თამარ შუკვანი
18.09.2019

 „დადებითი განწყობა მაქვს იმ გუნდის მიმართ, რომელიც ხაზარაძემ წარმოადგინა. საინტერესო ხალხია და ნეგატიურ რეპუტაციას არცერთი არ ატარებს. საკმაოდ საინტერესო განაცხადია იმ კუთხითაც, რომ სახელმწიფო ცხოვრებაში უნდა იყვნენ ჩართული სხვადასხვა მიმართულების ადამიანები. კარგი გათვლაა, რადგან ხაზარაძეზე არაერთგვაროვანი პოზიციები არსებობს საზოგადოებაში და მის კონკურენტებში," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის მიერ ორგანიზაციის პირველი 12 წევრი წარდგენის შესახებ საუბრისას.

„რეზონანსი": ხაზარაძის განცხადებით, მისი პოლიტიკური პარტიის ლიდერები პრაიმერის პრინციპით იქნებიან შერჩეულები. ხოლო საზოგადოებრივ მოძრაობასა და პოლიტიკურ პარტიას შორის არავითარი კავშირი არ არის, პარტია ცალკე დაფუძნდება. როგორ ფიქრობთ, რა შედეგს გამოიღებს ეს და უნდა ველოდოთ თუ არა მის პარტიაში ცნობილ პოლიტიკურ სახეებს?

არჩილ გამზარდია: ცნობილი ხალხი ჰყავს ხაზარაძეს, მაგრამ არ ჰყავს გაცვეთილი სახეები. რეალურად არცერთი არ არის უცხო, პირიქით ყველა ცნობილია. ამ პლატფორმის შექმნაზე თუ იმუშავებს, ზედემატად გაცვეთილი სახეები არ უნდა ჰყავდეს. ძნელი იქნება მოძებნოს ისეთი პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც ძალიან „პაპსაა," თან საზოგადოებაში დადებითი რეპუტაცია აქვთ, თანაც რაღაცას შესძენს.

ეს არ იქნება ძალიან ფრთხილად შერჩეული ნაკადი, მაგრამ სჯობს ეს პლატფორმა შეინარჩუნოს; საინტერესო რეპუტაციის მქონე ხალხს მისცეს სივრცე საქმიანობისთვის და არ იყოს ტრადიციული პარტია. ტრადიციული იმ მხრივ, რომ საბოლოოდ ერთ ლიდერზე ჩამოკიდებული დანარჩენი სახეები არ აღმოჩნდეს. ეს უნდა იყოს თანამმართველობითი რეჟიმი, სადაც ე.წ. ლიდერი სხვას აძლევს სივრცეს. თანალიდერების რეჟიმი უნდა არსებობდეს. ამას თუ შეძლებენ, შესაძლოა საინტერესო პერპექტივებზე ვიფიქროთ სამომავლოდ, თუ არა და მაშინ, როგორც სხვა პარტიებს, ტრადიციული უკუგანვითარების სივრცე შეიძლება მიეცეს.

„რ": 2020 წლის საპარლამენტო არჩვენებზე ხაზარაძის პარტიას რა პესპექტივა აქვს?

ა.გ: რაც შეეხება ე.წ. ნულოვან ბარიერს, ეს როგორც გულუბრყვილოდ ჩანს გარედან, ასეთი მარტივი არ იქნება. მარკეტინგის პრინციპია, როდესაც ძალიან დიდი რაოდენობისაა შეთავაზება, იქ მომხმარებელს, მითუმეტეს ნაკლებად გაცნობიერებულს, უჭირს შერჩევის კრიტერიუმების შექმნა და ისევ ბრენდებზე აკეთებს აქცენტს.

თუ ძალიან ბევრი პოლიტიკური სუბიექტი იქნება, შეიძლება ამომრჩეველი უფრო დაიბნეს და გაცვეთილ, ტრადიციულ ბრენდ პარტიებზე გააკეთოს არჩევანი. შესაძლოა გათვლაც ამაზეა. თითქოს ეს ბარიერი, თან რომ არსებობს და თან არა, იმდენად მინიმალისტურია, ამის გამოც შეიძლება ბევრს ჰქონდეს იმედი ამ პროცესში გასვლის. მიუხედავად ყველაფრისა, ასე მარტივად არ გადანაწილდება.

თვითონ ხაზარაძის გუნდს ამ წუთისთვის, თუ ეს კარგად გაშალეს, გარკვეული პერსპექტივა აქვს, მაგრამ მას არა უბრალოდ ფრანქციის პერსპექტივა უნდა აიტერესებდეს, არამედ მსხვილი მოცემულობით შესვლაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×