თამთა ჩაჩანიძე
18.09.2019

 „როდესაც შენ შენს წინამორბედს აკრიტიკებდი და კონცეფტუალურად შეწყალების ახალი ინსტიტუტის შექმნას აცხადებდი და მერე ასეთ გადაწყვეტილებებს იღებ, ჩემი აზრით, პრეზიდენტის მიმართ ეს მინიმუმ იმპიჩმენტის საფუძველია,"- ასე ეხმიანება „რეზონანსთან" იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებას.

მუხაშავრია ამბობს, რომ შეწყალების აქტი ის ერთ-ერთი მთავარ ფუნქციათაგანია, რომელიც დღეს პრეზიდენტს ეხება და ამასაც, მისი თქმით, უპასუხისმგებლოდ ეკიდება.

„ამაზე მნიშნელოვანი ფუნქცია მას პრაქტიკულად აღარ დარჩა (თავისი კომპეტენციის ფარგლებში), და ამასაც ასე ზერელედ და უპასუხისმგებლოდ ასრულებს (არ ასრულებს, როცა არ ჰყავთ კომისია, არ აქვს დებულება) და იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც ძალიან საეჭვოა, რომ კორუფციულია."

აღსანიშნავია, რომ იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია, ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის დროს შეწყალების კომისიის წევრი იყო.

„გავიხსენებ იმას, რომ წინა კომისიამ სამი ადვოკატი დავაჭერინეთ იმიტომ, რომ თაღლითები იყვნენ და ატყუებდნენ თავიანთ კლიენტებს, რომ ჩააწყობდნენ შეწყალების კომისიაში და შეწყალებას გაუკეთებდნენ და იხდის ეს ხალხი სასჯელს. ეს რომ ძალიან დიდ კორუფციულ რისკებთან დაკავშირებული საკითხია, პრეზიდენტმა ეს არ უნდა იცოდეს? ვინც მის მაგიდაზე დადო ის პროექტი, რომლითაც ორი მკვლელი შეწყალებულ იქნა, ეს ხომ აშკარად კორუფციული გარიგებაა? არ ვამბობ, რომ სალომე ზურაბიშვილმა პირადად ჩაიდინა კორუფციული დანაშაული, მაგრამ მის აპარატში ხომ ამით აშკარად ბოროტად ისარგებლეს.

„როდესაც ასეთ სათუთ საკითხზე, ასეთი ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აქვს პრეზიდენტს, ის რა თქმა უნდა არ იმსახურებს, რომ ქვეყნის პირველი პირი იყოს.

„ჩვენ კომისიასაც დაგვემართა... იყო გორის ინციდენტი, როდესაც მცირეწლოვანი ბავშვის საზარელი მკვლელობა მოხდა, ამ შემთხვევაში ამ ადამიანს სასჯელი მოხდილი ჰქონდა და მხოლოდ ერთი წელი შევუმცირეთ და მეორე შემთხვევაში, რვა თვით შევუმცირეთ. იმანაც თბილისში ჩაიდინა მკვლელობა. არცერთ ამ პირს წინა დანაშაული მკვლელობა არ ჰქონდა ჩადენილი, მათ ჰქონდათ სხვა ტიპის დანაშაული ჩადენილი, რომლისთვისაც მოხდილი ჰქონდათ სასჯელის 2/3 ნაწილი და მეტი.

„პატიმარი ოდესღაც ყოველთვის მოიხდის სასჯელს, თუნდაც მას ნუ შეიწყალებ და მერე, რომ გათავისუფლდება, ვინმე დააკავებს, რომ მკვლელობა არ ჩაიდინოს? ამიტომ არცერთ შემთხვევაში, როდესაც კომისია გააკრიტიკეს, ეს არ იყო კომისიის მიერ რაიმე ფორმით ხელშეწყობილი. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობდით ამის გამო და ძალიან განვიცდიდით, მაგრამ ახლა რაც მოხდა, როდესაც მკვლელობაში ეჭვმიტანილი კი არა, მკვლელობისთვის მსჯავრდებული, ანუ სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ ჩაიდინა მკვლელობა და ასეთ პირს იწყალებს პრეზიდენტი და დაუყონებლივ ათავისუფლებს, ამაზეა საუბარი," - აცხადებს მუხაშავრია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×