თამარ შუკვანი
21.09.2019

 „რადგან არსებობს ეჭვი, რომ კორუფციას ჰქონდა ადგილი, პროკურატურამ უნდა გამოიძიოს. არ იქნება რთული გამოსაძიებელი, მარტივი საკითხია - ვინ დადო პრეზიდენტის მაგიდაზე ის საქმეები, რომელთაც შემდეგ ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა? ჰქონდა თუ არა მას რაიმე კავშირები იმ ჯგუფთან, ვინც შეიწყალა? თუმცა საქმის გამოძიებას არ ველოდები, რადგან ასეთი სკანდალი ხელისუფლებისთვის ნამდვილად არ იქნება მისაღები," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე პროკურატურის მიერ შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყების შესახებ საუბრისას.

პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტზე, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა საკითხსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „რეზონანსი" ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.

ვახანგ ძაბირაძე: თუ გვსურს, რომ მომავალში მსგავსი რამ თავიდან ავიცილოთ, აუცილებელია რეგულაცია. საკაშვილსაც ედავებოდნენ, რომ მან პირი არასწორად შეიწყალა, მარგველაშვილსაც, ზურაბიშვილსაც...

„რეზონანსი": ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად მიდის საუბარი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე. რამდენად რეალურია ეს?

ვ.ძ.: იმპიჩმენტის საკითხი უკავშირდება იმას, თუ რამდენად არის პრეზიდენტი დამნაშავე. ამ შემთხვევაში მას დანაშაული უნდა ჰქონდეს ჩადენილი, ან კონსტიტუცია დარღვეული და არა ისე, რომ ვიღაცას მოუნდეს მისი იმპიცმენტი. პროცედურა გაწერილია.

შეწყალების უფლება პრეზიდენტს ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე აქვს, მაგრამ აქ მნიშვენლოვანია საქმე რამდენად იქნება გამოძიებული; იყო თუ არა ის ამ პროცესში ჩართული. თუკი რაიმე გადაცდომები იყო, ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და ეს პრეზიდენტმა იცოდა, მაშინ ეს არის იმპიჩმენტის საფუძველი.

სკანდალია უკვე, როდესაც არსებობს ბრალდებები, რომ პრეზიდენტი გარეულია ამ საქმეებში და მის საპარლამენტო მდივანს პირდაპირ ადანაშაულებენ, რომ არაკანონიერ ქმედებეში მონაწილეობდა.

გამოძიება ამას ან დაადასტურებს ან არა. დარწმუნებული ვარ, რომ არ დაადასტურებს, რადგან ეს უკვე სერიოზული დარტყმა იქნებოდა. თუმცა შეიძლება მოსახლეობისთვის ამის სხვანაირად მიწოდებაც. წავა კი რისკზე „ქართული ოცნება?" - არ წავა. გამოძიება ჩვეულებრივ ფორმატში წავა, რომ „ძიება გრძელდება", ოღონდ დასრულებულს ვერ ვნახავთ. ძიება, როგორც წესი, ასე ხდება საქართველოში.

„რ": 20 ივლისის მოვლენებიდან სამი თვის თავზე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციები შეწყდა. 20 სექტემბერს გამართულ აქციაზე „სირცხვილიას" ორგანიზატორებმა მანიფესტი წაიკითხეს და მოქალაქეებს სამოქმედო გეგმა გააცნეს. ამ გეგმის მიხედვით, თბილისსა და რეგიონებში შექმნიან და გააძლიერებენ აქტივისტთა ჯგუფებს, რომლებიც ივანიშვილის „მსახურებს" მოსვენებას არ მისცემენ. როგორ შეაფასებთ ამ გადაწყვეტილება? მათ 2020 წლისათვის რისი შეცვლა შეუძლიათ?

ვ.ძ.: ვფიქრობ ადრეც უნდა შეწყვეტილიყო, რომ შემდეგ, თუ საჭირო იქნებოდა, განახლებულიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც წესია ჩვენთან, ეს პროცესი გაიწელა. სწორი გადაწყვეტილებაა, რომ აქცია შეწყდა, თუ ვიმსჯელებთ იმის მიხედვით, თურამხელა პროპაგანდა იყო იმაზე, რომ 20-ში საპროტესტო ტალღა აგორებულიყო, ან ერთი დიდი მიტინგი მაინც ჩატარებულიყო, თუმცა პარასკევს აქციაზე ბევრი ხალხი არ იყო.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, მეტი გამოსავალი აქციის ორგანიზატორებს არ ჰქონდათ. მათ უნდა შეეთავაზებინათ თავიანთი მხარდამჭერებისათვის, რომ რეგიონებში სიარულს დაიწყებენ და ასევე შექმნიან ახალ აქტიურ ჯგუფებს.

სხვა საკითხია, რომ ისინი ივანიშვილს უპირისპირდებიან. ამით, ფაქტობრივად, ერთი სივრცეში არიან ოპოზიციასთან. სამოქალაქო საზოგადოება ოპოზიციაში მთლიანად პოლიტიკურ სპექტრთან უნდა იყო და თუ აქვთ იდეა, ამ იდეის გავრცელებისთვის თუ განხორციელებისთვის უნდა იბრძოდნენ და არა იმისათვის, რომ ივანიშვილი ჩაანაცვლონ.

ეს განცხადება არ განსხვავდება იმ განცხადებისაგან, რასაც „ევროპული საქართველო" დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რომ „გვითხარით დაუჭერთ თუ არა მხარს „ქართულ ოცნებას?" - ანალოგიური ვითარებაა. ყველასთვის ცხადია, რომ ეს მოძრაობა „გაერთიანებული ოპოზიციის" დანამატი ხდება.

ეს შედეგს არ გამოიღებს. ყველაზე დიდი, იმ ახალგაზრდულ აქტივს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" და „ევროპულ საქართველოს" ისედაც გააჩნია, მეტ-ნაკლებად საზოგადოებისთვის ცნობილი კიდევ რამდენიმე წევრი დაემატოს.

არ მგონია ამან რაიმე კარდინალურად შეცვალოს, ან რაღაც მნიშვნელოვანი გამოხმაურება ჰპოვოს რეგიონებში. მათ ადრე რომ მოეფიქრებინათ, რა უნდა გაეკეთებინათ და სხვა გადაწყვეტილებები მიეღოთ, მოძრაობა შეიძლებოდა უფრო მძლავრი ყოფილიყო. ეს ძალიან მალე იქცევა ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციად და მისი მასობრიობა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

დარწმუნებული ვარ, ეს ვერ იქცევა მასობრივ ორგანიზაციად, რაც სამწუხაროა, რადგან საქართველოს ნამვილად სჭირდება მასობრივი, საზოგადოებრივი ორაგანიზაცია, რომელიც იბრძოლებს იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული რეალობა შეიცვალოს. ასეთ ორგანიზაციას აუცილებლად სჭირდება იდეოლოგია და არა ზოგადად ლაპარაკი ღირებულებებზე.

გულწრფელად გითხრათ, მთელი ამ დამოუკიდებლობის მანძილზე, საქართველოს ხელისუფლებაში არასდროს პროევროპული ძალები არ ყოფილა. საქმე ხელისუფლების რეალურ ქმედებებზე რომ დგებოდა, ის ევროპული სტანდარტებისა და ღირებულებებისგან ყოველთვის შორს იყო. როდესაც საუბარი იმის შესახებ, რომ ევროპულ ღირებულებებზე მყოფ ძალებთან უნდათ გაერთიანება, რომელია ასეთი ევროპული ღირებულებების მქონე ძალები? და შემდეგ გავიგებთ ამ ევროპულ ღირებულბებს ვინ და როგორ იცავდა.

„რ": პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 23 სექტემბერიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების განხილვა დაიწყება. ხოლო ეს განხილვა დემოკრატიულ და მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესს უზრუნველყოფს. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეუწყობს ხელს ეს განხილვები პროცესის გამჭირვალობას?

ვ.ძ.: სასამართლოს თემა პერსონალურ საკითხებს უკვე გასცდა. ზოგადად, სასამართლომ მოსახლეობაში რეპუტაცია და ნდობა დაკარგა. რას ნიშნავს გამჭირვალე, არ მესმის. საბოლოო ჯამში პროცედურა იქნება ასეთი - რომელიმე მოსამართლეს გამოიყვანენ, კითხვებს დაუსვამენ, ბიოგრაფიას მოგვიყვება და ეს იქნება გადაცემული ტელევიზიით. სხვა რას გულისხმობს ეს გამჭირვალობა? -საბოლოოდ კენჭს უყრიან.

დღეს ასეთი გამჭირვალობა ამ პროცესს არ შველის. სასამართლოს რეპუტაცია არის ნული. პერსონები კი მეორეხარისხოვანია. ეს პროცესი უკვე ხელიდან არის წასული და ამის მოგვარებას როგორ აპირებენ გამჭირვალე პროცედურით, არ მესმის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×