„დარწმუნებული არ ვარ, რომ თადუმაძის უწყება მისი გამარჯვებული პრეზიდენტის ბრალეულობის საკითხს დააყენებს, მგონია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვერდი ვერ აუარეს ამ თემას და გამოძიება დაიწყეს. ალბათ ესეც იმ გამოუძიებელი საქმეების თაროზე მოხვდება, რაც ძალიან ბევრია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში," - ამის შესახებ „რეზონანსთან"პარლამენტის ყოფილმა წევრმა და ჟურნალისტმა ანი მიროტაძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
„სალომე ზურაბიშვილი უნდა დაიკითხოს თუ არა, ეს ისეთი კითხვაა, როდესაც მთავარ მოქმედ პირის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და არ ასამართლებენ მთავარ მოქმედ პირს, მაგალითად ისევე როგორც 20-21 ივნისის ღამის საქმეზე უნდა დაიკითხოს თუ არა პრემიერი გიორგი გახარია, რა თქმა უნდა, უნდა დაიკითხოს ორივე," - ამბობს მიროტაძე.
მისივე თქმით, საინტერესოა ის ფაქტი თუ ვისი ხელით აღმოჩნდა პრეზიდენტ ზურაბიშვილის სამუშაო მაგიდაზე შეწყალებულ პირთა სია.
„შეწყალების აქტზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიმართ არსებობს კითხვები, შესაძლოა დანაშაულის ნიშანი არ იყოს, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ ის, რომ პროცესში უნდა ჩაერთოს, აქ ორი აზრი არ არსებობს.
„ძალიან საინტერესო იქნება პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვას, ვისი ხელით აღმოჩნდა ამ ადამიანების სია მის სამუშაო მაგიდაზე, ვინ დაახასიათა ეს ადამიანები, ანუ რაღაცის მიხედვით ხომ მიიღო გადაწყვეტილება, ხომ შეიძლება რეკომენდატორები ჰყოლოდა, აქ ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც გამოძიების პროცესში უნდა გაირკვეს და ამის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება ვილაპარაკოთ, რომ ამ ამბავში მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ბრალეულობაა, თუ გარკვეული დაინტერესებაა იმ პირების მიმართ, ვინც იყო ამ კონკრეტული მსჯავრდებულების ქეისების პრეზიდენტის სამუშაო მაგიდაზე დადებით," -განაცხადა მან.
მიროტაძე ამბობს, რომ პროკურატურა პრეზიდენტის ბრალეულობის საკითხს არ დააყენებს და სხვა საქმეების მსგავსად გამოუძიებლად დატოვებს.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ თადუმაძის უწყება მისი გამარჯვებული პრეზიდენტის ბრალეულობის საკითხს დააყენებს, მგონია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვერდი ვერ აუარეს ამ თემას და ეს გამოძიება დაიწყეს, ალბათ ესეც იმ გამოუძიებელი საქმეების თაროზე მოხვდება, რომელიც ძალიან ბევრია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.
„რადგან არ იყო შეწყალების კომისია, ამიტომ ადგა და პრეზიდენტმა შეიწყალა მკვლელობაში ბრალდებული ადამიანები? ეს არ არის ის არგუმენტი, რომ თავი გაიმართლო და საერთოდ რაზე ლაპარაკობს საქართველოს პრეზიდენტი, რომლის პირდაპირი ვალდებულება ამ ქვეყანაში ადამიანების უფლებების დაცვაა, მათ შორის იმ ადამიანების, რომლებიც სხვა ადამიანების მსხვერპლი აღმოჩნდნენ და იმ ოჯახების, რომელ ოჯახებსაც ამხელა ტკივილი აქვთ მიყენებული.
„რაც მეტ უსუსურ და უხერხემლო არგუმენტს მოიყვანენ, მით უფრო დააზიანებს ისედაც დაზიანებულ „ქართული ოცნების" და პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმიჯს.
„უნდა შეგახსენოთ, რომ ინაუგურაციის პირველივე დღეებში, პრეზიდენტი ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, მან დაშალა შეწყალების კომისია, ზუსტად იმ დათქმით, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოებას სქემას წარუდგენდა როგორი უნდა ყოფილიყო შეწყალების კომისია და იმის მიხედვით მოხდებოდა კომისიის დაკომპლექტება, მას მერე თითქმის ცხრა თვეა გასული, პრეზიდენტს რატომ გაუჭირდა და ვერ მოახერხა სქემის შემუშავება და რატომ ვერ შეკრიბა კომისიის წევრები,სხვა რითი იყო დაკავებული და რა იყო უფრო მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, როდესაც მისი უშუალო გადასაწყვეტია ამ ქვეყანაში ადამიანების ბედი?
„მას სჭირდებოდა კვალიფიციური გუნდი, რომელიც მას ასეთ შეცდომებს თავიდან აარიდებდა, თუმცა მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მან არ ჩათვალა საჭიროდ ასეთი კომპეტენტური ადამიანებისგან შექმნილი გუნდი, რომელიც რა თქმა უნდა ეტყოდა, რომ ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება.
„ან მეორე ვარიანტი, ვიღაცას პრეზიდენტის გარემოცვაში აწყობს, რომ პრეზიდენტმა რაც შეიძლება მეტი ასეთი გაურკვეველი გადაწყვეტილებები მიიღოს. აქ შეიძლება ვეძებოთ პირადი მოტივაციაც და არაკომპეტენტურობაც, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
„ოთხმეზურის, ერთი კონკრეტული ოჯახის პრობლემა გახდა მთლიანად საზოგადოების პრობლემა, წარმოიდგინეთ, რომ შენი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც უნდა იცავდეს ადამიანების უფლებებს, იწყალებს ცამეტი წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულ ადამიანს," - აცხადებს მიროტაძე.
შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა რომელთა შორის სამი მკვლელი აღმოჩნდა, რამაც საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია.