(რეზონანსი) გუშინ თბილისის ერთ-ერთ უბანში მიტოვებული ახალშობილის შესახებ გავრცელებულ ამბავს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ახალშობილს თან წერილი ახლდა, რომელშიც ბავშვის დედა წერდა, რომ ბავშვის მიტოვების მიზეზი მძიმე მატერიალური მდგომარეობა გახდა და მას ბავშვის რჩენა აღარ შეეძლო.
სოციალურ ქსელში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ბავშვის დედას სთხოვენ, რომ გამოჩნდეს და ბავშვის აღზრდაში ფინანსურ დახმარებას გაუწევენ. რამდენიმე ადამიანი, მზადაა პატარა თავის შვილებთან ერთად აღზარდოს.
"დღეს ლანძღვას და ქვის სროლას უფრო მეტ დროს უთმობენ ვიდრე თანადგომას... ვიღაცები ლანძღავდნენ იმ უბედურ დედას და ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ! მეც პტარა ნიკოლოზი მყავს 3 წლის და ღმერთმა არ იცის იმ ქალის გულში რა ტრიალებდა როცა ბავშვი სკვერში დატოვა"- უთხრა "ნიუპოსტს" მარიამ დალაქიშვილმა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მიტოვებული ჩვილის დედის მოძებნისა და დახმარების ინიციატივა გამოიჩინა.
საბედნიეროდ, დალაქიშვილს ბევრი თანამოაზრე აღმოაჩნდა და ისინი მზად არიან იზრუნონ დედაზე და ჩვილზე.
მისი თქმით, არის კონკრეტული ადამიანი, ვინც პატარას და მის დედას საცხოვრებელ ფართს დაუთმობს.
შეგახსენებთ, ახალშობილი გუშინ თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, სადარბაზოში მიტოვებული ჩვილი იპოვეს, რომელიც დაახლოებით ერთ თვემდე ასაკისაა. ბავშვი იაშვილის კლინიკაში საპატრულო პოლიციამ გადაიყვანა. ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიებას დედის ვინაობა ჯერ არ დაუდგენია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე