თამარ შუკვანი
20.09.2019

 კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ დაზუსტებით არ შეუძლია თქვას, რამდენად არის დასაბუთებული ბრალი, რომელსაც ჩეჩენ რამზან ახიადოვს უყენებენ, თუმცა მიაჩნია, რომ მართალია გარკვეული საეჭვო გარემოებები არსებობს, ის რუსეთისთვის მაინც არ უნდა გადაეცათ.

„საბუთი იმის თაობაზე, რომ ეს ადამიანი რეალურად დამნაშავე იყო, მე პირადად არ ვიცი. ის კი ვიცი, რომ ხშირ შემთხვევაში ჩეჩნეთში ადამიანებს მოგონილი მიზეზით აპატიმრებენ," - ამბობს არეშიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ რუსეთს მისი მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი, რამზან ახიადოვი გადასცა. ინტერპოლით ძებნილის ექსტრადირება 19 სექტემბერს დილით მოხდა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ახიადოვს ტერორისტულ დანაშაულში, მათ შორის „ისლამური სახელმწიფოს" ინტერესებში ხალხის მობილიზებასა და ბრძოლის ეპიზოდებში ედება ბრალი.

„დიდი ხანია განგაშის ზარს სცემენ უფლებადამცველები და სხვათაშორის რუსებიც, იმის გამო, რაც ჩეჩნეთში ხდება. ასე რომ, ვერ გეტყვით ამ პიროვნებას აქვს თუ არა კონკრეტული დანაშაული ჩადენილი, რადგან ხშირ შემთხვევაში გაუგებარია რის გამო ეძებენ ადამიანს ან რის გამო აპატიმრებენ," - აღნიშნავს მამუკა არეშიძე.

რამზან ახიადოვი საქართველოში ოჯახთან ერთად ბოლო ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას გამოგონილს უწოდებს. როგორც მისი ადვოკატი, ალექსანდრე თათელიშვილი „რადიო თავისუფლებასთან" საუბარში ამბობს, ცხრა თვის წინ ახიადოვი ქუთაისში პოლიციამ მანქანის არასწორი პარკისებისას გააჩერა და სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ის ინტერპოლით ძებნილი იყო. მას შემდეგ ახიადოვი რუსთავის #6 დაწესებულებაში იმყოფებოდა.

ახიადოვი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვდა, მის ექსტრადიციაზე უარი ეთქვა, რადგან რუსეთში არაადამიანური მოპყრობა ემუქრებოდა და არც სამართლიანი სასამართლოს იმედი ჰქონდა. ადვოკატის განცხადებით, საქმის მასალებითაც არ არის დასაბუთებული ის ბრალდებები, რაც რამზან ახიადოვის მიმართ რუსეთის პროკურატურას გააჩნია.

„საქმეში არის მხოლოდ რუსეთის პროკურატურის დადგენილებები, მეტი მტკიცებულება იქ არ დევს. სახელმწიფო ჩვენ გვეუბნება, რომ რუსეთში არ არის ისეთი საფრთხე, რომ მას რამე დაემუქროს," - განუცხადა თათელიშვილმა „რადიო თავისუფლებას."

მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ „სასურველი იყო, ახიადოვი რუსეთისთვის არ გადაეცათ".

„მას საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საეჭვო ეპიზოდი იყო მის ბიოგრაფიაში თურქეთთან დაკავშირებით, სადაც ის იმყოფებოდა. თურქეთში რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ ვიცი იქ აღარ დაედგომებოდა მიუხედავად იმისა, რომ ოჯახიც თურქეთში ჰყავდა.

„ძალიან ძლიერი ჩეჩნური დიასპორაა. არ არის გამორიცხული, რომ იქაც მიაგნეს კადიროვის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა, რადგან საერთოდ ჩეჩნურ დიასპორაში, თურქეთში და ევროპის ქვეყნებში ძალიან ეფექტურად მუშაობენ კადიროვის სპეცსამსახურების წარმომადგენლები. ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ჩემთვის რთულია ცალსახა შეფასების გაკეთება," - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×