თამთა ჩაჩანიძე
22.09.2019

 „თუ ეს ფაქტი დადასტურდა, ეს სერიოზული დარღვევაა. ეს კანდიდატის დისკვალიფიკაციის საფუძველია და შეიძლება მისი დიპლომი ეჭვქვეშ დადგეს, არა მხოლოდ დიპლომი, არამედ მისი მთავარი პროკურორობაც ეჭქვეშ დადგეს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" იურისტი კახა წიქარიშვილი გენერალურ პროკურორის და ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდენილ დოკუმენტებში აღმოჩენილ ხარვეზს.

ფონდ „ღია საზოგადოების" წარმომადგენლის, გიორგი ჩიტიძის ცნობით, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილ განაცხადში უთითებს, რომ კონკრეტულ სასწავლებელში 1993 წლიდან სწავლობდა, ეს სასწავლებელი 1994 წელს დაარსდა.

„მეც ვესწრებოდი ფონდ „ღია საზოგადოების" პრეზენტაციას და ეს ნათქვამი იყო, როგორც ფაქტი - რომ უნივერსიტეტი შეიქმნა კონკრეტულ წელს და დიპლომი გაიცა ერთი წლით გვიან. ამ ფაქტს სჭირდებოდა მოკვლევა საბჭოს მხრიდან.

„საბჭოს უნდა გამოეთხოვა უნივერსიტეტის სადამფუძნებლო, სარეგისტრაციო დოკუმენტები - როდის გატარდა რეგისტრაციაში, როდის დაფუძნდა, როდის მიიღეს პირველი კურსი, საერთოდ როგორ ჩაირიცხა, რა ბრძანებით მოხდა ჩარიცხვა... ანუ, უამრავი დოკუმენტი არსებობს ამისი. ჩვენ ვსაუბრობთ სასწავლებელზე, რომლის ყველა მასალას თავისი თარიღი აქვს. უამრავი დოკუმენტაციაა შესასწავლი და არ ვიცი ეს დოკუმეტაცია ვინმემ თუ შეისწავლა.

„თუ ეს ფაქტი დადასტურდა, ეს სერიოზული დარღვევაა. ეს კანდიდატის დისკვალიფიკაციის საფუძველია და შეიძლება მისი დიპლომი ეჭვქვეშ დადგეს, არა მხოლოდ დიპლომი, არამედ მისი მთავარი პროკურორობაც ეჭქვეშ დადგეს.

„ჩემთვის ნათელი და გასაგებია, რომ „ოცნებას" უნდა მისი პირდაპირი წარმომადგენელი, კადრი იყოს სასამართლოში, მაგრამ, გულახდილად გეტყვით, მან თუ ეს პროცედურები გაიარა და უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე გახდა, ან უნდა იყოს „კლანის" წევრი, ან იზოლირებული, ნომინალური თავმჯდომარე და შეიძლება საბოლოო ჯამში, თუ მან ვერ მოახდინა „კლანში" ინტეგრირება, ნინო გვენეტაძის ბედიც გაიზიაროს.

„გვენეტაძე სწორედ ამიტომ გავიდა ამ „კლანიდან", რომ ის ვერც „კლანის" წევრი გახდა და ვერც „კლანის" მსახური. ამიტომ იძულებული შეიქმნა წასულიყო", - განაცხადა წიქარიშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტისთვის უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატთა სიის არცერთი წევრი „ქართული ოცნებისგან" თავისუფალი არ არის, ამიტომაც მისივე თქმით, დამოუკიდებელი იურისტები პარლამენტს აღნიშნული სიის ჩაგდების წინადადებით მიმართავენ.

„პარლამენტში ველოდები ძალიან ცხარე დებატებს მოსამართლე კანდიდატების მიმართ. მე დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრი ვარ და ჩვენ ვაპირებთ კიდევ მივმართოთ პარლამენტს და მოვითხოვოთ კანდიდატთა სიის სრულად ჩაგდება. საუბარია მაზე, რომ ეს სია შედგენილია კლანური პრინციპით. ამიტომაც სია მთლიანად უნდა ჩავარდეს. აქ არის სერიოზული საფრთხე იმისა, რომ უზენაეს სასამართლო სრულიად მოექცევა კლანის ხელში.

„ანუ, საუბარია იმაზე, რომ მიხეილ ჩინჩალაძე ქვემოდან ზემოთ გააკონტროლებს სისტემას. ის იქნება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მაგრამ არაოფიციალურად და არაფორმალურად სრულად გააკონტროლბს საკასაციო სასამართლოს.

„ვფიქრობ, რომ 20-კაციანი სიის ჩაგდებას გაითვალისწინებს პარლამენტის წევრების ნაწილი, საუბარია ოპოზოციაზე. მგონია, რომ „ქართული ოცნების" დეპუტატთა ნაწილი დაფიქრდება, თუ ვის აბარებს სასამართლო სისტემას.

„საზოგადოებაში არის ერთი თანხმობა, რომ ძველი სასამართლო არ ვარგოდა. ეს მგონი დავას არ იწვევს და არც ის არ იწვევს დავას, რომ ძველ სასამართლოს ჰყავდა მმართველები. ასევე არ იწვევს დავას, რომ ის, ვინც ძველ სასამართლოს მართავდა, იგივე მართავს ახალსაც. დასკვნა ისაა, რომ თუ ძველი არ ვარგოდა, რომელიც შეიქმნა ადეიშვილის და ჩინჩალაძის ხელით და ვერ შეასრულა სამართლიანობის ფუნქცია, ახალი სასამართლო იგივე ხალხის ხელში, იგივე პრინციპებზე აგებული, როგორ იმუშავებს 40 წელი?

„აქ მოსამართლეებს ძირითადად მორჩილების პრინციპით ირჩევენ, რაც უფრო გავლენის ქვეშ ექცევა, მით უფრო მისაღები კადრია მათთვის, ასეთი პრინციპით დაკომპლექტებული სასამართლომ, როგორც წინა ხელისუფლება შეიწირა და გადაიყოლა, ისე გადაიყოლებს ახალ ხელისუფლებასაც. ეს არის ჩემი ვარაუდი", - განაცხადა წიქარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×