სამუშაო ადგილებზე უსაფრთოების წესების დარღვევის სტატისტიკა
50%-ზე მეტით გაიზარდა. ასეთია 2019 წლის იანვარ-ივლისის ოფიციალური მონაცემი. არასამათავრობო სექტორში აცხადებენ, რომ სრულ სურათს იგი არ იძლევა და რეალურად გაცილებით მძიმე ვითარება და ბევრი დარღევევაა. შრომის ინსპექცია კი 1-ლი იანვრიდან ინსპექტორების რიცხვის 40-დან 100-მდე გაზრდას აპირებს, რაც გაზრდის ზედამხედველობასაც.
2019 წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები 50.75%-ით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის 202 ფაქტი დაფიქსირდა მაშინ, როცა 2018 წლის ამავე პერიოდში 134 შემთხვევა იყო. შარშან აღნიშნული დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან 7 (5.22%), ხოლო 2019 წელს - 6 (2.97%) საქმე გაიხსნა.
დამოუკიდებელი პროფკავშირის ,,თბილისის სოლიდარობის ქსელის” თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე ,,რეზონანსთან” ამბობს, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად ქვეყანაში ბევრად მძიმე ვითარებაა შრომის უსაფრთხოების კუთხით. მიზეზად კი კანონმდებლობის ხარვეზებს, ინსპექტორთა რაოდენობასა და კვალიფიკაციას და ადმინისტრირების არარსებობას ასახელებს.
"რეალურად რომ მოხდეს შემოწმება, ყველა კომპანიაში არის დარღვევები და დიდ უმრავლესობაში ამას აქვს საგანგაშო ხასიათი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და აქ საუბარი არ არის იმაზე ჩაფხუტი ახურავს თუ არა ვინმეს. არავითარი ინფრასტრუქტურა და პირობებივარ არსებობს იმისათვის რომ დასაქმებული იყოს დაცული.
პრობლემაა ასევე ინსპექტორების რაოდენობაც, რის გამოც ვერ ესწრება საწარმოთა დიდი ნაწილის შემოწმება და სრული სურათი ამითაც იკარგება.
კანონმდებლობაც არ არის გამართული. შრომის უსაფრთხოებაში შრომის ურთიერთობებიც რომ შედის, ეს საერთოდ ამოვარდნილია ზედამხეველობიდან. როცა ადამიანი მუშაობს 8 საათი, რა თქმა უნდა, ის უფრო ყურადღებითაცაა და უფრო მეტად შეუძლია საკუთარ და სხვის სიცოცხლეზე ზრუნვა, ვიდრე მაშინ, როცა 12 საათს მუშაობენ და შაბათ-კვირას დასვენების გარეშე. მაგალითად, ეს კომპონენტი საერთოდ უგულებელყოფილია.
ჯარიმები მინიმალურია და სამწუხაროდ, დამსაქმებლებს ვითარების გამოსწორებას ურჩევნიათ ეს ჯარიმა გადაიხადონ. იმ შემთხვეაში კი თუ ადამიანი იჩივლებს სასამართლოში, მინიმუმ 3 წელი გრძელდება დავა. ამიტომაცაა რომ მხოლოდ უკვე განთავისუფლებული თანამშრომლების საჩივრები არსებობს.
მცირე რაოდენობის ინსპექტორებს კი, რამდენიმე კვირიანი ტრენინგი უტარებათ. ისინი რეალურად კარგად არ იცნობენ სპეციფიკას იმ ობიექტებისა სადაც შედიან. ეფექტური ინსპექცია თუ გინდა, უნდა გყავდეს ამ საქმის სპეციალისტები და არა ისე, როგორც დღეს არის, ფინანსისტები, იურისტები და ა.შ. “- ამბობს დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე ,,რეზონანსთან”.
1-ლი სექტემბრიდან შრომის ინსპექციის არეალი და უფლებამოსილება მნიშვნელივნად გაიზარდა, თუმცა კვლავ პრობლემად რჩება ინსპექტორთა რაოდენობა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მაია მიქაია ამბობს, რომ 2020 წლის იანვრიდან ობიექტებს 100 ინპექტორი შეამოქმებს, ანუ მათი რაოდენობა, ფაქტობრივად, 60%-ით გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნაც შეცვლის არსებულ ვითარებას.
,,სტატისტიკის ზრდა, სავარაუდოდ, დაკავშირებული უნდა იყოს აღრიცხვის მეთოდიკის შეცვლასთან. ამიტომ 2018 და 2019 წლის შემთხვევების შედარება ვერ მოგვცემს ვერანაირ შედეგს.
შრომის დეპარტამენტი უნდა გავიდეს ცალკე სიპ-ად და რეგიონალური ოფისებიც შეიქმნას. შესაბამისად, ამ საკითხებზე და ინსპექტორთა რაოდენობის ზრდაზეც დაწყებულია მუშაობა.
დღევანდელი მდგომარეობით 40-ამდე ინსპექტორია მთელი ქვეყნის მასშტაბით მაშინ, როცა მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტები, როგორც ეს სექტემბრამდე იყო გათვალისწინებული, 40 000-ია, თუმცა ნაწილი, ალბათ, არასწორად დარეგისტრირდა. დღეს კი, რამდენი ობიექტის შემოწმების ვალდებულება გვაქვს, ზუსტად არ ვიცი.
ინსპექტორთა რაოდენობა ქვეყნაში წლის ბოლომდე ან არაუგვიანეს წლის დასაწყისამდე გაიზრდება. ასეთია საერთაშორისო პრაქტიკაც. დათვლა ხდება ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით“, - აღნიშნა `რეზონანსთან~ საუბრისას მაია მიქაიამ.