ტატა შოშიაშვილი
22.09.2019

 „ჩვენს საგუშაგომდე ოკუპანტები არ მისულან, მაგრამ ინტენსიურად მიმდინარეობს რუსების სტაციონარული საგუშაგოს მშენებლობა. არ არის გამორიცხული, რომ ხაშურში მდებარე დოლომიტის საბადოზეც გამოაცხადონ პრეტენზია, მით უმეტეს, რომ ეს საბადო მათი ე.წ. დასაბრუნებელი ტერიტორიების ნუსხაშია შეტანილი ერთერთ პრიორიტეტად", - ასე შეაფასა ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას" ლიდერმა, დავით ქაცარავამ „რეზონანსთან" საუბრისას სოფელ ჩორჩანას გარშემო განვითარებული მოვლენები, სადაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები თვეზე მეტია იტაცებენ ქართულ ტერიტორიებს.

ქაცარავას ინფორმაციით, ოკუპანტები სამუშაოებს ღამითაც არ წყვეტენ.

„დღე და ღამე მუშაობენ ამაზე. გადანათებული აქვთ ღამღამობით ოკუპირებული სოფელი წნელისი და ღამეც კი მძიმე მანქანები მოძრაობენ წნელისიდან ჩორჩანას გავლით ტყის, ანუ საოკუპაციო საგუშაგოების მიმართულებით. ჩვენ რისი დაფიქსირების საშუალებაც გვაქვს, იქიდან გამომდინარე ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს, რომ სამუშაოები არ ჩერდება", - დასძენს ქაცარავა.

მისივე თქმით, ამ შემთვეაში ახალი ტერიტორიებიც დგება საფრთხის წინაშე, რადგან იმ რუკის არეალში, რომელსაც ოკუპანტები იყენებენ და აცხადებენ, რომ სწორედ მასზე დაყრდნობით უნდა „დაიბრუნონ" მიწები, დოლომიტის საბადოც ექცევა, რომელიც ხაშურის რაიონში მდებარეობს:

„რუკა, რომელზეც ისინი აპელირებენ, გვეუბნება, რომ საბოლოოდ ისინი ჩვენს საგუშაგოსაც მოიქცევენ საოკუპაციო ხაზის შიგნით. ყველაფერთან ერთად, იმ რუკის მიხედვით იმასაც ვხედავთ, რომ ისინი ძალიან მიუახლოვდნენ, ასევე, ხაშურის რაიონის საკუთრებაში არსებულ დოლომიტის საბადოს.

„ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ რაღაც მომენტში მათ დოლომიტის საბადოზეც გამოაცხადონ პრეტენზია, მით უმეტეს, რომ ეს საბადო მათი ე.წ. დასაბრუნებელი ტერიტორიების ნუსხაშია შეტანილი ერთერთ პრიორიტეტად.

„შესაბამისად, იმ სურათიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვაქვს, იქიდან გამომდინარე თუ, როგორ მუშაობენ ისინი და როგორ თმობს პოზიციებს ჩვენი ხელისუფლება, სამწუხაროდ, ეს ძალიან მოსალოდნელიცაა.

„რა თქმა უნდა, გაგვიხარდება, თუ ასე არ მოხდება, მაგრამ ვარაუდი და მოცემულობა გვეუბნება იმას, რომ საფრთხის ქვეშ დოლომიტის საბადოც არის", - განაცხადა დავით ქაცარავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×