ელზა პაპოშვილი
20.09.2019

 გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე.

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პარლამენტის წევრი „ევროპული საქართველოდან“ ირმა ნადირაშვილი მსჯავრდებულთა შეწყალებისას კორუფციული გარიგების შესახებ საუბრობს. მან სწორედ ამ შინაარსის განცხადება შეიტანა 19 სექტემბერს გენერალურ პროკურატურაში. ირმა ნადირაშვილი პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა.  

პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში ბრალდებული რამდენიმე პირის შეწყალების ფაქტზე გენერალური პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყებას მიესალმება. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ მძიმე ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელების ფონზე, პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა ერთადერთი სწორი გზაა.

„მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. ისეთ დროს, როცა არ წყდება ინსინუაციების და მძიმე ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, ერთადერთი სწორი გზა პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა და შემდეგ სათანადო სამართლებრივი რეაგირების განხორციელებაა“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ამ საქმეზე დასაკითხია როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ასევე  დიმიტრი გაბუნიაც და ამ პროცესში ჩართული ყველა პირი. 

„მიხვდნენ ალბათ, რომ სხვა გზა და გასაქანი არ ექნებოდათ, რადგან ამ ამბიდან ყოველდღე ახალ-ახალი მძიმე დეტალი გახდებოდა ცნობილი. იმედი დავიტოვოთ, რომ მეტ-ნაკლებად წესიერად წარმართავენ გამოძიების პროცესს, დასაკითხია დიმიტრი გაბუნიაც, პრეზიდენტიც და ამ პროცესში ჩართული ყველა პირი. ხელისგულზე დევს ამბავი, რომ მკვლელობაში მსჯავრდებულების და ერთი ძებნილის საქმე თავისით არ შეფრენილა პრეზიდენტის მაგიდაზე, ვიღაცამ, ვინც ხელი მოითბო ადამიანების ბედზე, შეგნებულად შეუტანა პრეზიდენტს ეს საქმეები", - განაცხადა ელისაშვილმა. 

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე კი ამბობს, რომ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის შესაძლო დაწყების დიდი ალბათობა არსებობს. აცხადებს, რომ თუ დანაშაული გამოიკვეთა, მაშინ მასალები საკონსტიტუციო სასამართლოს გადეცემა, რაც პარლამენტში მისი იმპიჩმენტის დაწყების საშულება გახდება. 

„თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები პროკურატურიდან ან შემდგომ საგამოძიებო კომისიის მხრიდან, მერე უკვე დაიწყება პროცესი, რომელსაც ითვალისწინებს ჩვენი კონსტიტუცია - საკონსტიტუციო სასამართლოსთვის საქმის გადაცემა და პარლამენტში შესაბამისი პროცედურა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის", - აღნიშნა კახიძემ. 

იურისტი ლევან ალაფიშვილი ფიქრობს, რომ შეწყალების საქმეზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად უნდა დაიკითხოს. მისი თქმით, გამოძიების დროს, იქნება ეს შსს, პარლამენტში საგამოძიებო კომისია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თუ პროკურატურა, ყველა ადრესატი უნდა დაიკითხოს. კანონის წინაშე თანასწორობა, მიუხედავად ჩინებისა, ამას გულისხმობს.

„ის, რომ შეწყალების თემას არ ჰქონდეს მეტი მსვლელობა, პრეზიდენტზე მეტად ხელისუფლებას სჭირდება, რადგან სალომე ზურაბიშვილმა ამ ნაბიჯით ხელისუფლება ძალიან მძიმე სიტუაციაში ჩააგდო. სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზნით იქნა ინსტრუმენტად გამოყენებული პროკურატურა და გამოძიება, რომელიც  იტყვის, რომ გამოვიკითხეთ, თუმცა ვის და რა ჰკითხეს, ამას ჩვენ ვერ გავიგებთ,“ - აღნიშნავს ალაფიშვილი. 

ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის დასაკითხად „ყველაზე ლეგიტიმური ადგილი პარლამენტი და საგამოძიებო კომისია იქნება“.

ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის ბიძაშვილის, მსახიობ ნანა ლორთქიფანიძის თქმით კი  დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების გამო საზოგადოებაში აჟიოტაჟის ატეხვის შემდეგ, ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაუკავშირდა და სალომე ზურაბიშვილის წუხილი გადასცა იმის შესახებ, რომ „არ იცოდა, ვინ იყო დაზარალებული“. 

როგორც ლორთქიფანიძემ ambebi.ge-ს განუცხადა, „მეორე ტრაგედიაა ის, რომ პრეზიდენტმა არ იცოდა, ხელს რას აწერდა“. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×