მალხაზ მაჩალიკაშვილმა, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახმა და „გავრილოვის პატიმრების" ოჯახებმა რამდენიმე დღის წინ პარლამენტთან პროტესტის ნიშნად სამი კარავი გაშალეს, ისინი სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით გამოდიან. მაჩალიკაშვილმა კი ოქტომბრის შემდეგ აქციებიც კი დააანონსა.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის უკან კონკრეტული ოპოზიციური პარტია დგას
„მაჩალიკაშვილის არაერთი შეხვედრა დაფიქსირდა „ნაცმოძრაობის" ზოგიერთ ლიდერთან. ვიცით, რომ ისინი აქტიურად მას მხარს უჭერენ. ბუნებრივია, მაჩალიკაშვილს შეუძლია თქვას, რომ მარტოა და მის უკან არავინ არ დგას, მაგრამ ეს ასე არ არის. მას პირადი ტრაგედია აქვს და ამაზე ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი - ეს ფაქტია, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. „ნაცმოძრაობას" და მასთან დაკავშირებულ პარტიებს სჭირდებათ საპროტესტო მუხტი შენარჩუნებული იყოს."-განაცხადა არეშიძემ.
მისივე თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის ხელისუფლებამ გასცეს პასუხი უნდა გასცეს, თუმცა მისივე თქმით, სიმართლე მისთვის სასარგებლო არ იქნება.
„გარკვეული ინფორმაცია მაქვს, რომ დაღუპულმა მაჩალიკაშვილმა იცოდა ვისთან ჰქონდა საქმე. ლოგიკის საფუძველზე ეს ჩემთვის ცნობილია. თუ ხელისუფლებას აქვს ამის თაობაზე ინფორმაცია, რომ თემირლანი ინფორმირებული იყო ჩატაევის საქმიანობაში, ეს ძალიან მკაფიოდ და ზუსტად უნდა ითქვას. მე ვიცი, რომ აქვთ. ყოველ შემთხვევაში, არაოფიციალურ საუბრებში ამას ადასტურებენ.
„მაჩალიკაშვილს თუ სიმართლე უნდა, მაშინ ამ სიმართლეში გადამწყვეტი როლი ენიჭება ხელისუფლებას. ვერ ვხედავ, რომ სიმართლე მაჩალიკაშვილის სასარგებლო იყოს", -აცხადებს არეშიძე.
მან დეკანოზ გიორგი მამალაძისა და „გავრილოვის პატიმრების" საქმეზე ისაუბრა.
„ლოზუნგი, რომ „გახარია გადადგეს" და ანტისაოკუპაციო თემა ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის. ამ ლოგიკით გამოდის, რომ გახარია რომ გადადგება, ოკუპაციაც დამთავრდება? ესე იგი, ეს მოთხოვნა ხელოვნურია. ასეთი მოთხოვნა რომ იყოს, რომ რუსეთის ჯარები გავიდეს საქართველოდან, ან ხელისუფლება გადადგეს, ეს გასაგები იქნება", - განაცხადა არეშიძემ.
რაც შეეხება დეკანოზ მამალაძის საქმეს, არეშიძის თქმით, იმ ვიდეოჩანაწერებიდან გამომდინარე, რაც მას ნანახი აქვს, ვერ იტყვის, რომ დეკანოზი მამალაძე მართალია.