„გერმანიის პოლიტიკა და პრინციპები რომ ვიცი, შემიძლია გითხრათ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ გაჭიმონ დრო და მინიმალური დიპლომატიური სკანდალი ატყდეს.
"მაგრამ, რასაკვირველია ეს ყველაფერი დამახსოვრებული და ჩადებული იქნება შესაბამის უჯრაში და გამოიღებენ, როცა დასჭირდებათ, ბრიტანეთისგან განსხვავებით, რომლებმაც იმავე წუთში ატეხეს ერთი ამბავი" - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ფაქტს და ამაზე გერმანიის ხელისუფლების რეაგირებას.
აღსანიშნავია ის, რომ „ბი-ბი-სი"-ს რუსულენოვანმა ბიურომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზელიმხან ხაგოშვილის სავარაუდო მკვლელი დედით რუსი და მამით ეთნიკურად ჩეჩენი კაზბეგ შამაევია, რომელიც „ბი-ბი-სი"-სვე ინფორმაციით დაკავშირებული იყო ჩეჩნეთში მოქმედ რუსულ სპეცსამსახურებთან, რომელიც კავშირების გამჟღავნების შემდტგ გაქრა.
საინტერესოა ის ფაქტი, თუ გერმანულ მხარეს ამაზე როგორი რეაგირება ექნება, რადგან რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის ფაქტზე ბრიტანეთს მკვეთრი რეაქცია ჰქონდა, რითაც რუსეთ-ბრიტანული ურთიერთობა საკმაოდ დაიძაბა.
არეშიძე ამბობს, რომ გერმანია რუსეთთან ურთიერთობაში უფრო განსხვავებულია, ვიდრე ბრიტანეთი და აქედან გამომდინარე მკვეთრ ნაბიჯებს არ გადასდგამს.
„საერთოდ, გერმანია რუსეთთან ასეთი ტიპის ურთიერთობებში ბევრად უფრო დელიკატურია, ვიდრე დიდ ბრიტანეთი, აქედან გამომდინარე არ მგონია, რომ ახლა გერმანიამ განსაკუთრებული ნაბიჯები გადადგას, მაგრამ, თუ ევროპის თანამეგობრობა ისეთივე კონსოლიდირებული იქნება, როგორიც სკრიპალების შემთხვევაში, რეზონანსული თუ იქნება ეს ყველაფერი, მაშინ შეიძლება აქტიური ნაბიჯებიც გადაიდგას და დაიძაბოს კიდევაც სიტუაცია, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჯერ ასე არ მოხდება.
„იმიტომ, რომ ახლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ დადგინდეს იმ პიროვნებას რა მოტივი ჰქონდა, როდესაც მოკლა ზელიმხანი, საქმე ისაა, რომ მას შეუძლია ილაპარაკოს, რომ პირადი მოტივი მქონდაო.
„სკრიპალების შემთხვევაში, ისეთი საწამლავი იყო გამოყენებული, რომელიც მხოლოდ სპეციალურ სამხედრო ბაზებზე არსებობს და ამ შემთხვევაში კი ხანგოშვილი ტყვიითაა მოკლული, ამით შეიძლება დაუმტკიცდეს, რომ ის არის სპეცსამსახურებთან ურთიერთობაში და დავალება ჰქონდა შესაბამისი
„სხვათა შორის ამისი მონაცემები უკვე არსებობს,მაგალითად ბილეთი, რომელიც გულისხმობს, რომ დილით ჩამოვიდა და საღამოს მიდიოდა, ის, რომ ყალბი დოკუმენტით შემოაღწია, ის რომ ძალიან მარტივად მიიღო საფრანგეთის ვიზა (შენგენის ვიზა ჰქონდა სფრანგეთის), ბევრი მონაცემი არსებობს, რომლის მიზეზითაც დიდი ალბათობით ის სპეცსამსახურების მიერ იყო მივლინებული ამ საქმისათვის.
„ძალიან დიდი მნიშვნელიბა აქვს კონკრეტულად რა საქმისთვის მოხდა ზელიმხანის ლიკვიდაცია."-გააცხდა მან.
არეშიძისვე შეფასებით, გერმანიის ხელისუფლება ამჯერად დიპლომატიური სკნდალისგან თავს შეიკავებს, თუმცა ამ ფაქტს სხვა დროისთვის გამოიყენებს.
„გერმანიის პოლიტიკა და პრინციპები, რომ ვიცი, შემიძლია გითხრათ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ გაჭიმონ დრო და მინიმალური დიპლომატიური სკანდალი ატყდეს, მაგრამ რასაკვირველია, ეს ყველაფერი დამახსოვრებული და ჩადებული იქნება შესაბამის უჯრაში და გამოიღებენ როცა დასჭირდებათ, ბრიტანეთისგან განსხვავებით,რომლებმაც იმავე წუთში ატეხეს ერთი ამბავი."-განაცხადა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ეთნიკურად ჩეჩენი საქართვლოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლეს, ეჭვმიტანილი გერმანიის პოლიციამ მაშინვე დააკავა, იგი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, მისი იდენტიფიცირება კი ვერ ხერხდება.