თამარ შუკვანი
20.09.2019

 ინგუშებს საქართველოს საპატრიარქოსთვის, როგორც ასეთი ოფიციალურად, ჯერ არ მიუმართავთ იმის შესახებ, რომ ინგუშების რამდენიმე ოჯახმა დონის როსტოვში მშენებარე ქართულ ეკლესიას საკუთარი მიწის ნაკვეთები უსასყიდლოდ გადასცა. საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ „რეზონანსს" განუცხადა, რომ მხოლოდ იმ ინფორმაციას ფლობს, რომელიც „ფეისბუქზე" გამოქვეყნდა თითქოსდა ინგუშეთის ექსპრეზიდენტ რუსლან აუშევის გვერდზე.

მეუფე ანანია ჯაფარიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ ფლობს, მხოლოდ ფეისბუქპოსტიდან შეიტყო მიწის ნაკვეთების გადმოცემის შესახებ, რასაც სასიხარულოს უწოდებს.

მომხმარებელი სახელად „რუსლან აუშევი" ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ქართველი და ინგუში ხალხის მეგობრობის უპრეცედენტო მაგალითის შესახებ საუბრობს; მისი თქმით, ინგუშების რამდენიმე ოჯახმა ქართულ დიასპორას ეკლესიის ასაშენებლად საკუთარი მიწები უსასყიდლოდ გადასცა.

„ქალაქ დონის როსტოვში ქართველების დიდი დიასპორა ცხოვრობს, რომელთა რაოდენობა ათეულ ათასს აღწევს (ღმერთმა ქნას მილიონამდე გამრავლდნენ). როსტოველი ქართველების უხუცესებმა გადაწყვიტეს, ქალაქში ქართული მართმადიდებლური ეკლესია აეშენებინათ. გააკეთეს ესკიზი, სამუშაო პროექტი, რომელიც უმოკლეს ვადებში არქიტექტორებმა წარმატებით განხორციელეს. მათ ეკლესიისთვის შეარჩიეს და გამოისყიდეს საუკეთესო ადგილი როსტოვის ცენტრში, ბოდრაიას ქუჩაზე. თუმცა ქალაქის ხელისუფლებამ პროექტი მხოლოდ იმ მიზეზით არ დაამტკიცა, რომ მიწის ფართობი ეკლესიის არქიტექტურული გადაწყვეტისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ქართველთა სამწუხაროდ, ეკლესიის ასაშენებლად ქალაქში ვერ მოიძებნა შესაფერისი თავისუფალი ფართობი, რადგანაც იგი საკმაოდ მჭიდროდ არის დასახლებული.

„გამოსავალი იყო მხოლოდ ერთი - ეკლესია ქალაქგარეთ უნდა გადაეტანათ, თუმცა აქაც პრობლემა შეიქმნა, რადგან ქართული ეკლესიის მრევლის უმეტესი ნაწილი ასაკოვანი ადამიანები არიან. მათ კი ძალიან გაუჭირდებოდათ ქალაქგარეთ სიარული. ამ ყველაფერმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე მშენებლობის სპონსორებს.

„მოგვიანებით, ქართველებმა გაარკვიეს, რომ ქალაქის ცენტრში, ეკლესიისთვის თავდაპირველად მონიშნული ტერიტორიის მიმდებარედ, რამდენიმე ინგუშის ოჯახი ცხოვრობდა, რომლებიც საჭირო მიწის ნაკვეთებს ფლობდნენ. ინგუშებმა შეიტყვეს ქართველების პრობლემის შესახებ. შეიტყვეს ისიც, რომ ეკლესია არ შენდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ მშენებლობის ნებართვის მისაღებად არ იყო მიწის საკმარისი ფართობი. და მოხდა სასწაული - ინგუშების ყველა ოჯახმა ქართველთა დიასპორას საკუთარი მიწის ნაკვეთები უანგაროდ გადასცეს - აჩუქეს!

„შედეგად: როსტოვის ცენტრში ქართული ეკლესია შენდება და სულ მალე მართლმადიდებლურ ტაძარში ქართველი მოძღვრები წირვა-ლოცვას აღავლენენ! ასეც ხდება, როცა ადამიანებისთვის ყველა სხვა ღირებულებაზე მაღლა ჭეშმარიტი მეგობრობა დგას. ეს კეთილშობილური საქციელი ნუ გაგაოცებთ - ეს არის ურთიერთპატივისცემა, რომელიც ქართველ და ინგუშ ხალხს შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა. ქართველებმა ხომ საკუთარი ერთგულება და სიყვარული არაერთხელ დაუმტკიცეს ინგუშებს მათთვის უმძიმეს წლებში.

„მე არ დავასახელებ იმ უნგუში ოჯახების გვარებს, ვინც უანგარო სიკეთე გაიღო - არ დავასახელებ, რადგან მათ ასე ისურვეს. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს ისინი, უფალმა აჩუქოს ღირსეული შთამომავლობა!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×