(რეზონანსი) "ქართული ოცნებისა" და სალომე ზურაბიშვილის აქტიური მხარამჭერი, მომღერალი ნინი ქარსელაძე პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებებზე დასმულ კითხვას გაურბის.
"ნიუპოსტი" ქარსელაძეს დაუკავშირდა და პოზიციის დაფიქსირება სთხოვა. თავდაპირველად მომღერალმა გვითხრა რომ "ნინი არ არის". შემდეგ კი აღნიშნა, რომ "საქართველოში არ იმყოფება".
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ნინი ქარსელაძე აქტიურად მართავდა შეხვედრებს მოსახლეობასთან და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. მომღერალმა სხვა კოლეგებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საარჩევნო კლიპში.
მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის 20 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე. პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.
ამასთან, როგორც ირკვევა, პრეზიდენტმა მკვლელობაში მსჯავრდებულების გარდა ნარკორეალიზატორებიც შეიწყალა.