"ადამიანებს თვიური შემოსავალი არ აქვთ იმდენი, რამდენიც სასკოლოდ ერთი ბავშვის მომზადებას სჭირდება"
თეო გუდავაძე
19.09.2019

 ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მშობლებს ახალი საზრუნავი უჩნდებათ - შვილების სასკოლოდ მომზადება, რაც უკვე დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. თითო ბავშვის სასექტემბროდ მომზადება, საშუალოდ, 500 ლარი ჯდება. ექსპერტების თქმით, სახელმწიფო მეტად უნდა ზრუნავდეს მოსწავლეების კეთილდღეობაზე და მხოლოდ უფასო წიგნები არ არის საკმარისი. 

სასკოლო ნივთები და წიგნები წელს უფრო გაძვირებულია. გამომცემლებმა ახალი ხრიკი მოიფიქრეს და წიგნები ორ ნაწილად დაყვეს, თითო მათგანის ღირებულება 7-8 ლარს შეადგენს და საბოლოო ჯამში, თუ ადრე მშობელი ერთ სახელმძღვანელოს 10-12 ლარად იძენდა, ახლა 14-16 ლარის გადახდა უწევს. პარალელურად ფასი მომატებულია სხვადასხვა სასკოლო ნივთებზე, ჩანთებსა თუ ტანსაცმელ-ფეხსაცმელზე. საბოლოო ჯამში, მშობლების თქმით, თითო მოსწავლის სრულყოფილად მომზადებისთვის დაახლოებით 500-600 ლარია საჭირო. 

მაია შურღაია, სამი შვილის დედაა და მისი ხარჯი გაცილებით მეტი იყო წელს, რადგან ორი პირველკლასელი და ერთი უფროსკლასელი ჰყავთ ოჯახში. 

"წელს განსაკუთრებით მძიმედ დამაწვა ყველანაირი ხარჯი, რადგან ორი ტყუპი შევიყვანე პირველ კლასში და მოგეხსენებათ, ორ-ორი ნივთის შეძენა რამხელა სირთულეს წარმოადგენს დღეს ჩვენს ქვეყანაში. ერთი უფროსკლასელიც მყავს. მის შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე ნივთის განახლება მომიწია. პრობლემა ისაა, რომ კერძო რეპეტიტორმა ცალკე წიგნი მოითხოვა. რთულია ამ პირობებში, სკოლის მოსწავლეების სრულფასოვნად მომზადება, ადრე ამდენი თანხა სტუდენტებს არ სჭირდებოდათ. 

ჩვენი მთავრობა საერთოდ არ გვიწყობს ხელს. რაღაც გასაცოდავებულ წიგნებს ურიგებენ ბავშვებს და იმდენად ცუდ დღეშია, რომ უფროსს ვაჟს წელს ახალი ქართულის წიგნი ვუყიდე. სკოლის მიერ გადმოცემული წიგნის ტარება და გამოყენება იყო სრულიად შეუძლებელი", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მაია შურღაიამ.

საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს ხარჯი მაინც ნაკლები აქვთ, რადგან 2013 წლიდან მათთვის წიგნები უფასოა, კერძო სკოლების მოსწავლეებს კი სხვა ყველა ხარჯთან და ფასიანს სკოლასთან ერთად წიგნების ხარჯის გადახდაც უწევთ. გარდა ამისა, გაძვირებულია საკანცელარიო ნივთები და ჩანთებიც, რომელთა ფასი საკანცელარიო მაღაზიათა ქსელებში და ბაზრობებზე 29 ლარიდან იწყება და 160-180 ლარამდე მერყეობს. 

ზვიად გიორგაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ გასულ წელთან შედარებით ყველაფერი საგრძნობლადაა გაძვირებული და როდესაც სახლში ერთზე მეტი მოსაწავლეა, ოჯახში დიდი ფინანსური წნეხი აწვება. 

"ოთხი შვილი მყავს და აქედან სამი მოსწავლეა, ერთი კი - სტუდენტი. ძალიან გამიჭირდა წელს ამ ხარჯებთან გამკლავება, მით უმეტეს, რომ ჩემი შვილები კერძო სკოლაში დადიან და მომიწია, რომ სამივესთვის შემეძინა საჭირო წიგნები, რომლებიც რატომღაც ორ-ორ ნაწილად არის დაყოფილი. თითქოს ორ სემესტრზე გადაანაწილეს, მაგრამ ეს მხოლოდ ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული გათვლაა. სასკოლო რვეულები და საკნცელარიო სხვა ნივთებიც ძვირია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამი ადამიანისთვის გიწევს ამ ყველაფრის შეძენა. უნდა იყოს რაიმე სახის ვაუჩერები ან ფასდაკლება, როდესაც დიდი რაოდენობით ყიდულობ", - აღნიშნა ერთ-ერთმა მშობელმა გიორგაძემ. 

წიგნები და სასკოლოდ მომზადება, რომ ნამდვილად გაძვირებულია ამას ადასტურებს საგანმანათლებლო სფეროს სპეციალისტი მუხრან გულიაშვილიც. 

"სახელმწიფომ უნდა აიღოს არა მხოლოდ განათლებაზე ვალდებულება,  არამედ მოსწავლეებზე უნდა იზრუნოს. სახელმწიფო ბავშვებს მარტო სასკოლო განათლებას კი არა, სხვადასხვა წრეებსაც უნდა უფინანსებდეს, თუმცა ამაზე საუბარი დღესდღეობით სრული სისულელეა. რა ვალდებულებაც აკისრიათ იმას არ აკეთებენ სრულყოფილად. 

რთულია ამ ხარჯებთან გამკლავება ქვეყანაში, სადაც ადამიანებს თვიური შემოსავალი არ აქვთ იმდენი, რამდენიც სასკოლოდ ბავშვების მომზადებას სჭირდება. თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეთ საჯარო და კერძო სკოლის ბავშვებს, წიგნები ყველას უნდა ურიგდებოდეს.

ზოგადად განათლების პრობლემების მოგვარებისთვის საკმარისი იქნება მშპ-ს 5-6%. მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ სრულყოფილი განათლების მიღების საშუალება ამ ქვეყანაში", - აღნიშნა მუხრან გულიაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×