თუ მიუღებელი პიროვნება, ან საკანონმდებლო დონეზე გავწეროთ, ვისი შეწყალების უფლება აქვს მას.

ამ საკითხის მუდმივი განხილვა არ შეიძლება. თუ რაიმე არ მოგვწონს, უნდა შევცვალოთ. ეს ხომ პირველი შემთხვევა არაა?! ასე იყო სააკაშვილისა და მარგველაშვილის დროსაც. ეს საკანონმდებლო ცვლილების გარეშე არ შეიცვლება. თუ პოლიტიკოსები ამას ქულების დაწერისთვის იყენებენ, მაშინ, ეს სხვა საკითხია.

„რ": „ენდიაის" ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში მთავარ პრობლემებს წარმოადგენს:სამუშაო ადგილების დეფიციტი, ფასების ზრდა და სიღარიბე. ამასთან, მოსახლეობის 49% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 48% ამბობს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში, ერთხელ მაინც, კომუნალური გადასახადების დასაფარი თანხა არ ჰქონდა, ხოლო 43%-ის თქმით, მისი ფინანსური მდგომარეობა 5 წლის წინანდელთან შედარებით გაუარესდა. რას იტყოდით ამ მაჩვენებლების შესახებ?

ვ. ძ.: ის მონაცემები, რომლებიც ამ კვლევამ გვიჩვენა, სიახლეს არ წარმოადგენს და, ფაქტობრივად, ათეული წლებია საქართველოს მოსახლეობა ამ მდგომარეობაშია: უმუშევრობა, სიღარიბე, საკვებ პროდუქტსა და წამლებზე ფასების ზრდა, ინფლაცია და ყველა ეს პრობლემა რეალურია.

სიტუაცია ლარის კურსის არასტაბილურობამაც გააუარესა. ქვეყანაში ვითარდება უფრო და უფრო მძიმდება. შეძლებულ, საშუალო და ნაკლებად შეძლებულ ფენებს შორის დიფერენცირება კატასტროფულად მცირდება, ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამ ტენდენციების შეჩერების და, მითუმეტეს, საპირისპიროდ შემობრუნების გზები ნამდვილად არ ჩანს.

„რ": მოსახლეობის 84%-ის აზრით, ქვეყანაში ფინანსურ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი არის მთავრობა...

ვ.ძ: ქვეყანაში ყველაფერზე პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებაა, რადგანაც მას აქვს ყველანაირი მექანიზმი, რათა გადაჭრას პრობლემები და შექმნას მოსახლეობისთვის საასურველი გარემო.

„ქართული ოცნების" ხელისუფლებას იმის უნარი არ აღმოაჩნდა, რომ ზემოაღნიშნული პრობლემები მოეგვარებინა. მან მხოლოდ ერთი მიმართულებით შეძლო სერიოზული ნაბიჯის გადადგმა - ეს არის საყოველთაო ჯანდაცვა, თუმცა, ამ პროექტის განვითარება, დახვეწა და გამრავალფეროვნება ვეღარ მოხერხდა. დღევანდელი ხელისუფლება იმას თუ შეძლებს, რომ უკუსვლა შეაჩეროს და სტატუს-კვო შეინარჩუნოს, მათი მხრივ ესეც დიდი მიღწევა იქნება.

„რ": „ენდიაის" კვლევის მიხედვით, საბჭოთა კავშირის დაშლას, მოსახლეობის 41% უარყოფით მოვლენად აფასებს. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია მოსახლეობაში, სსრკ-ს მიმართ ერთგვარი ნოსტალგიის გაჩენა?

ვ.ძ: ეს საკმაოდ შემაშფოთებელი მაჩვენებელია. ამ შეკითხვას ისევ სოციალური ფონის დამძიმებამდე მივყავართ - ბუნებრივია, რომ ნოსტალგია ჩნდება იმ დროისადმი, როდესაც, მაგალითისთვის, კომუნალური გადასახადები, ფაქტობრივად, მიზერული იყო.

„რ":კვლევამ ისიც აჩვენა, რომ მოსახლეობის 57%-ს არ სჯერა, რომ საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებს. რას შეიძლება მივაწეროთ ხალხის ასეთი სკეპტიკური განწყობა?

ვ.ძ: ეს იმიტომ ხდება, რომ მოსახლეობას მთავრობისადმი ნდობა დაკარგული აქვს და არა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლებისადმი, არამედ, ზოგადად, ხელისუფალის ცნებისადმი მისი დამოკიდებულება სკეპტიკურია. იმ შეკითხვას, თუ რამდენად ენდობა ხალხი მთავრობას, ყველაზე კარგად ეს მაჩვენებელი პასუხობს.

მთელი ამ 30 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ მოსახლეობა რამდენჯერმე გაძარცვა, ჯერ იყო და შემნახველ წიგნაკებზე არსებული თანხები, კუპონის შემოღების დროს, მთლიანად გაუფასურდა, შემდეგ ეტაპზე ითქვა, რომ ვინც თანხას შეიტანდა, მალევე გაუორმაგდებოდა, რაც ტყუილი აღმოჩნდა.

ხალხში უნდობლობა ვერც „ქართულმა ოცნებამ" გამოასწორა. იმას, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობის ნდობა მოიპოვოს, გარკვეული დრო დასჭირდება.

„რ": ბოლო დღეებში, ასევე, დაპირისპირება მოხდა „გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთ ლიდერს, თაკო ჩარკვიანსა და „ევროპულ საქართველოს" შორის. რამდენად შესაძლებელია ამან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იქონიოს გავლენა?

ვ.ძ: „ევროპული საქართველოსა" და „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი თავის დროზე ამ ორი პარტიის საერთო ამომრჩეველი იყო. ახლა, ეს პარტიები მომხრეების გამო იბრძვიან. ეს ბუნებრივი მოვლენაა. ამას გარდა, საარჩევნო სისტემის ცვლილებამ „გაერთიანებული ოპოზიცია" შესაძლოა, სრულიად ახალი რეალობის წინაშე დააყენოს, რადგან თუ ბლოკები დაშვებული არ იქნება, მაშინ „გაერთიანებულ ოპოზიციაში" შემავალი პარტიები იძულებულები იქნებიან კენჭი ცალკე, ანდაც „ნაციონალური მოძრაობის" სიით იყარონ.

„რ": „ევროპული საქართველო" გამოვიდა ინიციატივით, რომ 2020 წლის საპარლამენტო აღცევნების შემდეგ არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ქართულ ოცნებასთან" კოალიცია არ შექმნას. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ წამოწყებას?

ვ.ძ: „ევროპული საქართველოს" მიერ გაკეთებული განცხადება, რომ 2020 წლის პარლამენტში ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართულ ოცნებასთან" კოალიცია არ შექმნას, გულისხმობს იმას, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობასთან" უნდა გაერთიანდნენ. როგორც ჩანს, „ევროპულმა საქართველომ" გადაწყვიტა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსი შექმნას, ან პარტიები, რომლებიც ამომრჩევლის მოზიდვას ცდილობენ, მშრალზე დატოვოს; თუმცა, ეს საკმაოდ სახიფათო თამაშია, რადგანაც დიდია შანსი მოსახლეობა ისე მოიქცეს, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოიქცა და „ნაციონალური მოძრაობის" ნაცვლად მხარი დღევანდელ უმრავლესობას დაუჭიროს.

„ევროპული საქართველოს" განცხადება იმ პარტიების დაბლოკვისკენაა მიმართული, რომლებიც არსებული უვარგისი რეალობის შეცვლას ცდილობენ. ცვლილებისთვის ბრძოლა, დღეს თუ არა ხვალ მაინც, შექმნის მესამე ძალას.

„რ": პარლამენტმა არ მიიღო „ევროპული საქართველოს" მომზადებული რეზოლუცია, რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ. როგორ შეაფასებდით ამ გადაწყვეტილებას?

ვ.ძ: ამ მხარდამჭერი ვიქნებოდი, თუ ამ სანქციების ამოქმედების შანსი 1%-ს მაინც შეადგენდა. რეზოლუციაში შესული მოთხოვნები ბრწყინვალეა, მაგრამ უდროოა და ამოვარდნილია იმ რეჟიმიდან, რომელშიც მსოფლიო პოლიტიკა მიედინება.

არ შეიძლება პოლიტიკა ან პიარი მხოლოდ გულის მოსაფხანად ვაწარმოოთ. აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის „რვიანში" დაბრუნებაზე საუბრობს და ასეთ დროს მისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა რამდენად რეალურია?! უნდა ვიფიქროთ, ასეთი კატეგორიულობა რაიმე შედეგს მოგვიტანს თუ არა.

სამწუხაროა, რომ „ევროპული საქართველო" და „ნაციონალური მოძრაობა" ოკუპაციის თემას პოლიტიკური პიარისთვის იყენებს. საქართველო აშშ-სა და ევროპას ასეთი კატეგორიული ნაბიჯების გადადგას ვერ აიძულებს, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, საქართველოს, როგორც ოკუპირებული მხარის, დღის წესრიგში მუდმივი ყოფნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×