მარიამ ბოლქვაძე
22.09.2019

 პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ იმ 10 მნიშვნელოვან საკითზე საუბრისას, რომელზე პარლამენტმა საშემოდგომო სესიისას უნდა იმუშაოს, ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები არ უხსენებია - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შაბათს გამართულ პრეზენტაციას.

მისი თქმით, თქმით, მთავარი და ყველაზე აქტუალური პრობლემა მწვავე სოციალური ფონი და შრომითი უფლებებია და როდესაც ქვეყანაში ხელფასისა და პენსიის საშუალო ოდენობა საარსებო მინიმუმსაც კი არ შეადგენს, ამაზე თვალის დახუჭვა კატეგორიულად მიუღებელია.

„ყველაზე პრიორიტეტული საკითხი არის ადამიანებისთვის ხელფასებისა და პენსიის ზრდა, მათი შრომითი უფლებების დაცვა და მთლიანი სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. პარლამენტის თავმჯდომარე გამოსვლისას ამ პრობლემებს რომ არ ეხება, ეს კარგზე არაფერზე მეტყველებს. მე და ჩემმა თანამოაზრეებმა უკვე დავარეგისტრირეთ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომელთა განხილვაც მალე დაიწყება. 

„საქართველოში სოციალური ფონი და სოციალური დახმარების მეთოდოლოგიის ცვლილება ის საკითხია, რომელზე მუშაობაც დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ის ათი გამოწვევა, რომელიც არჩილ თალაკვაძემ დაასახელა, რა თქმა უნდა, აქტუალურია, მაგრამ ეს არაა ის პრობლემები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ გაათვიცნობიერა, ესენი მიმდინარე გამოწვევებია და მათზე რეაგირება თავისთავად საჭიროა,“ - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ნაცვლიშვილმა.

მან ასევე დაამატა, რომ მთავარი პრობლემატური საკითხი, რომელზეც მთავრობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს, ქვეყანაში არსებული სიღარიბე და ისეთი სოციალური პოლიტიკაა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს.

„საქართველოში დაახლოებით 229 000 ადამიანის საშუალო ხელფასი 290 ლარს, პენსია კი 180 ლარს შეადგენს, ეს მაშინ, როდესაც საარსებო მინიმუმი 400 ლარია. ამ საკითხისთვის გვერდის ავლა არ შეიძლება“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×