„კატეგორიულად ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით იმიტომ, რომ კონსულტაციები მიდის ჩვენს წრეში. ვინც უმრავლესობიდან წამოსულები ვართ, ერთმანეთს ველაპარაკებით, რომ ჩამოვყალიბდეთ სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც და პოლიტიკური აქტუიურობის ეფექტური გზები გამოვნახოთ“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ეკა ბესელიას პარტიის შესაძლო დატოვებაზე საუბრისას დეპუტატი გედევან ფოფხაძე.
„ვართ რაღაც ცალსახად ჩამოყალიბებულები - არც „ოცნებასთან“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პოლიტიკურ ალიანსზე რაიმე ფორმით თანამშრომლობას არ ვუშვებთ. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ყველა საკითხზე შეიძლება მსჯელობა.
„მე არც ეკა მიმაჩნია იმ ძალად, რომ ამ საერთო კონსესუსის მიღმა დარჩეს და არც სხვები. უბრალოდ, ყველამ უნდა გამოვნახოთ საერთო ენა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ლევან კობერიძეს, ლევან გოგიჩაიშვილს და კობა ნარჩემაშვილს - ჩვენ პირველ რიგში ერთმანეთში უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა ფორმით ვაპირებთ პოლიტიკურ აქტივობას.
„ჩვენ გვინდა სინდისთან მართლები ვიყოთ. აღარ გვინდა ისეთ რაღაც პოლიტიკურ გარიგებებზე წავიდეთ, რომლებიც საზიანო იქნება. საზოგადოების აქტიური სამოქალაქო და პოლიტიკური პოზიციაა მნიშვნელოვანწილად განმსაზღვრელი იმისი, რომ არ იყოს კორუფცია, განუკითხავობა, იყოს სახალხო მთავრობა და არა ივანიშვილის ან სააკაშვილის“, -განაცხადა ფოფხაძემ.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ახლო მომავალში მისი მონაწილეობით ახალი პარტიის შექმნა, ფოფხაძემ გვიპასუხა, რომ ამ ეტაპზე მსგავს რამეს არ აანონსებენ, რადგან მოლაპარაკების პროცესში არიან.
„ამ ეტაპზე მსგავს რამეს არ ვაანონსებთ იმიტომ, რომ ერთმანეთში უნდა გავაგრძელოთ მოლაპარაკება იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ იქნება პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით.
„საარჩევნო საკითხი პოლიტიკურ რეალობას უნდა მოერგოს. თუ ბლოკები ვერ შეიქმნება, თუ ბარიერი არ იქნება, მაშინ პოლიტიკური მიზიდულობა ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა შექმნას, ეს უნდა შექმნას პარტიათა საკოორდინაციო ცენტრმა, ჯგუფმა, რომელიც შექმნის პოლიტიკურ მიზიდულობას,
„ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკური „ქოლგები“ აქვთ და ამ „ქოლგების“ ქვეშ შეყუჟული პარტიები ჰყავთ. ჩვენ თუ მოვახერხებთ იმას, რომ მესამე გაერთიანება გაკეთდეს, რომელიც არც ერთთან და არც მეორესთან არ იქნება ასოცირებული და დაკავშირებული, მიმაჩნია, რომ იმ კოალიციას ექნება მიზიდულობა“, - ამბობს ფოფხაძე.
მისი თქმით, ასევე ძნელად წარმოუდგენია თანამშრომლობა მოძრაობა „ლელოსა“ და მის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძესთან.
„მამუკა ხაზარაძესთან ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარე ბევრი რამ მაპირისპირებს. მე ქალაქ ბორჯომის მაჟორიტარი ვარ, ვიყავი ასევე ბორჯომის გამგებელი 2003 წლამდე, ასევე ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე. ჩვენ ბევრი წინააღმდეგობა გადავიტანეთ მინერალური წყლების კომპანიასთან, როდესაც მამუკა იყო იქ და ბორჯომელებს ბევრი სასაყვედურო გვაქვს მასთან. ეს საკითხები ჩემთვის ძალიან პრინციპულია. ამიტომ, რამდენად მოხერხდება ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობა, არ ვიცი.
„მეორეს მხრივ, ყოველთვის ვაფიქსირებდი, რომ მას როგორც ბიზნესმენს თუ ვინმე უსამართლოდ შეავიწროვებდა, ყველა შემთხვევაში სოლიდარული ვიქნებოდი და მხარს დავუჭერდ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ არცერთი ბიზნესმენი არ უნდა დაჩაგროს.
„საკითხავია, ამ შემთხვევაში მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური გადაწყვეტილება ნაკარნახევია იმითი, რომ ის უსამართლოდ დაჩაგრეს, თუ იმითი, რომ ქვეყანა იჩაგრებოდა ამდენი წლების მანძილზე და საჭირო იყო პოლიტიკური აქტიურობა. ამაზე მე ჩემი კითხვები მექნებოდა. მე მასთან კომუნიკაცია არ მქონია.
„იყო ასეთი შემთხვევაც - როდესაც 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ბადრი ჯაფარიძე ჩამოვიდა ბორჯომში და ტელევიზიით ბორჯომელებს მოუწოდა, რომ გედი ფოფხაძეს ხმა არ მისცეთო. ამას კი არ ვუხსენებ ნიშნის მოგებით... მერე, როდესაც რაიონის გამგებელი გავხდი, ვითანამშრომლეთ კიდეც, მაგრამ მე მაქვს ჩემი პრინციპული პოზიციები.
„მე ბევრ სხვა პოლიტიკურ პარტიებს ვხედავ პოტენციურად, მაგრამ ამაზე წინასწარ საუბარი ადრეა.
„მე და ლევანს (გოგიჩაიშვილს) სულ გვაქვს კომუნკაცია. პარლამენტშიც ერთად ვსხედვართ და სულ ველაპარაკებით ერთმანეთს და თუ ვინმე რამე გადაწყვეტილებას იღებს, რომ „ოცნებიდან“ წამოვიდეს ჩვენ ამაზე ვერანაირ ანონსს წინასწარ ვერავის ვერ მივცემთ, იმიტომ, რომ ეს იმ ხალხის გადასაწყვეტია.
„როდესაც დარბაზში შევდივართ და ძველ კოლეგებს ვესალმებით, შიგადაშიგ ხუმრობით სულ ვეუბნებით - რაღა გინდათ იქ, წამოდით, 2012 წელი აღარ არის დღეს „ოცნებაში“-თქო. შესაძლოა ამას ვიღაცა სერიოზულადაც ფიქრობდეს და ვიღაცა ხუმრობაში გვითვლიდეს.
„ოცნებაში“ განხსვავებული აზრი ბევრს აქვს, მაგრამ, თუ შენ ვერ მოახდენ ამ განსხვავებული აზრის რეალიზაციას, რაღა პოლიტიკოსი ხარ და რა გინდა საერთოდ?!“ - აცხადებს ფოფხაძე.
კითხვას, კონკრეტულად ვინ ფიქრობს „ქართული ოცნებიდან“ წასვლას, ან რამდენს სურს გუნდის დატოვება, ფოფხაძემ პირდაპირი პასუხი არ გასცა.
„სახელებს და გვარებს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გეტყვით. თუ კერძო საუბარში ვინმე რამეს ამბობს, იმას ვერ გავასაჯაროვებ. რა უფლება მაქვს?!“ - აცხადებს ფოფხაძე.