თამთა ჩაჩანიძე
18.09.2019

 „პრეზიდენტის უფლებამოსილება არის დისკრეციული, შეუძლია თავისუფლად შეიწყალოს მკვლელიც, ყაჩაღიც, ქურდიც და ტერორისტიც. დღევანდელი კანონმდებლობით იგი შეუზღუდავია" - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას იურისტი კახა წიქარიშვილი შეწყალებასთან დაკავშირებით აგორებულ სკანდალზე, თუმცა იქვე უმატებს, რომ „პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა შეისწავლოს თითოეული მსჯავრდებულის ისტორია, სანამ იგი შეწყალების აქტს ხელს მოაწერს".

„როგორც ვიცი, პრეზიდენტის აპარატს აქვს შიდა სტრუქტურა, განყოფილება, რომელიც განცხადებებს იხილავს და პრეზიდენტისთვის დასკვნას ამზადებს შეწყალებაზე უარის თქმაზე ან შეწყალების თაობაზე. თვითონ ეს აპარატი რა პრინციპებით ხელმძღვანელობს, არ ვიცი. მეორეს მხრივ, თვითონ შეწყალება პრეზიდენტის უფლებაა და როდესაც განცხადებები კეთდება იმის თაობაზე, პრეზიდენტის საქმიანობაში ხომ არ მოხდა რამე არაჯეროვანი ზეგავლენა ან დანაშაულებრივი ჩარევა და ა.შ. პრეზიდენტი თუ თავისი დისკრეციით მოქმედებს, ის თავისუფალია, გინდა მკვლელს შეიწყალებს, გინდ ქურდს და გინდა ყაჩაღს.

„მაგალითად თუ მოხდა წინასწარი შეთანხმება დამნაშავესთან, გარე ძალიდან არაჯეროვანი ზემოქმედება პრეზიდენტის საქმიანობაში, ქრთამის მიცემა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ან ზეგავლენით ვაჭრობა (არსებოს ასეთი დანაშაულიც), ამ შემთხვევაში შესაძლოა, დანაშაულის ნიშნები იყის, თორემ თვითონ პრეზიდენტის უფლებამოსილება არის დისკრეციული, შეუძლია თავისუფლად შეიწყალოს მკვლელიც, ყაჩაღიც, ქურდიც და ტერორისტიც. დღევანდელი კანონმდებლობით იგი შეუზღუდავია.

„პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა შეისწავლოს თითოეული მსჯავრდებულის ისტორია, სანამ იგი შეწყალების აქტს ხელს მოაწერს, ამაზე სავარაუდოდ პრეზიდენტის აპარატი ამზადებს დასკვნას, თუ რა დანაშაული ჩაიდინა ადამიანმა, თუ რა პიროვნული მახასიათბელი აქვს, რა არის შემამსუბუქებელი, ან დამამძიმებელი გარემოება, როგორი იქცეოდა პიროვნება დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ინანიებს თუ არა დანაშაულს, ეს ყოველივე დანაშაული და პიროვნება მთლიანად უნდა იქნეს შესწავლილი, რის შემდეგაც პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას, ეს ადამიანი შიწყალოს თუ არა.

„რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტს სია გარედან არ მიეწოდება, შედის განცხადებები, განცხადებთ მიმართავს ათიათასობით მსჯავრდებული, თვითნ აპარატში არსებობს რაღაც რგოლი, რომელიც იხილავს ამ ყველა განცხადებას და აცხადებს რეკომენდაციას. ადრე იყო შეწყალების კომისია, ახლა როგორც ვიცი ოფიციალური კომისია აღარ არსებობს, უბრალოდ აპარატში, რომელიღაც რგოლი ამზადებს დასკვნებს და პრეზიდენტი ამ დასკვნების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას," - ამბობს წიქარიშვილი.

აღსანიშნავია ის „უცნაურ" შეწყალებებში მარტო სალომე ზურაბიშვილი არ არის შემჩნეული. კიდევ უფრო სავალალოა ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეცდომა. მან 2018 წლის თებერვალში მსჯავდებული იაგო ნებიერიძე შეიწყალა, რომელმაც შემდგომში გორში 9 წლის გოგონა მოკლა.

„მე ხელაღებით ვერ გეტყვით და არცერთ საქმეს სიღრმისეულად არ ვიცნობ, მკვლელობასაც კი შესაძლოა ჰქონდეს რაღაც თავისი შემამსუბუქებელი გარემოება და შეიძლება დანაშაულის ჩადენის შემდგომ ადამიანი გულწრფელად ინანიებდეს. ზოგადად პრეზიდენტს აქაც კი არ აქვს აბსოლუტური შეზღუდვა, რომ მკვლელი არ შეიწყალოს, მკვლელობაში გასამართლებული პირის შეწყალებას კანონი არ უკრძალავს, ესე იგი შესაძლოა მკვლელობა ჩადენილია სულიერი აღელვების მდგომარეობაში, ასევე ჩადენილია აუცილებელი მოგერიების გადამეტებით, ასევე ჩადენილის დაზარალებულის მიერ პირის შეურაცხყოფით და ა.შ. საქმე იმაშია, რომ შეწყალება არ საბუთდება, ჩვენ ზუსტად არ ვიცით პრეზიდენტმა რა ფაქტორი მიიღო, ან არ მიიღო მხედველობაში," - ამბობს წიქარიშვილი.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უნდა არსებობდეს შეწყალების კომისია, რათა დარეგულირდეს ეს მექანიზმი.

„ჩემი აზრით, შეწყალების კომისია უნდა არსებობდეს, კოლეგიური ორგანო, რომელიც შესდგება სახელმწიფოს და საზოგადოების წარმომადგენლებისგან, რომელიც ყველა საქმეს განიხილავს დეტალურად, დადებს დასაბუთებულ დასკვნას, მგონია, რომ დასაბუთების ელემენტებიც უნდა შევიდეს და რაღაც რეგულაცია, წესი, თუ რა ფაქტორები მიიღება მხედველობაში შეწყალების დროს, ანუ რით ხელმძღვანელობს პრეზიდენტი, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ, მსჯავდებულებმა, რომ შეეძლონ ივარაუდონ, რომ მათი განცხადება იქნება თუ არა დაკმაყოფილებული პრეზიდენტის მიერ," - ამბობს წიქარიშვილი.

იმის გასარკვევად, თუ რა მექანიზმი არსებობს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების სიის შედგენასთან დაკავშირებით, „რეზონანსი" სალომე ზურაბიშვილის ყოფილ პრესსამსახურის უფროსს ხატია მოისწრაფიშვილს დაუკავშირდა, მათ შორის იმ კითხვითაც თუ რატომ გაათავისუფლა პრეზიდენტმა იგი დაკავებული თანამდებობიდან. მან გვითხრა, რომ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებულ თემებზე არ საუბრობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×