ტატა შოშიაშვილი
21.09.2019

 „საქართველოს დელეგაცია გაემგზავრება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამლეის სესიაზე, რადგან ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ქვეყანას შორის საუბარი იყო და მოლაპარაკებებისას, თითქოს, უფრო აქეთკენ იყო გადახრილი უკრაინის პოზიცია", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნინო გოგუაძე „რეზონანსთან" საუბრისას უკრაინის გადაწყვეტილებას, ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნების გამო, თავი შეიკავოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამგზავრებისგან.

კერძოდ, უკრაინამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამლეას რუსეთის დაბრუნებისა და მისთვის ხმის უფლების აღდგენის გამო ბოიკოტი გამოუხდა და გადაწყვიტა, რომ უახლოეს სესიას პროტესტის ნიშნად აღარ დაესწრება მისი არც ერთი წარმომადგენელი. ამის შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის დეპუტატმა, ბოგდან იარმენკომ დაწერა „ფეისბუქზე".

„ყველაზე რთულ საკითხად რჩება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საკითხი. ამ ორგანიზაციის მიერ საკუთარი პრინციპების დარღვევასა და თავისი ინტერესების იგნორირების გამო სხვა საშუალება აღარ გვრჩებოდა - უკრაინა, ჯერჯერობით, თავს შეიკავებს საკუთარი დელეგაციის მივლენისაგან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უახლოეს სხდომაზე", - დაწერა იარმენკომ 21 სექტემბერს „ფეისბუქში".

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების შემდეგ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად განიხილებოდა საკითხი, თუ როგორ შეიძლებოდა, რომ პროტესტი გამოეხატათ, მაგრამ უკრაინის ამ გადაწყვეტილების შესახებ მისთვის არაფერი იყო ცნობილი:

„ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ქვეყანას შორის საუბარი იყო. ვსაუბრობდით იმაზე, რომ ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საპასუხოდ პროტესტის როგორი ფორმა შეიძლებოდა რომ ყოფილიყო გამოყენებული. სიმართლე გითხრათ, უკრაინის ბოლო პერიოდის გადაწყვეტილება არ მინახავს. უკრაინის დელეგაციის მხრიდან არ ყოფილა შეტყობინება", - ამბობს დეპუტატი.

ნინო გოგუაძის თქმით, ცალსახა შეთანხმება არ ყოფილა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, მაგრამ მოლაპარაკებების მსვლელობისას არ დარჩენია იმის შთაბეჭდი;ლება, რომ უკრაინა მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებდა.

საქართველო, უკრაინისგან განსხვავებით, უახლოეს სესიაზე საკუთარ დელეგაციას გაგზავნის:

„თუმცა, მე ველოდებოდი, რომ ისინი მიიღებდნენ მონაწილეობას, რადგან მოლაპარაკებებისას თითქოს უფრო აქეთკენ იყო გადახრილი მათი პოზიცია. ის ქვეყნები, რომლებმაც რუსეთის დაბრუნება გავაპროტესტეთ - ბალტიის ქვეყნები, საქართველო, უკრაინა და ბრიტანეთი - მსჯელობდნენ იმ საკითხზე, თუ როგორ შეიძლება გავაგრძელოთ საპარლამენტო ასამბეაზე შემდგომი მუშაობა და როგორი შეიძლება იყოს ჩვენიპოზიციები პირველ სესიაზე რუსეთის დაბრუნების შემდეგ.

საქართველოს დელეგაცია გაემგზავრება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამლეის სესიაზე ისევე, როგორც ბალტიის ქვეყნებისა და ბრიტანეთის დელეგაციები, რომლებიც ამ საერთო კამპანიაში იყვნენ ჩართული და მათი პოზიციის თანახმად, რუსეთი არ უნდა დაბრუნებულიყო ასე უპირობოდ. ჩვენი დელეგაცია იღებს მონაწილეობას, რადგან თითქოს ასე ჩანდა შეთანხმება იქ, სადაც ბოლოს გაიცვალა ეს პოზიციები", - განმარტავს ნინო გოგუაძე.

ცნობისთვის, 2019 წლის 24 ივნისს, ცხრასაათიანი დებატებისა და განხილვის შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის დელეგაციას ორგანიზაციაში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა.

2014 წელს, ევროსაბჭოს საპარლამენტიო ასამბლეიაში რუსეთისათვის ხმის უფლების შეჩერებისა მიზეზი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია იყო და მიუხედავად იმისა, რომ კრემლი დათმობაზე წასვლას, სავარაუდოდ, არ აპირებს, ასამბლერაში მაინც დააბრუნეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×