ელზა პაპოშვილი
20.09.2019

 თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ შვიდ პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმის პროკურორის მარიამ გოგორელიანის თქმით, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 21 ოქტომბერს ჩაინიშნა.

პატიმრობა შეეფარდა ამავე საქმეზე დაკავებულ ავსტრალიის მოქალაქე პოლ გრეგორ ლეხმანსაც. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

გამოძიების მტკიცებით, პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალის გადაღება სწორედ ლეხმანის სახლში მიმდინარეობდა. სწორედ ავსტრალიის მოქალაქე ახდენდა გადაღებული მასალის რეალიზებასაც.

"ავსტრალიის მოქალაქეს ბრალად ედება როგორც არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის დამზადება და გავრცელება, ასევე ტრეფიკინგი ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ. საქმეში მოიპოვება შესაბამისი მტკიცებულებები, რითიც დასტურდება ბრალდებულის მიმართ წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ფაქტი. უშუალოდ, მის კომპიუტერში ნაპოვნია ფოტოსურათები, რაზეც არსებობს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, როგორც პიროვნების იდენტიფიცირებასთან, ასევე პირნოგრაფიულ შინაარსთან დაკავშირებით. ბრალდებული აღნიშნული მასალის რეალიზებას თავად ახდენდა", - განაცხადა გოგორელიანმა.

ბრალდებულის ადვოკატის, ნინო ტაბატაძის განცხადებით, ლეხმანი დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატი ამბობს, რომ ისინი მოსამართლეს გირაოს გამოყენებას სთავაზობდნენ, თუმცა მან მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობაში დატოვა. რაც შეეხება საქმის სხვა დეტალებს, ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტულზე საუბრისგან თავს შეიკავებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, დაკავებულების ახლობლები და მეზობლები იმყოფებოდნენ. მათი თქმით, ბავშვების მშობლებს არ ჰქონდათ ინფორმაცია რა სახის ფოტოების გადაღება ხდებოდა ან საერთოდ რაში მონაწილეობდნენ მათი შვილები. ფულის აღებაზე საუბარი კი საერთოდ ზედმეტია.

ერთ-ერთი დაკავებულის ახლობლის თქმით კი ბავშვმა მშობელს უთხრა, რომ მას სურათებს სოციალურ ქსელში განსათავსებლად უღებდნენ. თუმცა მას აღნიშნული ფოტომასალა სოციალურ ქსელში არ უნახავს.

"ფული და ასეთი რაღაცა არსად ყოფილა, სიგიჟეა თუ მშობლები ამაში მონაწილეობას იღებდნენ. ამბობენ, რომ საერთოდ არაფერი იცოდნენ. რაიმე ანაზღაურებაზე საუბარი ზედმეტია. თუ დაფიქსირდება, რომ ჩემი და და ჩემი სიძე შედიოდნენ ფულს იღებდნენ ან რამე მსგავსი იცოდნენ და ამაზე თვალს ხუჭავდნენ- გაიყვანონ და დახოცონ მაშინ, წაინააღმდეგი კი არავინ იქნება!" - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელი.

რაც შეეხება დაკავებულებს შორის ამერიკის მოქალაქეს, რომელიც სოფელ ზეღდულეთის სკოლაში წლების წინ ასწავლიდა, მის შესახებ ადგილობრივები მხოლოდ დადებით კონტექსტში საუბრობენ. ნაზო გოგიძე, რომლის სახლშიც მასწავლებელი ცხოვრობდა, ამბობს, რომ მისთვის მსგავსი არაფერი შეუმჩნევია. მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი იყო, რომელიც ბავშვებთან ურთიერთობაშიც გამოირჩეოდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, პედაგოგი სკოლაში პროგრამის "ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში 2011 წლის 7 ოქტომბერს მივიდა და 2012 წლის ივლისში სოფელი დატოვა. ამის შემდეგ მის შესახებ ინფორმაცია აღარ ჰქონიათ.

„არ ვიცი რა ვთქვა, საკმაოდ კარგი ადამიანი იყო. წყნარი და მშვიდი. მისგან ზედმეტი არავის არაფერი შეუმჩნევია. სოფელში და ჩემთან ერთი წელი იცხოვრა. 100 ლარს მიხდიდა. ბავშვებთანაც როგორც ამბობენ კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. ზედმეტი არავის არაფერი შეუმჩნევია. მერე წავიდა სოფლიდან და რას საქმიანობდა აზრზე არ ვართ. ყოველ დღე ინტელიგენტივით იცვამდა და ისე დადიოდა", - აცხადებს ნაზი გოგიძე.

შსს-ს მიერ არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრიდან რამდენიმე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის მცხოვრებია.

არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადების საქმეზე შსს-მ გამსაღებელთა ჯგუფიც დააკავა. ამის შესახებ შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, საქმის მასალებით და ფინანსურ ტრანზაქციებზე მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა საბავშვო პორნოგრაფიული მასალების რეალიზაცია მოახდინეს.

ცნობისთვის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმის დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×