
ბოლო ერთი კვირაა, ფაროსანას შემოსევის შემდეგ ლანჩხუთში ბაზების (კრაზანების) შემოსევა დაიწყო. მისი ნაკბენი ადამაიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. ბაზისგან დაკბენილების მიმართვიანობის გაზრდაზე საუბრობენ კლინიკებში.
„მედალფას“ კლინიკის დირექტორი რევან კვერენჩხილაძე ამბობს, რომ კბენის შემთხვევაში ადამიანმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს:
„ეს ნორმა არის აუცილებელი და ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. ასევე, ყველა ოჯახში უნდა იყოს დექსამეტაზონი ან პრედნიზოლონი. შეიძლება სასწრაფო დროულად ვერ მივიდეს, რადგან პაციენტი შორს ცხოვრობდეს, ამიტომ მათი გაკეთება აუცილებელია. ამით მომდევნო გართულებებს ავიცილებთ თავიდან. ასევე რეკომენდირებულია, რომ ნაკბენი ადგილიდან ამოვიღოთ ე.წ. ფეხი. ის არის შხამით გავსებული და სწორედ იქედან ხდება ორგანიზმის მოწამვლა, რომელიც შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს. ასევე კარგია თუ ნაკბენზე ცივს დავადებთ. სიცივეში ხდება ქსოვილების შევიწროება, რაც შესაბამისად ხელს უშლის შხამს, გავრცელდეს ორგანიზმში,“ - განაცხადა „გურია თუდეისთან“ საუბარში კლინიკის დირექტორმა.
როგორ ის ამბობს, ბაზის, იგივე კრაზანის კბენის გარდა, შესაძლოა საშიში იყოს ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენიც. ამიტომ დიდი ყურადღებაა საჭირო, განსაკუთრებით ალერგიული ადამიანების შემთხვევაში.