თამარ შუკვანი
18.09.2019

 „ამერიკის ხმა" ტელეკომპანია „იმედს" ბრალდებას უყენებს, რომ „იმედმა" მათი ჟურნალისტის კომენტარი არასწორ კონტექსტში წარმოაჩინა, რასაც „ღრმად შემაშფოთებელი" უწოდა. ამ ბრალდების საპასუხოდ „იმედის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიხლაძემ „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ „ამერიკის ხმა" მომხდარი ამბის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს და მზად არის, ყველა დაინტერესებულ პირს მიაწოდოს დაუმონტაჟებელი მასალა, სადაც ნათლად ჩანს, რომ მათი მხრიდან არანაირი სტანდარტი არ დარღვეულა.

„ამერიკის ხმის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ ჟურნალისტს, ჯიმ მალონს „იმედმა" ინტერვიუ აშშ-ის 2020 საპრეზიდენტო არჩევნებზე სასაუბროდ სთხოვა, თუმცა ინტერვიუს განმავლობაში „იმედის" ჟურნალისტმა მას კითხვები ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე დაუსვა, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ჯიმ მალონის საქმიანობის მთავარი ნაწილი აშშ-ის შიდა პოლიტიკაა.

„ის, რაზეც ამერიკის ხმის ქართული რედაქცია საკუთარ წერილში წერს, არ შეესაბამება რეალობას. ჩვენ გვაქვს სატელევიზიო ინტერვიუს სრული, დაუმონტაჟებელი ვერსია და ყველა დაინტერესებულ პირს შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ დარწმუნდნენ, არ მოხმდარა არც ვაშინგტონში ჩვენი ჟურნალისტის და არც ადგილზე რეპორტაჟის ავტორის მხრიდან კონტექსტის ცვლილება.

„სამწუხაროა, რომ „ამერიკის ხმის" ქართულმა ბიურომ, ისე გამოაქვეყნა წერილი, რომ ჩვენთვის არ მოუმართავს. კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა ფაქტს, რომ არასოდეს და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ჟურნალისტური სტანდარტი არ დაგვირღვევია, არ დაგვიმახინჯებია რესპოდენტის პოზიცია და არასოდეს შეგვიცვლია კონტექსტი, რაც შეეხება რესპონდეტს, განცხადებაში ნათქვამია თითქოს ჩვენც ვცდილობთ „ამერიკის ხმის" ჟურნალისტს და მის კომპეტენციას ჩრდილი მივაყენოთ, რაც არის ტყუილი, რადგან რესპოდენტი ჩვენ სწორედ მისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე შევარჩიეთ, რადგან ის წლებია შტატების შიდა პოლიტიკას და კონგრესის ამბებს აშუქებს და მან კარგად იცის რა გავლენა აქვს ცალკეულ პოლიტიკოსსა თუ არასამტავრობოს წარმომადგენელს შტატებში.

"მეორეს მხრივ ამას დაერთო დეზინფორმაციული კამპანია ადგილობრივი, ჩასაფრებული ჯგუფების მხრიდან, ისინი ცდილობენ ინფორმაციის კიდევ უფრო დამახინჯებას, თუმცა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ," - განაცხადა ირაკლი ჩიხლაძემ.

„ამერიკის ხმის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია:

„ინტერვიუს მიმდინარეობისას, ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა დაიწყო შეკითხვების დასმა ამერიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ და მას კომენტარი სთხოვა რამდენიმე ამერიკელი პოლიტიკის მწარმოებლის გავლენაზე ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატების შესარჩევ პროცესზე. შეკითხვების ეს ხაზი ინტერვიუს თავდაპირველ თემას სრულიად სცდებოდა და ბატონმა მალონმა განაცხადა, რომ ამ ადამიანების სახელები მას იმ წუთას და ამერიკის არჩევნების კონტექსტში არ ეცნობოდა და რომ არ სურდა მათზე კომენტარის გაკეთება.

„ჯიმ მალონი "ამერიკის ხმაში" წლების მანძილზე შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკას, საარჩევნო პროცესებს, კონგრესში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებს აშუქებს. ამერიკის საგარეო პოლიტიკა მისი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულება არ არის.

„ბატონი მალონი „ამერიკის ხმის" გამოცდილი ჟურნალისტია, რომელიც ამერიკულ პოლიტიკას წლებია აშუქებს. ნებისმიერი მცდელობა, ამ ინტერვიუში მისი პასუხები ამოღებულ იქნას კონტექსტიდან იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს „ამერიკის ხმის" ჟურნალისტების კალიბრს და კვალიფიკაციას, ან იმისთვის, რომ არასწორად იქნას გადაცემული „ამერიკის ხმის" საქმიანობა საქართველოში ნებისმიერ სიახლესთან დაკავშირებით, ღრმად შემაშფოთებელია," - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×