ელზა პაპოშვილი
22.09.2019

 პარლამენტი მომავალი კვირიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვას იწყებს, თუმცა კანდიდატების ახალი 20-კაციანი სიის ირგვლივ პრეტენზიები და უკმაყოფილება კვლავ გაისმის. არ არის გამორიცხული, რომ ამ სიის გამო „ოცნებაში“ ახალი შიდა დაპირისპირება დაიწყოს და პარტია სხვა დეპუტატებმაც დატოვონ. „რეზონანსი“ შეეცადა ამასთან დაკავშირებით მმართველი გუნდიდან ვინმეს გასაუბრებოდა, თუმცა ჩვენს ზარებს არავინ უპასუხა. საქმე კი ისაა, რომ 20-კაციანი სიის 5 წევრი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შედგენილი იმ სკანდალური 10-კაციანი, რომელმაც შარშან უკვე გამოიწვია „ოცნებაში“ სერიოზული განხეთქილება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, სიის წევრი გიორგი მიქაუტაძე კანონის და რეგლამენტის დარღვევით არის დარეგისტრირებული, რის გამოც არსებობს სრული საფუძველი, რომ სია არალეგიტიმურად გამოცხადდეს. ასევე ჯანეზაშვილი ამბობს, რომ სიაში მოცემული ყველა კანდიდატი ჩინჩალაძის ყოფილი თანამშრომელია  და ყველა მათგანი მხოლოდ თბილისიდან არიან. მისი აზრით, ესეც კიდევ ერთი დარღვევაა, რადგანაც დაუშვებელია, რომ უზენაეს სასამართლოში რეგიონს არცერთი კანდიდატი არ წარმოადგენდეს.   

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ შაბათს გამართული პრეზენტაციისას ხელისუფლების 10 მთავარ გამოწვევას შორის ერთ-ერთად სასამართლო რეფორმა დაასახელა. მისი თქმით, საშემოდგომო სესიის ფარგლებში სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა განხორციელდება.

პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ რეფორმის მეოთხე ტალღა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნის პროცესს მოიცავს.

„მნიშვნელოვანი თემა არის სასამართლოს რეფორმა. დამოუკიდებელი სასამართლო, სანდო მართლმსაჯულება, ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, საშემოდგომო სესიის ფარგლებში, ჩვენ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას განვახორციელებთ, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი თემები შედის. ეს არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა, სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნის წესი და პროცესი, ამის უკეთ ორგანიზება, უკეთ დარეგულირება, დისციპლინური სამართალწარმოება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულების საკითხები“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტი ორშაბათიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების ინდივიდუალურ განხილვას იწყებს.

თალაკვაძე ამბობს, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება.

„ბუნებრივია, ორშაბათიდან უკვე ვიწყებთ მოსამართლეთა კანდიდატურების განხილვას. უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად გამჭვირვალე, დემოკრატიულ პროცესს. ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება, თვალი ადევნოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს და იმ გადაწყვეტილებებს, რასაც პარლამენტი ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღებს“, – აღნიშნა თალაკვაძემ პრეზენტაციაზე.

ნაზი ჯანეზაშვილი კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მისთვის უცნობია პარლამენტში პირველად ვის გაესაუბრებიან. თუმცა იცის, რომ ორშაბათისთვის ორი კანდიდატურის განხილვა და მათთან გასაუბრება მოხდება. 

ჯანეზაშვილი ამბობს, რომ სიაში ისეთი ადამიანებიც არიან მოხვედრილი, რომლებიც მხოლოდ ფორმალურად არიან და მხოლოდ სიის შემავსებლის ფუნქციას ასრულებენ. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის არის გაკეთებული, რომ ჩინჩალაძის ე.წ. კლანის წარმომადგენლები გავიდნენ.

„ალანიას, გეწაძეს, გაბინაშვილს და სხვა ჩინჩალაძის მეგობრებს დიდი ამბიციები აქვთ. როგორც ჩანს, მოლოდინიც გააჩნიათ, რომ საბოლოოდ უზენაეს სასამართლოში მოხვდებიან. იმ ფონზე კი, როდესაც ეუთომ საკმაოდ მკაცრი დასკვნა მოამზადა, ამ სიის ლეგიტიმურობა კითხვის ქვეშ დგება. 

„დასკვნაში გიორგი მიქაუტაძეზე ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება. ეს ადამიანი თავიდანვე კანონის დარღვევეით დარეგისტრირდა და სამი რეკომენტატორის მაგივრად  ორი მიუთითა. ამ 20-დან თუნდაც ერთი გიორგი მიქაუტაძე დარღვევით რომ იყოს სიაში წარდგენილი, ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესი არალეგიტიმურია“, - აცახდებს ჯანეზაშვილი „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, სიაში მყოფი კანდიდატების უმეტესობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები არიან, სადაც ხელმძღვანელი ჩინჩალაძეა. ამიტომაც ჯანეზაშვილი ამბობს, რომ წარმოუდგენელია ეს ადამიანები სიაში მხოლოდ იმის გამო მოხვედრილიყვნენ, რომ მათ გასაუბრება კარგად გაიარეს. 

იუსტიციის არამოსამართლე წევრი ამბობს, რომ გამორიცხულია ჩინჩალაძის რეკომენდაციის გარეშე ისინი სიაში მოხვედრილიყვნენ. მისი თქმით, 20 კანდიდატიდან 18 ან მოქმედი მაღალჩინოსანია, ან კიდევ მოქმედი მოსამართლე. ანუ გამოდის, რომ სასამართლოს გარეთ მყოფი პირებისთვის კარი არ გახსნილა და ისევ სისტემის წარმომადგენლები არიან სიის დომინანტები. 

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი და დეპუტატი გედევან ფოფხაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ  მმართველმა გუნდმა მოსამართლეების სიაში  იგივე კანდიდატები შეიყვანა, თუმცა საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად რამდენიმე სხვა ადამიანი ფორმალურდ დაამატა. ფოფხაძე ამბობს, რომ მათ გასვლაზე საერთოდ პრეტენზიაც კი არ აქვთ და დიდი აქტიურობით არც გამოირჩევიან. 

მისი აზრით, ეს  ჩვეულებრივი საკონსტიტუციო გადატრიალებაა, როდესაც სასამართლოს ერთი კაცი ჯიბეში იდებს და დარწმუნებულია, რომ პარლამენტი ამის საშუალებას მისცემს. 

„უმრავლესობა ბოლომდე ამ დაკვეთას ასრულებს და საკონსტიტუციო გადატრიალების მომწმენი ვართ. ყველა, ვინც ამაში მონაწილეობს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ, ეს ადამიანები ელემენტარულად ანტიკონსტიტუციურ გადატრიალებას აფორმებენ, რათა ერთი ადამიანის გული მოიგონ. 

„ეს მოსამართლეობის კანდიდატები ამ ყველაფერში უბრალოდ მონაწილეობას იღებენ. ისევ ის ძველი კანდიდატურები არიან, თუმცა თვალის ასახვევად რამდენიმე კაცი დაამატეს. 

„ეს არის ფორმალური სია და ისევ ე.წ. კლანის წევრებს გაიყვანენ. ფაქტი ერთია, რომ ყველა ამ კაცის დაკვეთის შემსრულებელია. მე არავის  „გამპრავებელი“ და ხელის მომწერი არ ვარ. ამიტომაც მხადაჭერას ამ სიას არც გამოვუცხადებ“, - აცახდებს გედევან ფოფხაძე „რეზონანსთან“ საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×