სადავო შეწყალებებთან დაკავშირებულმა სკანდალმა ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ უკვე სერიოზულად ალაპარაკდნენ მოქმედი პრეზიდენტის იმპიჩმენტის ალბათობაზე.
ამის შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც შეწყალებულ მსჯავრდებულთა 34-კაციან სიაში ორი გახმაურებული მკვლელობის მთავარი ფიგურანტები აღმოჩნდნენ. ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალების ფაქტს საკმაოდ დიდი კრიტიკა და პროტესტი მოჰყვა, როგორც საზოგადოების, ასევე „ქართულ ოცნების" მხრიდანაც.
„თუ ასე გააგრძელებს ზურაბიშვილი... ის შეიძლება შევიდეს საქართველოს ისტორიაში, როგორც პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტს გამოუცხადებენ," - ამბობს „აიპრესთან"თინა ხიდაშელი.
„როდესაც იმპიჩმენტზე ვსაუბრობთ, საბოლოო შედეგის რეალურობის განჭვრეტა საკმაოდ რთულია, რადგან თავად იმპიჩმენტის პროცედურა არის საკმაოდ რთული, მისი დაწყება, გაგრძელება და დასრულება. როგორც მინიმუმ ორ კონსტიტუციურ ორგანოში მიმდინარეობს ეს ყველაფერი და ბუნებრივია, აზრთა სხვადასხვაობაც იქნება," - აცხადებს „რეზონანსთან" იურისტი ლევან ალაფიშვილი.
ის იმპიჩმენტის პროცედურებზე საუბრისას ამბობს, რომ პროცესი საბოლოოდ პარლამენტში მაღალი ქვორუმის მიღებით უნდა დასრულდეს.
„პროცედურები იწყება პარლამენტში, შემდგომ სამართლებრივ დასკვნას საკონსტიტუციო სასამართლო გასცემს, რომელიც პარლამენტში ბრუნდება და იქ უკვე მაღალი ქვორუმით გრძელდება პროცესი. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დარღვევას დაადგენს, პარლამენტში მობრუნების შემდეგ, პროცედურები კვლავ გრძლედება.
„მაღალი ქვორუმით პარლამენტი უკვე იღებს გადაწყვეტილებას უნდობლობის გამოცხადების შესახებ," - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.
საკითხი პირველად თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა წამოჭრა; მისი თქმით, თუ პრეზიდენტი ასე გააგრძელებს, შესაძლოა ისტორიაში შევიდეს როგორც პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტს გამოუცხადებენ.
„რა თქმა უნდა პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირის თაობაზე გამართლებულად არ მიმაჩნია. უფრო სწორად პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში არ არის იმდენად პრობლემა, რამდენად სხვა რამეში.
„ეს არის პრეზიდენტის აქტით გამოცემული გადაწყვეტილება და შესაბამისად კანონის ფარგლებში უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება მიღებული. პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ გადაწყვეტილებას პრობლემა აქვს კანონთან, ვინაიდან როგორც მე ვიცი არ არის გაუქმებული შეწყალების შესახებ მოქმედი ის აქტი, რომელიც მანამდე მოქმედებდა. ყოველ შემთხვევაში სპეციალურად ვეძებე, რადგან მაინტერესებდა ხომ არ გააუქმა ის ზურაბიშვილმა, მაგრამ მისი გაუქმების აქტი ინტერნეტ-სივრცეში არ იძებნება. თუ ის გაუქმებული არ არის, გამოდის, რომ მას აქვს კანონთან პრობლემა. იმიტომ, რომ იქ ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირების შეწყალება არ შეიძლება.
„მაგრამ, ეს არ არის ამ გადაწყვეტილების მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემა ის არის, რაც მუდმივად არის ამ ადამიანთან დაკავშირებით, ეს მდგომარეობს იმაში რომ მინიმალური ან ელემენტარული მოთხოვნილება არ აქვს და ვალდებულების განცდა არ აქვს, რომ უნდა აუხსნას საზოგადოებას გადაწყვეტილებები, რომელსაც ის იღებს. როდესაც ისმება ძალიან ლეგიტიმური კითხვები, ამ კითხვებს სჭირდება პასუხები. ყველაზე დიდი პრობლემა ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ამ ერთი წლის განმავლობაში ხასიათდება ამ ზემოდან ყურების დამოკიდებულებით, როდესაც საერთოდ არაფერზე არ გრძნობს განმარტებების გაკეთების საჭიროებას," - ამბობს ხიდაშელი.
კითხვაზე, მის პასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე? - პასუხობს:
„იცით რა არის? თუ ასე გააგრძელებს ზურაბიშვილი... ადრე ვთქვი, რომ მომავალ არჩევნებში დავუჭერ მხარს, რომელიც იტყვის, რომ მოსამართლეების სიასთან დაკავშირებულ საკითხებს აღმოფხვრის, ანუ ვინც ნულიდან დაიწყებს სასამართლო რეფორმას-მეთქი. სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებითაც უკვე მიყალიბდება აზრი იმაზე, რომ მისი ამგვარი დამოკიდებულება ამომრჩევლის, კანონით დადგენილი ვალდებულებების, საკუთარი პასუხისმგებლობის და ანაგარიშვალდებულების ელემენტარული ცნების მიმართ თუ გაგრძელდა, ის შეიძლება შევიდეს საქართველოს ისტორიაში, როგორც პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტს გამოუცხადებენ," - განუცხდა 17 სექტემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში „აიპრესს"თინა ხიდაშელმა.