საქართველოში ღვინის მარნების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 2012 წელს მათი რაოდენობა 100-მდე იყო, დღეს კი თითქმის 1000-ს აღწევს. აქედან უმეტესი მცირე და საშუალო მარანია. საქართველოში ძალიან ბევრია წარმატებული მცირე მარანი, რომლებიც მსოფლიო მედიისა და ღვინის პროფესიონალების ყურადღებას იქცევს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას ინფორმაციით, მცირე მარნების უნიკალურობას ღვინის ხარისხი განსაზღვრავს. დღეს კახეთის ყველა სოფელში სულ ცოტა 2 მცირე მარანი მაინც ფუნქციობს.
„მცირე მარნები სტაბილურობის გარანტია მეღვინეობაში. ამის ძალიან კარგი მაგალითებია არაერთი წარმატებული მცირე მარანი, რომელმაც სხვებს სტიმულირება მისცეს, რომ მეღვინეობაში ჩაბმულიყვნენ. მცირე მარნების არსებობა დარგის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ 10 და 20 დიდი მარნის მუშაობა ვერ შექმნის სტაბილურობას. კახეთში თუ გაივლით დაინახავთ, რომ თითო სოფელში სულ ცოტა 2 მცირე მარანი მაინც ფუნქციობს. ოჯახური მარნები ვისაც აქვთ, თავიანთ მოსავალს იქვე წურავენ. არის შემთხვევები, როდესაც მცირე მარნები სხვების ყურძენსაც იბარებენ. მალე რომც ვერ მოხდეს ღვინის რეალიზაცია, ეს არ ქმნის პრობლემას, რადგან ღვინო, ყურძნისგან განსხვავებით, არ არის მალფუჭებადი. თუ ღვინო სწორად დაყენებულია, მას წლების განმავლობაში უფრო მეტი ფასი ედება“, - აცხადებს ლევან მეხუზლა.
მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო მცირე მარნებს რამდენიმე მიმართულებით ეხმარება და განსაკუთრებული წვლილი ამაში სააგენტოს მიერ მხარდაჭერილ ფესტივალებს შეაქვთ. ასევე უცხოეთიდან მოწვეულ სპეციალისტებსა და დისტრიბუტორებს.
„ღვინის ტურიზმი პირდაპირ კავშირშია მცირე მარნების განვითარებასთან. ტურისტების სიმრავლე უფრო მეტად მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე დიდი საწარმოებისთვის. რთველი კახეთში ახლა დაიწყო და იმედი მაქვს, ტურისტების რაოდენობა გაზირდება. მცირე მარნების განვითარებისთვის განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენს მიერ მხარდაჭერილი „ახალი ღვინის ფესტივალი“, „ბუნებრივი ღვინის ფესტივალი“, “ვაინ ექსპო“, ქვევრის ღვინისა და საფერავის კონკურსები. ასევე, ჩამოგვყავს სპეციალისტები, დისტრიბუტორები, სომელიეები და რესტორატორები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ადგილზე მიდიან მცირე მარნებში და ეცნობიან ღვინოებს. სააგენტოს მხარდაჭერით, მცირე მარნები მონაწილოებას იღებენ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენებში, სწორედ მსგავსი გამოფენების შედეგია ქართული მცირე მარნების ღვინოები წარმოდგენილია ლონდონის სასტუმროსა და კოპენჰაგენის ცნობილ რესტორანში, რომელიც მსოფლიო რესტორნების ხუთეულშია”, - აცხადებს მეხუზლა.
სახემწიფოს მიერ მხარდაჭერა რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მცირე მარნების განვითარებაში, ადასტურებს ექსპერტი გიორგი მესხიც. მისი აზრით, დღეს სახელემწიფოს ხელშეწყობით ყველანაირი პირობები არსებობს მცირე და საშუალო მარნების განვითარებისთვის.
„წელს კახეთში 200 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მოსავალი გასულ წელსაც რეკორდული იყო კახეთში. იმ მევენახეებმა, რომლებსაც არ სურდათ დამოკიდებული ყოფილიყვნენ ღვინის ქარხნების მიერ შეთავაზებულ ფასზე, სხვა ალტერნატივა მოძებნეს - თავად დაიწყეს ყურძნის გადამუშავება, ღვინის ჩამოსხმა და რეალიზაცია. ამასთან ერთად, შექმნეს და განავითარეს ღვინის მარნები. ეს არის ძალიან სწორი მიმართულება.
რთველი აქტიურ ფაზაშია და როგორც უკვე აღინიშნა ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები მცირე და საშუალო მარნები. სწორედ მათ მაგალითზე, ბევრი მევენახე ფიქრობს ამ გზით წასვლას, რომ თავად დაამზადონ საკუთარი ყურძნისგან ღვინო და თავად დაადონ საკუთარ პროდუქციას ფასი. სწორედ ამ გზით ვითარდება საფრანგეთი, იტალია და გერმანია, ამ ქვეყნების მეღვინეობა მცირე და საშუალო მარნებზე დგას“, - აცხადებს მესხი.
ექსპერტის აზრით, მცირე მარნების განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სახლმწიფო პროგრამებს.
„მარნების მიერ წარმოებული ღვინის პოპულარიზაციის პროცესში კი ღვინის ეროვნული სააგენტოა ჩართული როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რაც მათ ღვინის რეალიზაციაში ეხმარებათ“, - აღნიშნა გიორგი მესხმა.
კახეთში რთველი 2019 აქტიურ ფაზაშია. მოსავალი მაღალია. მცირე მარნები აქტიურად არიან ჩართულები ამ პროცესში და სჯერათ, რომ მათ მიერ წარმოებული ღვინო მსოფლიოს კიდევ არაერთ ქვეყანაში გაიყიდება და მიიპყრობს პროფსიონალების ყურადღებას. 18 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებული ყურძნის მოცულობამ 70 ათას ტონას გადააჭარბა.