თამარ შუკვანი
21.09.2019

 „აქციების შედეგად პოლიტიკური სიმპატიები ოპოზიციური პარტიების მიმართ დიდად არ გაზრდილა, თუ არ შემცირდა. მარტო იმის თქმა, რომ „ივანიშვილი უნდა გადავაყენოთ", არჩევნებისთვის ხალხის განწყობის ასამოქმედებლად საკმარისი არ არის. ამავე დროს უნდა უთხრა ვინ მოგყავს; არსებობს ეჭვი, რომ ესენი ზრუნავენ „ნაციონალების" მოყვანაზე. სანამ არ დაზუსტება ეს პუნქტი, ამ ჯგუფს ხელისუფლებაში ვისი მოყვანა სურს, ნაკლები გავლენა ექნებათ," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „სირცხვილიას" აქციების შეწყვეტის შესახებ საუბრისას.

„გავრილოვის ღამიდან" სამი თვის თავზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციები შეწყდა; 20 სექტემბერს გამართულ აქციაზე, „სირცხვილიას" ორგანიზატორებმა მანიფესტი წაიკითხეს და მოქალაქეებს სამოქმედო გეგმა გააცნეს.

ამ გეგმის მიხედვით, თბილისსა და რეგიონებში შექმნიან და გააძლიერებენ აქტივისტთა ჯგუფებს, რომლებიც ივანიშვილის „მსახურებს" მოსვენებას არ მისცემენ. სამოქმედო გეგმაში ნათქვამია, რომ დაიწყებენ ბრძოლას საერთო მიზნისთვის - რომ დაამარცხონ ბიძინა ივანიშვილი მედიაში, ინტერნეტსა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

აქციების შეწყვეტის რეალურ მიზეზად რამაზ საყვარელიძე ხალხის მობილიზების პრობლემას ასახელებს. ანალიტიკოსი ასევე მიესალმება აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებას, რომ ხელისუფლება არა ძალისმიერი მეთოდით და რევოლუციური სცენარით, არამედ არჩევნების გზით შეცვალონ.

„უჭირდათ უკვე ხალხის მოგროვება. გუშინდელ აქციაზეც შორიდან ნაჩვენებ კადრებში ჩანდა, რომ არ იყო ის რაოდენება, რომელიც დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა, მაგალითად, ხელისუფლებაზე. ერთ-ერთი ფაქტორი ეს იყო, რომ ხალხი ნელ-ნელა მცირდებოდა;

„მათ აიღეს კურსი არჩევნებზე. სწორი გადაწყვეტილებაა, რომ არჩევნებით სურთ შეცვალონ ხელისუფლება და არა გადატრიალებით, რევოლუციით. თუ რევოლუცია არ სჭირდებათ, ასეთ დიდ მანიფესტაციებსაც არ აქვს აზრი. ისინი აპირებენ, დაიწყონ მთელი საქართველოს მასშტაბით სიარული და პროპაგანდის გაწევა იმ პოზიციისთვის, რაც უკავიათ - ეს უფრო შეეფერება საარჩევნო ამოცანას.

„იგივე რევოლუციური სულისკვეთებაა, როდესაც ითხოვ გადააყენონ ესა თუ ის მინისტრი. არის მთავრობა, არის ხელისუფლება. შენ თუ ამ პროცესში ერევი, ფაქტობრივად, ხელისუფლების როლის შესრულება გსურს, რაც მიკრო რევოლუციაა, ძალაუფლების აღება ხელში. რადგან მოიხსნა ეს და აპირებენ, რომ ძალაუფლება მხოლოდ არჩევნებით მიიღონ, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ხალხის დაძახება კი არ არის მთავარი, არამედ ხალხთან მისვლა. დაძახებულზე ნაკლები მოვა და მისვლით კი შეგიძლია ყველა ოჯახში შეხვიდე. მიზანი ამით უფრო მიიღწევა და მათი გადაწყვეტილება ლოგიკურია," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×