ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეში შესაძლოა მესამე პირიც ფიგურირებდეს, ნებისმიერ შემთხვევაში პასუხისმგებლობა თავად პრეზიდენტს ეკისრება, რომელმაც წესით უნდა იცოდეს თუ რას აწერს ხელს.
„შესაძლოა გარკვეულწილად პროვოკაციული მომენტი იყოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში პასუხისმგებელი პრეზიდენტია, რაზე აწერს ხელს სახელმწიფოს მეთაური, რაც უნდა მაპროვოცირებელი ფაქტორები არსებობდეს და პირები, ვისაც მისი პროვოცირება სურთ, შემდეგ კი რაღაც პროცესების წამოწყება," - აღნიშნა გამზარდიამ.
ცნობისათვის, პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყებას თავად სალომე ზურაბიშვილი მიესალმება. მთავარმა პროკურატურამ გამოიება დაიწყო შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე.
„მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.
„ისეთ დროს, როცა არ წყდება ინსინუაციების და მძიმე ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, ერთადერთი სწორი გზა პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა და შემდეგ სათანადო სამართლებრივი რეაგირების განხორციელებაა," - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არჩილ გამზარდიას თქმით, როდესაც პრეზიდენტმა ასეთი შეცდომა დაუშვა, იმის მაგივრად რომ შეშფოთება გამოეხატა, პირიქით, საკმაოდ ხისტი პოზიცია დაიჭირა, რაც არასწორია.
„მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებას ახდენს, თანაც თავდაჯერებულად აცხადებს, რომ ეს მისი დისკრეციული უფლებაა და ახსნის სურვილიც არ აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში ის არის პასუხისმგებელი. ნებისმიერ პრეზიდენტს, ჩინოვნიკს, მაღალი რანგის მოხელეს გვერდით ყოველთვის ჰყავს ადამიანები, რომლებიც მის პროვოცირებას ცდილობენ და ებრძვიან, თუმცა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ.
„პრეზიდენტს შეეძლო, როგორც კი აჟიოტაჟი ატყდა, შეშფოთება, გულისტკივილი ან ადამინების მიმართ მხარდაჭერა გამოეხატა და ჟურნალისტებთან ხისტი პოზიცია არ უნდა დაეჭირა. ემპათია შეიძლება გამოეწვია საზოგადოებაში, მაგრამ ის ისეთი თავდაჯერებულია, რომ არავის მხრიდან ემპათიის გამოხატვას არ ცნობს," - აცხადებს ის.
ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალურად საუბრობენ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე, რასაც გამზარდია ამ ეტაპზე გამორიცხავს, რადგან, მისი თქმით, ეს ბიძინა ივანიშვილის მარცხის კიდევ ერთი გამოხატულება იქნება.
„გიორგი მარგველაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირების მიუხედავად, ივანიშვილს არ მოუთხოვია საკანონდებლო ორგანოში, რა თქმა უნდა, ფარულად, მარგველაშვილის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება. რა ფაქტორები უნდა არსებობდეს საიმისოდ, რომ ივანიშვილმა თავისი რეკომენდირებულის იმპიჩმენტი მოახდინოს? ცხადია, ივანიშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და შემდეგ „ქართულმა ოცნებამ" აღასრულოს ეს გადაწყვეტილება.
„თუ პროცესები ივანიშვილსა და ზურაბიშვილს შორის დაპირისპირებაში არ გადავიდა, იმპიჩმენტზე საუბარი უბრალოდ საუბრად დარჩება და არ სხვა პროცესის ნაწილად. ამ ყველაფრის გასაღები დევს ივანიშვილისა და ზურაბიშვილის ურთიერთობაში. თუ მათ არ აქვთ მძაფრი დაპირისპირება, ივანიშვილი ნებისმიერ შემთხვევაში მას გაუფრთხილდება, რადგან მის მიერ რეკომენდირებული პრეზიდენტია და ზედმეტად აქტიურადაც კი იყო ჩართული ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში.
„ივანიშვილს ამის სურვილი არ უნდა ჰქონდეს; თუ დავუშვებთ თეორიულ შანს, რომ „ქართულ ოცნებაში" რაღაც პროცესი შეიძლება ივანიშვილის გარეშე მიდიოდეს, რაც ამ ეტაპზე აბსურდულად მეჩვენება და პროცესი დაიწყება, ამით ივანიშვილი აღმოჩნდება ძალიან მძიმე და უხერხულ მდგომარეობაში," - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.